მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (25.06 – 02.07)

60e07220382d9
ეგნატე შამუგია
05.07.21 08:00
1063
გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.156 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.143-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.41%-იანი გაუფასურებაა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას დოლართან მიმართებით ლარის კურსი 0.70%-ით იყო გამყარებული, ხოლო ივნისის მესამე სავაჭრო კვირას 0.47%-ით გაუფასურებული. ამდენად, ზედიზედ ხუთკვირიანი გამყარების შემდეგ, ბოლო სამი კვირაა ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ტენდენცია ცვალებადია. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 4.16%-ითაა გამყარებული, რაც მაისში თვეში 5.45%-ს აღწევდა და ივნისში კი - 2.77%-ს. ივნის-ივლისის საზიარო სავაჭრო კვირას გარდა ლარისა, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან ზოგიერთიც გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მეტით რუსული რუბლი. გასულ კვირას, დოლართან მიმართებით, რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.51%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირას 1.19%-ით იყო გაუფასურებული. გასულ თვეს კი რუსეთის ეროვნული ვალუტა 0.62%-ით გამყარდა, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე 1.20%-იანი გამყარებაა. რუბლის შემდეგ, ყველაზე მეტით ევრო გაუფასურდა. კერძოდ, ივნის-ივლისის საზიარო სავაჭრო კვირას ევროს ნომინალური გაცვლითი კურსი 0.60%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 0.61%-ით იყო გამყარებული. ამდენად, ევროს გაცვლითი კურსის ზედიზედ ორკვირიანი გამყარების ტენდენცია შეიცვალა. მსგავსად ევროსი, ასეთივე ტენდენცია გააჩნდა ბრიტანულ სტერლინგსაც. წინა ორი კვირის გამყარების შემდეგ, გასულ კვირას სტერლინგს ნომინალური გაცვლითი კურსი 0.40%-ით გაუფასურდა.
 
ზემოთ ჩამოთვლილი ვალუტების გარდა, გასულ კვირას ჩინური იუანი და უკრაინული გრივნაც გაუფასურებულია. ივნის-ივლისის საზიარო სავაჭრო კვირას ჩინური ვალუტა, დოლართან მიმართებით, 0.26%-ით გაუფასურდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 0.83%-ითაა გამყარებული, მაგრამ გასულ თვეს 1.19%-ით იყო გაუფასურებული. გრივნა კი, პირიქით, ივნისში 0.52%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, უკრაინის ეროვნული ვალუტა 3.33%-ითაა გამყარებული. რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, გასულ კვირას გრივნის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 0.23%-ით გაუფასურდა. ოდნავ მეტით, 0.27%-ით იაპონური იენია გაუფასურებული, რომელიც წლის დასაწყისიდან დღემდე 7.61%-ითაა გაუფასურებული.

გამყარების კუთხით კი, გასულ კვირას ორი ვალუტა - თურქული ლირა და სომხური დრამი გამოირჩეოდა. ივნის-ივლისის საზიარო სავაჭრო კვირას ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.83%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 0.34%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, თურქეთის ეროვნული ვალუტა 16.83%-ითაა გაუფასურებული. საპირისპირო სურათია დრამთან დაკავშირებით. წლის დასაწყისიდან დღემდე, სომხეთის ეროვნული ვალუტა, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან, ყველაზე მეტით, 5.08%-ითაა გამყარებული. რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი ზედიზედ ხუთი კვირაა მყარდება. წინა კვირას დრამის გამყარების ნიშნული, შერჩეულ ვალუტებს შორის, ყველაზე მაღალი, 2.88% იყო, ხოლო გასულ კვირას სომხური ვალუტის გამყარებამ 0.82% შეადგინა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 25.06 – 02.07 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ იანვარ - მარტში სულ ოთხი ინტერვენცია განახორციელა, რითაც ბაზარზე 160.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც შედარებით თავშეკავებული პოლიტიკა იყო. ეს კი აპრილში შეიცვალა, რადგან 15-დღიან ინტერვალში ზედიზედ ორი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. კერძოდ, აპრილის დასაწყისში ბაზარზე გასაყიდად 40.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 27.5 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა და მეორე კი - აპრილის მეორე კვირის ხუთშაბათს, კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 25.4 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. სებ-მა ბოლო ინტერვენცია აპრილის მეორე კვირას, 30.0 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განახორციელა. აღნიშნული პერიოდის შემდეგ სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ ყოფილა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე, ექვსი ინტერვენციით 242.9 მლნ აშშ დოლარია გაყიდული, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 28.06 - 02.07-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ზედიზედ მესამე სავაჭრო კვირაა ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი შედარებით სტაბილურია. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ნომინალური კურსი გაუფასურდა, სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური კურსის ნიშნული საშუალოსთან მიმართებით მხოლოდ 0.09%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 0.18%-ს აღწევდა, ხოლო ივნისის მესამე სავაჭრო კვირას კი - 0.30%-ს. ადრეულ პერიოდში, ივნისის მეორე სავაჭრო კვირას კი, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის მერყეობა 1.98%-ს შეადგენდა. ამდენად, გაცვლითი კურსის მერყეობა ბოლო სამი კვირა სტაბილიზაციის მიმართულებით ხასიათდებოდა. გარდა ლარისა, გასულ კვირას დაბალი მერყეობა ჩინურ ვალუტასაც ახასიათებდა. კერძოდ, ივნის-ივლისის საზიარო კვირის მანძილზე იუანის ყოველდღიური გაცვლითი კურსის ნიშნული საშუალოსთან მიმართებით 0.11%-ით იხრებოდა. არასტაბილურობის მხრივ კი, რუბლი გამოირჩევა. გასულ კვირას, რუბლის 1.51%-იანი გაუფასურების, ფონზე ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი 0.62%-ით მერყეობდა. ამდენად, ივნის-ივლისის საზიარო სავაჭრო კვირას რუსეთი ეროვნული ვალუტა, ერთი მხრივ, ყველაზე მეტით გაუფასურდა და მეორე მხრივ, ყველაზე მეტით მერყეობდა. ამდენად, რუბლი გასული კვირის ყველაზე არასტაბილური ვალუტაა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 25.06/02.07 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით ივნისის თვეში ცვალებადი ტენდენციით ხასიათდებოდა. გასული თვის პირველ სავაჭრო კვირას საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გამყარებული იყო, როცა მეორე სავაჭრო კვირას სურათი რადიკალურად განსხვავდებოდა, რადგან ლარის გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართ გაუფასურდა. თუმცა, წინა ორი კვირა, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელი შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით გამყარდა, გარდა სომხური დრამისა. გასულ კვირას, ივნისის მესამე და მეოთხე სავაჭრო კვირის მსგავსად, ლარის გაცვლით კურსი ყველაზე მეტით კვლავ სომხურ დრამთან მიმართებით გაუფასურდა. წინა ორი სავაჭრო კვირა ლარის კურსი, დრამთან მიმართებით, 1.01% და 2.61%-ებით იყო გაუფასურებული. გასულ კვირას კი ეს მაჩვენებელი 0.93%-ია. თავის მხრივ, გასულ კვირას, დოლართან მიმართებით, სომხური ვალუტა 0.82%-ით გამყარდა. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელი, დრამთან მიმართებით, 1.81%-ითაა გაუფასურებული, ხოლო თავად დრამი, დოლართან მიმართებით, 5.08%-ით გამყარებული.

განსხვავებით წინა ორი კვირისა, გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი არამხოლოდ დრამთან, არამედ შერჩეული ვალუტებიდან ზოგიერთთანაც გაუფასურებულია. მსგავსად დრამისა, გასულ კვირას ლარის კურსის კიდევ ერთ მეზობელი და უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - აზერბაიჯანის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებითაც გაუფასურდა. კერძოდ, ივნის-ივლისის საზიარო კვირას, ლარის გაცვლითი კურსის აზერბაიჯანულ მანათთან მიმართებით 0.25%-ითაა გაუფასურებული, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე 3.83%-ითაა გამყარებული. გასულ კვირას ლარის კურსი უკრაინულ გრივნა და თურქულ ლირასთან მიმართებითაც გაუფასურდა. ივნის-ივლისის საზიარო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი გრივნა და ლირასთან, მცირედით, 0.09% და 0.08%-ებით გაუფასურდა. ამავე პერიოდში, ლარის კურსი ყველაზე მეტით რუსულ რუბლთან მიმართებით გამყარდა, რომელიც დოლართან მიმართებით, ყველაზე მეტით, 1.51%-ითაა გაუფასურებული. გასულ კვირას, ლარის გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებით 1.65%-ითაა გამყარებული, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე კი - 2.26%-ით. რუბლის გარდა ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ევრო და სტერლინგთანაც გამყარებულია. კერძოდ, გასულ კვირას ლარის გაცვლითი კურსი ევროსთან 0.60%-ით გამყარდა, ხოლო უფრო მეტით, 0.86%-ით კი, ბრიტანულ სტერლინგთან მიმართებით.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. გასულ კვირას, წინა პერიოდის მსგავსად, ლარის ნომინალური ეფექტური კურსი გამყარდა. კერძოდ, ივნის-ივლისის საზიარო სავაჭრო კვირას ეფექტური კურსი 0.27%-ითაა გამყარდა, რაც წინა კვირას 0.40%-ით იყო გამყარებული. ეს კი, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ზედიზედ ხუთკვირიანი გამყარებაა.

გასულ სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 117.5-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.21%-ს შეადგენდა. ეს კი, ეფექტური ნომინალური კურსის გამყარების ფონზე, წინა პერიოდთან შედარებით ნაკლებ სტაბილურობას მიუთითებს, რადგან ივნისის მეოთხე სავაჭრო კვირას მერყეობა 0.16%-ს შეადგენდა. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 0.81%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 0.26% იყო. საბოლოოდ, გასულ კვირას, წინა პერიოდთან შედარებით, ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება, ამ პერიოდში იმპორტის ზრდაზე დადებითად აისახება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით.