მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (16.07 – 23.07)

60fdb72c8cf22
ეგნატე შამუგია
26.07.21 08:00
1304
ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი გამყარებას განაგრძობს. გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.084 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.119-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 1.13%-იანი გამყარებაა. დოლართან მიმართებით, ლარის გაცვლითი კურსი წინა კვირასაც 0.44%-ით იყო გამყარებული, რაც წინა ორ კვირის მანძილზეც მყარდებოდა. ამდენად, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ზედიზედ ოთხი კვირაა მკვეთრად მყარდება. გამყარება არამხოლოდ ბოლო კვირების არამედ, წინა თვის ტენდენციაც იყო. ივნისში ლარის გაცვლითი კურსი 2.77%-ით გამყარდა, რაც მიმდინარე თვეს %-ია. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან, სომხური დრამის შემდეგ ყველაზე მეტით, 6.35%-ით გამყარებული ვალუტაა.
 
გასულ კვირას გარდა ლარისა, სხვა ვალუტებიც გამყარდა. მათ შორის, ორი მეზობელი ქვეყნის - სომხეთის და რუსეთის ეროვნული ფულის ერთეული. ივლისი მეოთხე სავაჭრო კვირას, შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით სომხური დრამია გამყარებული. კერძოდ, დოლართან მიმართებით დრამის გაცვლითი კურსის გამყარება 2.14%-ია, რაც წინა კვირას 0.25%-ით იყო გამყარებული. მიმდინარე თვეს სომხური ვალუტის კურსი უკვე 2.2%-ით გამყარდა, რაც ივნისში 5.01% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე კი - 7.29%-ს აღწევს. ამავე პერიოდში რუსული რუბლი მხოლოდ 0.16%-ითაა გამყარებული, რაც მიმდინარე თვეს, პირიქით, 0.63%-ითაა გაუფასურებული. გასულ კვირას კი რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 0.23%-ით გამყარდა. გარდა აღნიშნული ვალუტებისა, ივლისის მეოთხე სავაჭრო კვირას კიდევ ერთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - უკრაინის ეროვნული ვალუტა გამყარდა. კერძოდ, გასულ კვირას, დოლართან მიმართებით, უკრაინული გრივნას გამყარებამ 0.69% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას გრივნის გაცვლითი კურსი თითქმის უცვლელი იყო, რადგან დოლართან მიმართებით მხოლოდ 0.01%-ით გაიზარდა. წლის მანძილზე კი უკრაინული ვალუტა 4.55%-ითაა გამყარებული.

ივლისის მეოთხე სავაჭრო კვირას შერჩეული სხვა ვალუტები გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მეტით იაპონური იენი, რომლის გაუფასურებამ 0.44% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ იენი მიმდინარე წელს დოლართან მიმართებით ხშირი გაუფასურებით გამოირჩევა. წლის მანძილზე იაპონური ვალუტა დოლართან მიმართებით 7.12%-ითაა გაუფასურებული, რაც თურქული ლირის შემდეგ ყველაზე მაღალი გაუფასურების ნიშნულია. ამ პერიოდში ლირა 14.95%-იანი გაუფასურებით გამოირჩევა. თუმცა, მიმდინარე თვეს მდგომარეობა შედარებით შეცვლილია, რადგან თვის დასაწყისიდან დღემდე ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.36%-ითაა გამყარებული, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას 0.30%-იანი გაუფასურება დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას ლირა ყველაზე მეტით გამყარებული ვალუტა იყო. ამ პერიოდში, დოლართან მიმართებით, ლირი გამყარება 1.69%-ს შეადგენდა. წინა კვირის მსგავსად, ორი უმსხვილესი ეკონომიკის ვალუტაც, მცირედით, მაგრამ კვლავ გაუფასურდა. ივლისი მეოთხე სავაჭრო კვირას, დოლართან მიმართებით, ევროს გაცვლითი კურსი 0.28%-ითაა გაუფასურებული, ხოლო ბრიტანული სტერლინგის კი - 0.12%-ით.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 16.07 – 23.07 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ იანვარ - მარტში სულ ოთხი ინტერვენცია განახორციელა, რითაც ბაზარზე 160.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც შედარებით თავშეკავებული პოლიტიკა იყო. ეს კი აპრილში შეიცვალა, რადგან 15-დღიან ინტერვალში ზედიზედ ორი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. კერძოდ, აპრილის დასაწყისში ბაზარზე გასაყიდად 40.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 27.5 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა და მეორე კი - აპრილის მეორე კვირის ხუთშაბათს, კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 25.4 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. სებ-მა ბოლო ინტერვენცია აპრილის მეორე კვირას, 30.0 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განახორციელა. აღნიშნული პერიოდის შემდეგ სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ ყოფილა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე, ექვსი ინტერვენციით 242.9 მლნ აშშ დოლარია გაყიდული, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 19.07 - 23.07-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ზედიზედ ხუთი სავაჭრო კვირა ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი შედარებით სტაბილური იყო, მაგრამ ივლისის მეოთხე სავაჭრო კვირას მდგომარეობა შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი გამყარდა, კვირის მანძილზე ყოველდღიური კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.49%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 0.28% იყო. გასულ კვირას შედარებით მაღალი მერყეობა არამხოლოდ ლარს, არამედ სხვა ვალუტებსაც ახასიათებდა. მათ შორის, გამორჩეული სომხური დრამი იყო. თუკი წინა კვირას დრამის მერყეობა მხოლოდ 0.16%-ს შეადგენდა, გასულ კვირას ეს მაჩვენებელი 0.77%-ია. ასეთი მაღალი მერყეობა დრამისთვის 2.14%-იანი გამყარების ფონზე იყო დამახასიათებელი, რადგან სავაჭრო კვირის დასაწყისიდან ყოველდღიური მკვეთრი გამყარებით ხასიათდებოდა. დრამის შემდეგ, მაღალი მერყეობით რუბლი გამოირჩეოდა. ივლისის მეოთხე სავაჭრო კვირის მანძილზე რუბლის ყოველდღიური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.60%-ით იხრებოდა. ასეთი ტენდენცია რუბლს წინა კვირასაც ახასიათებდა, რადგან ამ პერიოდში გაცვლითი კურსი მერყეობა 0.58%-ს აღწევდა.

