მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (25.12 – 01.01)

5ff1c7797417a
ეგნატე შამუგია
04.01.21 08:00
1871
გასულ კვირას Bloomberg-ის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.293 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.268-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.77%-იანი გაუფასურებაა. სავაჭრო კვირის დასასრული კი 2021 წლის პირველი დღე იყო, როცა დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ზედიზედ ოთხკვირიანი გამყარების ტენდენცია შეიცვალა. კერძოდ, დეკემბრის მეორე და მესამე სავაჭრო კვირას ლარი გაცვლითი კურსი 0.43% და 0.44% -ებით გამყარდა, ხოლო მეოთხე კვირას კი - 0.07%-ით. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას შერჩეული ვალუტებიდან მხოლოდ ლარი გაუფასურდა, დანარჩენი კი გამყარდა. მათ შორის, ყველაზე მეტით თურქული ლირა, რასაც ადრეული გაუფასურების შემდეგ, ზედიზედ მესამე კვირაა გამყარების მკვეთრი ტენდენცია ახასიათებს. ლირის გამყარება კი დიდწილად მისი ემისიის უფლების მქონე ინსტიტუტის - თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ცვლილებას და რადიკალურად განსხვავებული ახალი მონეტარული პოლიტიკის დაანონსებას შეიძლება დავუკავშიროთ, რამაც ბაზარზე ოპტიმისტური მოლოდინები შექმნა. გასულ კვირას დოლართან მიმართებით ლირის გაცვლითი კურსი 1.51%-ით გამყარდა, რაც დეკემბრის მეოთხე კვირას 0.92%-ს შეადგენდა, ხოლო მესამე კვირას კი - 2.83%-ს. გარდა ამ უკანასკნელისა, ევროს შემთხვევაშიც გამყარების ნიშნული მაღალია. გასულ კვირას ევრო დოლართან მიმართებით 0.87%-ით გამყარდა, ხოლო ბრიტანული სტერლინგი კი - 0.77%-ით. რაც შეეხება საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - რუსეთის ეროვნულ ვალუტას, რუბლის გაცვლითი კურსის მცირედი, 0.11%-იანი გამყარება დაფიქსირდა, რითაც მეოთხე სავაჭრო კვირის ტენდენცია შეიცვალა. წინა პერიოდში, დოლართან მიმართებით რუსული რუბლის გაცვლითი კურსი 0.91%-ით იყო გაუფასურებული, ხოლო უკრაინული გრივნა შედარებით მეტით, 1.24%-ით. მსგავსად რუბლისა, გასულ კვირას გრივნაც მცირედით, 0.10%-ით გამყარდა. რაც შეეხება ბოლო ორთვიან პერიოდში ყველაზე მკვეთრი გაუფასურების ტენდენციის მქონე სომხურ დრამს, გასულ კვირას ბოლო ვაჭრობა 30 დეკემბერს შედგა. ამ პერიოდის მდგომარეობით, დოლართან მიმართებით დრამი 0.19%-ით გამყარდა.
 
ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 25.12 – 01.01 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

გასულ კვირას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე თავშეკავებულობა დაარღვია და 30 დეკემბერს 30.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც 2020 წელს სებ-ის რიგით 26-ე ინტერვენცია იყო. საერთო ჯამში, 2020 წელს სებ-მა 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, ხოლო ამავე პერიოდში მას ბაზარზე დოლარი არ შეუსყიდია, განსხვავებით 2019 წლისა. 2019 წელს ცენტრალურმა ბანკმა 11-ჯერ, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარის შესყიდვა განახორციელა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 28.12 - 01.01-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ლარის გაცვლითი კურსის ოთხკვირიანი გამყარების ტენდენცია დაირღვა, მერყეობის ნაწილში უცვლელი დარჩა. დეკემბრის ბოლო სავაჭრო კვირას, წინა პერიოდის მსგავსად დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის მერყეობა შედარებით ნაკლები იყო. კერძოდ, სავაჭრო კვირის მანძილზე საშუალოსთან მიმართებით გადახრამ 0.29% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ ლარი ერთადერთი ვალუტა არ ყოფილა, რადგან სხვა შერჩეულ ვალუტებსაც ნაკლები მერყეობა ახასიათებდათ, თუ არ ჩავთვლით ბრიტანულ სტერლინგს. გასულ კვირას, დოლართან მიმართებით, სტერლინგის მერყეობამ 0.68% შეადგინა, რაც შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მაღალია. ყველაზე ნაკლებად მერყევი კი ჩინური იუანი იყო, რომელიც 0.22%-ით გამყარდა, ხოლო საშუალოდან გადახრამ 0.09% შეადგინა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 25.12/01.01 (%)
წყარო: ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

გასულ კვირას, ლარის არამხოლოდ დოლართან მიმართებით, არამედ სხვა შერჩეულ ვალუტებთან გაუფასურდა, გარადა რუსული რუბლისა. ამ უკანასკნელთან ლარის შეწონილი გაცვლითი კურსი 0.78%-ით გამყარდა. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის მეოთხე კვირას ლარი მხოლოდ ორ ვალუტასთან - ლირა და სტერლინგთან მიმართებით იყო გაუფასურებული, ყველაზე მეტით კი უკრაინულ გრივნა და ევროსთან მიმართებით გამყარებული. გასულ კვირას კი ევროსთან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი 0.91%-ით, ხოლო გრივნასთან კი - 0.30%-ით გაუფასურდა. თუმცა, ყველაზე მეტით ლირასთან მიმართებითაა გაუფასურებული. კერძოდ, გასულ კვირას თურქულ ლირასთან მიმართებით ლარი 1.52%-ით გაუფასურდა, რაც თავად ლირის გამყარების ფონზე, წინა კვირას 1.64%-ით იყო გაუფასურებული. გარდა ხსენებული ვალუტებისა, ლარის გაუფასურება ბრიტანულ სტერლინგთან მიმართებითაც მაღალი იყო, რამაც 1.06% შეადგინა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილ მაჩვენებელია. გასული კვირის ბოლოს, წინა სავაჭრო კვირისგან მსგავსად, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურდა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ეფექტური კურსის 0.47%-იანი გაუფასურება დაფიქსირდა, რაც მიმდინარე თვის მეოთხე კვირას 0.43%%-ით იყო გაუფასურებული. გასულ კვირას, მეოთხე კვირის მსგავსად, ეფექტური ნომინალური კურსის გაუფასურება დიდწილად თურქული ლირის გამყარებას უკავშირდება, რადგან თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. დეკემბრის ბოლო სავაჭრო კვირის მანძილზე ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 110.6 ნიშნულზე იყო, რომელის მერყეობა 0.38%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი, საშუალოსთან მიმართებით ეფექტური კურსის ინდექსის მერყეობა 0.29%-ს აღწევდა. ეს კი ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის ბოლო ორი კვირის მანძილზე შედარებით ნაკლებ სტაბილურობას მიუთითებს, რადგან მესამე სავაჭრო კვირის მანძილზე ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი მერყეობა 0.12% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასულ კვირას ნომინალური ეფექტური კურსის საშუალო მაჩვენებელი 7.21%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 6.19% იყო. ეს კი ექსპორტის ზრდის კუთხით მასტიმულირებელი ეფექტია, ხოლო იმპორტის მხრივ, პირიქით.
საერთო ჯამში, გასულ კვირას, წინა ოთხი კვირის მანძილზე ლარის გაცვლითი კურსი გამყარების ტენდენცია გაუფასურებით შეიცვალა. დეკემბრის ბოლოს და იანვრის პირველ დღეს ლარის გაცვლითი კურსი არამხოლოდ დოლართან, არამედ სხვა ვალუტებთან მიმართებითაც გაუფასურდა. მათ შორის, წინა პერიოდის მსგავსად, ყველაზე მეტით თურქულ ლირასთან მიმართებით, ხოლო აშშ დოლართან კი გაუფასურებამ 0.77%-ს მიაღწია. აღნიშნულ პერიოდში, ლარი მხოლოდ რუბლთანაა გამყარებული, მიუხედავად იმისა, რომ თავად რუსული რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 0.11%-ით გამყარდა. ხოლო, გასული წლის ბოლო თვის - დეკემბრის მანძილზე დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი 0.83%-ით გაუფასურდა.