მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (27.11 – 04.12)

5fccc15c925d9
ეგნატე შამუგია
07.12.20 08:00
1804
გასულ კვირას Bloomberg-ის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.299 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.316-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.51%-იანი გამყარებაა. აღნიშნულ პერიოდში, გარდა ლარისა, შერჩეული ვალუტებიდან [სავაჭრო პარტნიორები] დოლართან მიმართებით რუბლი (2.47%), ევრო (1.47%), გრივნა (0.93%), სტერლინგი (0.92%), იუანი (0.71%) და ლირა (0.63%) გამყარდა. ეს უკანასკნელი კი ბოლო პერიოდში გაუფასურების ტენდენციით ხასიათდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შერჩეული ვალუტებიდან დოლართან მიმართებით მათი ნომინალური გაცვლითი კურსი გამყარდა, წინა ორი კვირს მსგავსად, გასულ კვირას სომხური დრამი კვლავ გაუფასურდა. კერძოდ, სავაჭრო კვირის დასასრულს დოლართან მიმართებით დრამის 0.76%-იანი გაუფასურება დაფიქსირდა. თავის მხრივ, გასულ კვირას შერჩეული ვალუტების გამყარება დიდწილად თავად დოლარი ინდექსი გაუფასურებას უკავშირდება [6 ვალუტასთან შეწონილი].
 
ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 27.11 – 04.12 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

აქვე აღსანიშნავია, რომ წინა კვირების მსგავსად, ეროვნულმა ბანკმა გასულ კვირასაც სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. კერძოდ, 3 დეკემბერს სავალუტო ბაზარზე, ნომინალური კურსის გამყარების ტრენდის პირობებში 25.0 მლნ აშშ დოლარი გასაყიდად გამოიტანა, სადაც 19.8 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ეს კი, მიმდინარე წელს სებ-ის რიგით 25-ე ინტერვენცია იყო [გაყიდვა].საერთო ჯამში, 2020 წელის მანძილზე სებ-ის მიერ სავალუტო ბაზარზე ჯამში 843.2 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამავე პერიოდში, ეროვნული ბანკს სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი არ შეუსყიდია, რაც 2019 წელს 11-ჯერ, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განახორციელა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 30.11 - 04.12-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ბოლო სამი კვირის მანძილზე, ადრეულ პერიოდთან შედარებით დოლართან მიმართები ლარის ნომინალური გაცვლითი კურის შედარებით ნაკლები მერყეობით ხასიათდებოდა. კერძოდ, სავაჭრო კვირის მანძილზე ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.31%-ით იხრებოდა, რაც წინა პერიოდში 0.08% იყო. ეს კი ბოლო სამი კვირის მანძილზე დოლართან მიმართებით ლარის შედარებით სტაბილურობას ასახავს. ამავე პერიოდში შედარებით სტაბილური, წინა კვირის მსგავსად ჩინური იუანი (0.30%), გირვანქა სტერლინგი (0.40%) და უკრაინული გრივნა (0.40%) იყო. ყველაზე მეტით კი დოლართან მიმართებით სომხური დრამი გაუფასურდა, რამაც 0.76% შეადგინა, ხოლო მერყეობა კი 0.36%-ს აღწევდა, მაგრამ აღნიშნული მაჩვენებლები წინა კვირასთან შედარებით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ მერყეობით რუსული რუბლი გამოირჩეოდა. კერძოდ, რუბლის გაცვლითი კურსი გამყარება სავაჭრო კვირის პირველივე დღიდან მყისიერად დაიწყო. შედეგად, ეს უკანასკნელი 2.47%-ით გამყარდა, რასაც 1.26%-იანი მერყეობა ახასიათებდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 27.11/04.12 (%)
წყარო: ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

მიუხედავად იმისა, რომ ლარი გასულ კვირას დოლართან მიმართებით გამყარდა, ის სხვა სავაჭრო ვალუტებთან მიმართებით გაუფასურდა, რადგან ეს ვალუტები უფრო მეტით იყო გამყარებული, ვიდრე ლარი. გასულ სავაჭრო კვირი მანძილზე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით რუსულ რუბლთან (1.97%) და ევროსთან (1.92%) მიმართები გაუფასურდა. ეს ის ვალუტებია, რომელებიც დოლართან მიმართებით მაღალი გამყარების ნიშნულით გამორჩევია, ხოლო გაუფასურების კუთხით კი თვალსაჩინო სომხური დრამი იყო. შესაბამისად, ლარის გაცვლითი კურსი დრამთან მიმართებით 0.81%-ით გამყარდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილება გავლენას ახდენს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითი გავლენა აქვს ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილ მაჩვენებელია. გასული კვირის ბოლოს, წინა სავაჭრო კვირის პერიოდთან შედარებით ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.88%-ით გაუფასურდა, რაც წინა პერიოდში 0.27%-ით იყო გამყარებული. გასული კვირის გაუფასურება კი, ლართან შედარებით, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების [განსაკუთრებით რუბლი] უფრო მეტით გამყარებას უკავშირდება. დღეების მიხედვით კი, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი სავაჭრო კვირის პირველ დღეს 0.49% და კვირის ბოლოს 0.47%-ით გაუფასურდა. გასული კვირას ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.3%-ითაა გაუფასურებული, რაც მიმდინარე წლის ნოემბრის თვის მე-4 სავაჭრო კვირას [2019 წელთან შედარებით] 3.2%-ით იყო გაუფასურებული.
საერთო ჯამში, დეკემბრის პირველი სავაჭრო კვირის მანძილზე ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით სტაბილური იყო, ხოლო სხვა შერჩეულ ვალუტებთან კი გაუფასურდა, რაც დოლართან მიმართებით მათი გაცვლითი კურსის მეტით გამყარებას უკავშირდება. ამ პერიოდში, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით, 0.31%-იანი მერყეობით, 0.52%-ით გამყარდა. თუმცა, შერჩეული ვალუტების შემთხვევაში გამყარება გაცილებით დიდი იყო. განსაკუთრებით რუსული რუბლი. შედეგად, სავაჭრო კვირის მანძილზე ლარი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.88%-ით გაუფასურდა.