გასულ კვირას შედარებით სტაბილური ევროს, ჩინური იუანი და ლირა იყო. ივლისის მეოთხე სავაჭრო კვირას, 0.28%-იანი გამყარების ფონზე მხოლოდ 0.11%-ით აიხსნა, რაც 0.27% იყო. ამავე პერიოდში, ჩინური იუანის მერყეობა 0.11% იყო, რაც გასულ კვირას ოდნავ მეტი, 0.15%-იანი ნიშნულია. რაც შეეხება საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - თურქეთის ეროვნულ ვალუტას, ივლისის მეოთხე სავაჭრო კვირას, 0.30%-იანი გაუფასურების პირობებში, ყოველდღიური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.16%-ით მერყეობდა, რაც წინა კვირას 0.58% იყო. ამდენად, საერთო ჯამში, გასულ კვირას შერჩეული ვალუტები შედარებით არასტაბილური იყო, ვიდრე წინა პერიოდში.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 16.07/23.07 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით ივნისის თვეში ცვალებადი ტენდენციით ხასიათდებოდა. გასული თვის პირველ სავაჭრო კვირას საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გამყარებული იყო, როცა მეორე სავაჭრო კვირას სურათი რადიკალურად განსხვავდებოდა, რადგან ლარის გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართ გაუფასურდა. თუმცა, ბოლო ხუთი კვირაა ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი გარდა ორი ვალუტისა, ყველასთან მიმართებით მყარდება. ივლისის მეორე სავაჭრო კვირა ლარი მხოლოდ იაპონურ იენთან, 0.93%-ით იყო გაუფასურებული. წინა კვირას კი ლარი მხოლოდ თურქულ ლირასთან მიმართებით, 0.97%-ით იყო გაუფასურებული. გასულ კვირა ლარის საშუალო შეწონილი კურსი დრამთან და რუბლთან მიმართებით გაუფასურდა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში გაუფასურების ნიშნული მხოლოდ 0.01%-ია, რაც ივლისის მესამე სავაჭრო კვირას 0.53%-იანი გამყარებით იყო. ამავე პერიოდში ლარის გაცვლითი კურსი დრამთანაც, 0.56%-ით იყო გამყარებული, მაგრამ გასულ კვირას საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სომხურ ვალუტასთან 1.68%-ით გაუფასურდა. თავად დრამი კი, დოლართან მიმართებით, შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით, 2.14%-ით გამყარდა. წლის დასაწყისიდან დღემდე 2.27%-ითაა გაუფასურებული. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან ლარი მხოლოდ სომხურ დრამთან მიმართებითაა გაუფასურებული. ხოლო, ყველაზე მეტით თურქულ ლირასთანაა გამყარებული. კერძოდ, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ლირასთან მიმართებით 17.64%-ითაა გამყარებული. გასულ კვირას კი ლარის ლირასთან მიმართებით 1.01%-ით გამყარდა, მაგრამ უფრო მეტით, 1.20%-ით ბრიტანულ სტერლინგთან მიმართებითაა გამყარებული. გარდა სტერლინგისა, ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებითაც მაღალი ნიშნულით, 1.00%-ით გამყარდა. წლის მანძილზე კი გამყარების ნიშნული 9.33%-ია.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. გასულ კვირას, წინა პერიოდის მსგავსად, ლარის ნომინალური ეფექტური კურსი გამყარდა. კერძოდ, ივლისის სავაჭრო კვირას ეფექტური კურსი 0.54%-ითაა გამყარდა, რაც წინა კვირას 0.48%-ით იყო გამყარებული. ეს კი, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ზედიზედ რვაკვირიანი გამყარებაა.

გასულ სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 119.8-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.42%-ს შეადგენდა. ეს კი, ეფექტური ნომინალური კურსის გამყარების ფონზე, წინა პერიოდთან შედარებით ნაკლებ სტაბილურობას მიუთითებს, რადგან ივლისის მესამე სავაჭრო კვირას მერყეობა 0.21%-ს შეადგენდა. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 2.04%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 0.70% იყო გამყარებული. საბოლოოდ, გასულ კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება, ამ პერიოდში იმპორტის ზრდაზე დადებითად აისახება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით.