მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (18.12 – 25.12)

5fe8d3cadeda3
ეგნატე შამუგია
28.12.20 08:00
1157
გასულ კვირას Bloomberg-ის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.268 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.270-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.07%-იანი გამყარებაა, რაც დეკემბრის მეორე კვირას 0.43% იყო, ხოლო მესამე კვირას კი - 0.44%. ამდენად, დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი გამყარება ზედიზედ ოთხი კვირაა გაგრძელდა. ასეთი რამ კი ბოლო პერიოდში იშვიათია. თუმცა, შერჩეული ვალუტებიდან ლარსი გაცვლით კურსზე გაცილებით მეტით თურქული ლირა, წინა კვირის მსგავსად, გამყარდა, რამაც 0.92% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირიას ლირის გამყარება 2.83%-ს აღწევდა. როგორც ჩანს, დეკემბრის მეოთხე სავაჭრო კვირაზეც იქონია წინა პერიოდში თურქეთის ცენტრალური ბანკის ახალი მმართველის მიერ პოლიტიკის ცვლილების დაანონსებამ. დოლართან მიმართებით, გარდა ლარი და თურქული ლირისა, ბრიტანული სტერლინგიც 0.26%-ით გამყარდა, ხოლო დანარჩენი ვალუტები მიმდინარე თვის მეოთხე სავაჭრო კვირას გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მეტით უკრაინული გრივნა (1.24%) და რუსული რუბლი (0.91%). აღსანიშნავია, რომ წინა პერიოდისგან განსხვავებით სომხური დრამის ყოველკვირეული გაუფასურების ტემპი შედარებით ნაკლებია. კერძოდ, გასულ კვირას სომხური დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.27%-ით გაუფასურდა.
 
ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 18.12 – 25.12 (%)

წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

აქვე აღსანიშნავია, რომ გასული სამი კვირის მანძილზე, ლარის გაცვლითი კურსის გამყარების კვალდაკვალ ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე დოლარი არ გაუყიდია, რასაც ბოლო ორი თვის მანძილზე თითქმის ყოველ კვირა ახორციელებდა. ბოლო ინტერვენცია 03 დეკემბერს განახორციელა, სადაც გასაყიდად 25.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 19.8 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. სულ, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ 25 ინტერვენცია განხორციელდა [გაყიდვა], რამაც ჯამში 843.2 მლნ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ბანკს სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი არ შეუსყიდია, რაც 2019 წელს 11-ჯერ, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განახორციელა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 21.12 - 25.12-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

დეკემბრის პირველი სამი სავაჭრო კვირის მსგავსად, დოლართან მიმართებით, გასულ კვირას ლარის გაცვლითი კურსი ნაკლებად მერყევი იყო. კერძოდ, სავაჭრო კვირის მანძილზე ლარის კურსი შერჩეული ვალუტებიდან ყველა ნაკლები მერყეობით ხასიათდებოდა. აღნიშნულ პერიოდში საშუალოსთან მიმართებით გადახრა 0.09%-ს ფარგლებშია, რაც დეკემბრის მეორე და მესამე კვირა 0.18% და 0.02% იყო. ეს კი ბოლო ერთი თვის მანძილზე დოლართან მიმართებით ლარის შედარებით სტაბილურობას ასახავს. სხვა ვალუტებიდან კი, უმეტესობას დოლართან მიმართებით სტაბილურობა ახასიათებდა, გარდა რუსული რუბლისა. მიმდინარე თვის მეოთხე სავაჭრო კვირას რუბლი 0.91%-იანი გაუფასურებითა და 1.05%-იანი მერყეობით გამოირჩევა. ამ უკანასკნელთან ნაკლები, მაგრამ 0.42%-იანი მერყეობა, 1.24%-იანი გაუფასურების პირობებში, უკრაინულმა გრივნამაც აჩვენა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 18.12/25.12 (%)
წყარო: ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

გასულ კვირას, სხვა ვალუტებთან მიმართებით ლარი შედარებით სტაბილური იყო და უმეტეს შემთხვევაში გამყარდა. დეკემბრის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებით ყველაზე მეტით, 0.66%-ით გამყარდა და 1.64%-ით ლირასთან მიმართებით გაუფასურდა. ეს კი თავად ამ უკანასკნელის ბოლო პერიოდის უფრო მეტად გამყარებას უკავშირდება, ვიდრე დოლართან მიმართებით ლარის კურსის. გარდა, თურქული ლირისა, ამავე პერიოდში ლარი ბრიტანულ სტერლინგთან მიმართებით 0.17%-ითაა გაუფასურებული. სხვა დანარჩენ ვალუტებთან მიმართებით კი - ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალოდ 0.19%-ითაა გამყარებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილ მაჩვენებელია. გასული კვირის ბოლოს, წინა სავაჭრო კვირისგან განსხვავებით, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გამყარდა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ეფექტური კურსის 0.14%-იანი გამყარება დაფიქსირდა, რაც მიმდინარე თვის მესამე კვირას 0.43%%-ით იყო გაუფასურებული. გასულ კვირას ეფექტური ნომინალური კურსის გამყარება დიდწილად რუსული რუბლის და უკრაინული გრივნის გაუფასურებას უკავშირდება, რადგან ეს ორი ქვეყანა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია. დეკემბრის მეოთხე სავაჭრო კვირის მანძილზე ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 111.6 ნიშნულზე იყო, რომელის მერყეობა 0.29%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი, საშუალოსთან მიმართებით ეფექტური კურსის ინდექსის მერყეობა 0.13%-ს აღწევდა. ეს კი ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის ბოლო სამკვირიან სტაბილურობას მიუთითებს, რაც მნიშვნელოვანი საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასულ კვირას ნომინალური ეფექტური კურსის საშუალო მაჩვენებელი 6.19%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 5.83% იყო.
საერთო ჯამში, ბოლო ხუთი კვირის მანძილზე ლარის გაცვლითი კურსი დოლართან და სხვა შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით მეტნაკლებად სტაბილურია, ვიდრე წინა პერიოდში. თუმცა, გასულ კვირას, წინა მესამე სავაჭრო კვირის მსგავსად, ძირითად სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან - ლირასთან მიმართებით ლარის გაცვლითი კურის გაუფასურდა. თავის მხრივ, ლირა ადრეული პერიოდისგან განსხვავებით, ბოლო ორი კვირა დოლართან მიმართებით მყარდება. რაც შეეხება დოლართან მიმართებით ლარის გაცვლით კურსს - დეკემბრის დასაწყისიდან გამყარებას განაგრძობს, რაც 1.59%-ს შეადგენს.