მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (23.07 – 30.07)

6106ffcd6d158
ეგნატე შამუგია
01.08.21 08:00
1269
ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი გამყარების რამდენიმეკვირიანი ტენდენცია შეიცვალა. გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.110 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.084-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.85%-იანი გაუფასურებაა. დოლართან მიმართებით, ლარის გაცვლითი კურსი წინა კვირას 0.44%-ით იყო გამყარებული, რაც წინა ორ კვირის მანძილზეც მყარდებოდა. ამდენად, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ზედიზედ ოთხკვირიანი მკვეთრი გამყარება, გასულ კვირას გაუფასურებით შეიცვალა. მთლიანად გასულ თვის მანძილზე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.32%-ით გამყარდა, რაც ივნისში 2.77% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 5.56%-ითაა გამყარებული, რაც სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან, სომხური დრამი და უკრაინული გრივნას შემდეგ ყველაზე მაღალია.
 
აღნიშნულ პერიოდში, სომხური დრამი გამორჩეულია, რადგან ყველაზე მეტით, 6.92%-ითაა გამყარებული. გასულ თვეს კი დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი გამყარებამ 1.90% შეადგინა. ივლისის ბოლო სავაჭრო კვირას ამ მხრივ გამორჩეული არ ყოფილა, რადგან გარდა ლარისა, ამ პერიოდში, დრამიც გაუფასურდა. კერძოდ, გასულ კვირას, დოლართან მიმართებით, დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.40%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირას ყველაზე მეტით, 2.14%-ით იყო გამყარებული. წლიურ ჭრილში, გარდა დრამისა, უკრაინული გრივნაც გამოირჩევა. კერძოდ, წლის დასაწყისიდან დღემდე უკრაინის ეროვნული ვალუტა 5.58%-ითაა გამყარებული, რაც დიდწილად ივლისის თვის 2.11%-იან გამყარებას უკავშირდება. გასულ კვირას გრივნის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.07%-ით გამყარდა, რაც წინა კვირასაც 0.69%-ით იყო გამყარებული. ამდენად, მეორე კვირას უკრაინის ეროვნული ვალუტა მყარდება და ეს ნიშნული მაღალია. თუმცა, ივლისის ბოლო კვირას საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი - თურქეთის ეროვნული ვალუტა უფრო მეტით, 1.16%-ით გამყარდა. წინა კვირას თურქული ვალუტის გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 0.30%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, ლირა შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტითაა გაუფასურებული. ამ პერიოდში, დოლართან მიმართებით, ლირის ნომინალური გაცვლითი კურსის 13.62%-იანი გაუფასურებაა.

ივლისის ბოლო სავაჭრო კვირას რუსული რუბლიც გამყარდა. გასულ კვირას რუბლის გაცვლითი კურსის გამყარებამ 1.00% შეადგინა, რაც ივლისის მეოთხე სავაჭრო კვირას 0.23% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, რუსული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 1.16%-ითაა გამყარებული. რაც შეეხება ევროპის ორ უმსხვილეს ვალუტას, გასულ კვირას ევრო და ბრიტანული სტერლინგის მდგომარეობა გაუმჯობესდა. რამდენიმე კვირიანი მცირედი გაუფასურების შემდეგ, გასულ კვირას ორივე ვალუტა გამყარდა. კერძოდ, ივლისის ბოლო კვირას, დოლართან მიმართებით, ბრიტანული სტერლინგი 1.10%-ითაა გამყარებული, ხოლო ევრო კი - 0.80%-ით. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე, სტერლინგი 1.68%-ით გამყარებულია მაშინ, როცა ევრო, ამ პერიოდში, 2.93%-ით გაუფასურებულია.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 23.07 – 30.07 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ იანვარ - მარტში სულ ოთხი ინტერვენცია განახორციელა, რითაც ბაზარზე 160.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც შედარებით თავშეკავებული პოლიტიკა იყო. ეს კი აპრილში შეიცვალა, რადგან 15-დღიან ინტერვალში ზედიზედ ორი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. კერძოდ, აპრილის დასაწყისში ბაზარზე გასაყიდად 40.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 27.5 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა და მეორე კი - აპრილის მეორე კვირის ხუთშაბათს, კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 25.4 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. სებ-მა ბოლო ინტერვენცია აპრილის მეორე კვირას, 30.0 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განახორციელა. აღნიშნული პერიოდის შემდეგ სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ ყოფილა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე, ექვსი ინტერვენციით 242.9 მლნ აშშ დოლარია გაყიდული, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 26.07 - 30.07-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ზედიზედ ხუთკვირიანი სტაბილურობის შემდეგ, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი უკვე მეორე კვირაა შედარებით არასტაბილურია. თუკი ივლისის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, 1.13%-იანი გამყარების ფონზე 0.49%-ით მერყეობდა, გასულ კვირას ყოველდღიური კურის საშუალოსთან მიმართებით 0.44%-ით იხრებოდა. ეს კი გაუფასურების ფონზე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის გაცილებით მეტად არასტაბილურობას მიუთითებს. აღნიშნული პერიოდში, ლარი რიგით მეორე მაღალი მერყეობის მქონე ვალუტა იყო. გასულ კვირას ყველაზე მაღალი მერყეობით თურქული ლირა გამოირჩეოდა. კერძოდ, კვირის მანძილზე ყოველდღიური კურსი საშუალოსთან მიმართებით, 0.66%-ით ირხეოდა, რაც წინა კვირას 0.16% იყო. ამდენად, ივლისის ბოლო კვირას თურქული ვალუტა, 1.16%-იანი გამყარების ფონზე, მაღალი მერყეობით გამოირჩეოდა. წინა კვირას მაღალი მერყეობით სომხური დრამი იყო გამორჩეული, რადგან ივლისის მეოთხე კვირას დრამის ყოველდღიური გაცვლითი კურსის ნიშნული საშუალოსთან მიმართებით 0.77%-ით იხრებოდა, რაც ივლისის ბოლოს გაცილებით სტაბილური იყო. გასულ კვირას, დრამის მერყეობამ 0.34% შეადგინა. დაახლოებით ამავე ნიშნულით მერყეობდა ჩინური იუანი, ევრო, სტერლინგი, უკრაინული გრივნა და იაპონური იენი.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 23.07/30.07 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით ივნისის თვეში ცვალებადი ტენდენციით ხასიათდებოდა. ამ თვის პირველ სავაჭრო კვირას საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გამყარებული იყო, როცა მეორე სავაჭრო კვირას სურათი რადიკალურად განსხვავდებოდა, რადგან ლარის გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართ გაუფასურდა. თუმცა, ბოლო ხუთი კვირის მანძილზე ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი გარდა ორი ვალუტისა, ყველასთან მიმართებით მყარდებოდა. ივლისის მეორე სავაჭრო კვირა ლარი მხოლოდ იაპონურ იენთან, 0.93%-ით იყო გაუფასურებული. ივლისის მესამე სავაჭრო კვირას კი ლარი მხოლოდ თურქულ ლირასთან მიმართებით, 0.97%-ით იყო გაუფასურებული. წინა კვირა ლარის საშუალო შეწონილი კურსი დრამთან და რუბლთან მიმართებით გაუფასურდა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში გაუფასურების ნიშნული მხოლოდ 0.01% იყო. ამავე პერიოდში ლარის გაცვლითი კურსი დრამთან 1.68%-ით იყო გაუფასურებული. თავად დრამი კი, დოლართან მიმართებით, შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით, 2.14%-ით გამყარდა.

ივლისის ბოლო კვირას მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, რადგან ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა. ამ პერიოდში ყველაზე მეტით ბრიტანულ სტერლინგთან, ხოლო ყველაზე ნაკლებით სომხურ დრამთანაა გაუფასურებული. კერძოდ, გასულ კვირას ლარი დრამთან მიმართებით 0.04%-ით გაუფასურდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 2.30%-ია. ამ პერიოდში ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სტერლინგთან მიმართებით 2.55%-ითაა გამყარებული, მაგრამ გასულ კვირას ყველაზე მეტით, ბრიტანულ ვალუტასთან მიმართებით 2.53%-ით გაუფასურდა. სტერლინგის შემდეგ კი გაუფასურების მაღალი ნიშნული თურქულ ლირასთანაა. თუკი წინა კვირას ლარის ლირასთან მიმართებით 1.01%-ით გამყარებული იყო, ივლისის ბოლო სავაჭრო კვირას 2.48%-ით გაუფასურდა. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის ყველაზე მეტით სწორედ ლირასთან, 15.59%-ითაა გამყარებული. ლირის შემდეგ კი, ყველაზე მაღალი, 7.60% ევროსთანაა. გასულ კვირას კი ლარის შეწონილი გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებით 1.90%-ით გაუფასურდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. თუკი წინა პერიოდში ლარის გაცვლითი კურსი შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით მყარდებოდა, ეს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის მკვეთრ გამყარებაშიც აისახა. მდგომარეობა ამ კუთხითაც შეიცვალა. გასულ კვირას ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.51%-ით გაუფასურდა. ეს კი ნომინალური ეფექტური კურსის ზედიზედ რვაკვირიანი გამყარების ტენდეციის მკვეთრი ცვლილებაა.

გასულ სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 119.2-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.91%-ს შეადგენდა. ეს კი, ეფექტური ნომინალური კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, წინა პერიოდთან შედარებით მკვეთრ არასტაბილურობას მიუთითებს, რადგან ივლისის მეოთხე სავაჭრო კვირას მერყეობა 0.42%-ს შეადგენდა. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 1.74%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 2.04% იყო გამყარებული. საბოლოოდ, გასულ კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურება, ამ პერიოდში ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება, ხოლო იმპორტზე კი, პირიქით.