30.ნოემბერი .2020 08:00

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (20.11 – 27.11)

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (20.11 – 27.11)
views 510
უკან

გასულ კვირას Bloomberg-ის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.316 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.311-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.17%-იანი გაუფასურებაა. აღნიშნულ პერიოდში, შერჩეული ვალუტებიდან [სავაჭრო პარტნიორები] დოლართან მიმართებით ევრო (0.90%) რუბლი (0.29%) და სტერლინგი (0.23%) გამყარდა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას ყველაზე მეტად გაუფასურებული რუსული რუბლი იყო, რომლის გაცვლითი კურსის გაუფასურება 1.28%-ს შეადგენდა. გარდა ლარისა, გასულ კვირას დოლართან მიმართებით თურქული ლირა, სომხური დრამი, უკრაინული გრივნა და ჩინური იუანიც გაუფასურდა.
 
ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 20.11 – 27.11 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, ოთხშაბათს, წინა პერიოდის მსგავსად ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია კვლავაც განახორციელა. კერძოდ, 25 ნოემბერს სავალუტო ბაზარზე 46.55 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც მიმდინარე წელს სებ-ის რიგით 24-ე ინტერვენციაა [გაყიდვა]. საერთო ჯამში, 2020 წელის მანძილზე სებ-ის მიერ სავალუტო ბაზარზე ჯამში 823.4 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამავე პერიოდში, ეროვნული ბანკს სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი არ შეუსყიდია, რაც 2019 წელს 11-ჯერ, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განახორციელა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 23.11 - 27.11-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

წინა პერიოდთან შედარებით, ლარის კურსი უფრო ნაკლებად მერყეობდა. კერძოდ, სავაჭრო კვირის მანძილზე ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.08%-ით იხრებოდა, რაც წინა პერიოდში 0.20% იყო. ეს კი ბოლო ორი კვირის მანძილზე დოლართან მიმართებით ლარის შედარებით სტაბილურობას ასახავს. ამავე პერიოდში შედარებით სტაბილური ჩინური იუანი (0.10%), გირვანქა სტერლინგი (0.22%) და უკრაინული გრივნა (0.29%). თუმცა, ეს უკანასკნელი წინა კვირასთან შედარებით 0.74%-ით გაუფასურდა. ყველაზე მეტით კი დოლართან მიმართებით თურქული ლირა გაუფასურდა, რამაც 2.59% შეადგინა, ხოლო მერყეობა კი 0.79%-ს აღწევდა. გარდა ლირისა, წინა პერიოდის მსგავსად გაუფასურებას განაგრძობდა სომხური დრამი. კერძოდ, 0.49%-იანი მერყეობით, სომხური დრამის გაცვლითი კურსი 1.43%-ით გაუფასურდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 20.11/ 27.11 (%)
წყარო: ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

გასულ კვირას, წინა პერიოდთან შედარებით ლარი შედარებით სტაბილური იყო ყველა ვალუტასთან მიმართებით. აღნიშნულ პერიოდში ლარის გაცვლითი ნომინალური კურსი შერჩეულ 6 ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა, მაგრამ წინა კვირის გაუფასურებასთან შედარებით ნაკლებით. ამავე პერიოდში, ლარის სამ ვალუტასთან - გრივნა, დრამი და ლირასთან მიმართებით გამყარდა. აღნიშნული ვალუტები კი, თავის მხრივ, დოლართა მიმართებით ყველაზე მეტითაა გაუფასურებული. მათგან ლარი ყველაზე მეტით ლირასთან მიმართებით, 2.84%-ით გამყარდა, ხოლო ყველაზე მეტად ევროსთან მიმართებით, 0.84%-ით გაუფასურდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილება გავლენას ახდენს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითი გავლენა აქვს ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია. გასული კვირის ბოლოს, წინა სავაჭრო კვირის პერიოდთან შედარებით ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.27%-ით გამყარდა, რაც წინა პერიოდში უცვლელი იყო. უშუალოდ გასულ კვირის დასაწყისში ნომინალური გაცვლითი კურსის ინდექსი წინა დღესთან შედარებით გამყარებით ხასიათდებოდა, რაც სავაჭრო კვირის ბოლოსკენ გაუფასურებით შეიცვალა. გასული კვირას ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.2%-ითაა გაუფასურებული, რაც მიმდინარე წლის ნოემბრის თვის მე-3 სავაჭრო კვირას [2019 წელთან შედარებით] 3.9%-ით იყო გაუფასურებული. 
საერთო ჯამში, ნოემბრის ბოლო სავაჭრო კვირის მანძილზე ლარის გაცვლითი კურსი დოლართან და სხვა შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით შედარებით სტაბილური იყო, ვიდრე წინა პერიოდში. ამ პერიოდში, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 0.17%-ით გაუფასურდა, რაც კვირის ბოლო ორ დღეს უკავშირდება, ხოლო უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ვალუტასთან [გარდა რუბლი] გამყარდა. შედეგად, გასულ კვირას ლარის ნომინალური ეფექტური კურსი 0.27%-იანი გამყარება დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა