მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (28.05 – 04.06)

60bbe8eaae4a7
ეგნატე შამუგია
07.06.21 08:00
902
გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.162 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.270-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 3.30%-იანი გამყარებაა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას დოლართან მიმართებით ლარის კურსი 1.15%-ით იყო გამყარებული. ამდენად, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ზედიზედ ცხრაკვირიანი გაუფასურების შემდეგ, ზედიზედ ხუთკვირიანი გამყარებაა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 3.97%-ითაა გამყარებული, რაც მაისში თვეში 5.45%-ს აღწევდა და ივნისში კი - 2.54%-ს. რაც შეეხება აქვე აღსანიშნავია, რომ ივნისის პირველ სავაჭრო კვირას შერჩეული ვალუტებიდან ზოგი გამყარებული, ზოგი კი - გაუფასურებული. მათ შორის, ყველაზე მეტით თურქული ლირა, 3.39%-ით გამყარდა. წინა კვირას კი, ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.74%-ით იყო გაუფასურებული. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ლირა მასშტაბურად გამყარდა, წლის დასაწყისიდან დღემდე, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან, სწორედ თურქეთის ეროვნული ვალუტაა ყველაზე მეტით, 11.18%-ით გაუფასურებული. ლირის შემდეგ, წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტით, დოლართან მიმართებით, იაპონური იენის გაცვლითი კურსია გაუფასურებული. კერძოდ, პირველი იანვრიდან დღემდე, იენის ნომინალური გაცვლითი კურსი 6.73%-ითაა გაუფასურებული, რაც მაისში 0.47% იყო. გასულ კვირას კი, იენი 0.27%-ით კვლავ გაუფასურდა. ამ პერიოდში, მსოფლიოს ნომერი პირველი საექსპორტო ქვეყნის, ჩინეთის ეროვნული ვალუტა 0.65%-ითაა გაუფასურებული, რაც მაისის ბოლო სავაჭრო კვირას 1.02%-ით იყო გამყარებული. თუმცა, გასულ კვირას ყველაზე მეტით არა ჩინური ვალუტა, არამედ ევროა გაუფასურებული. კერძოდ, ივნისის პირველ სავაჭრო კვირას ევროს ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 0.77%-ითაა გაუფასურებული. წინა კვირას კი ეს მაჩვენებელი 0.9%-იანი გამყარება იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე, ევროს კურსი 0.95%-ითაა გაუფასურებული.
 
რაც შეეხება რუსეთის, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის ეროვნულ ვალუტას, ივნისის პირველ სავაჭრო კვირას რუბლი გაცვლითი კურსი 0.43%-ით გამყარდა, რაც მაისის ბოლო სავაჭრო კვირას 0.60% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე რუბლის გამყარება 1.55%-ია, რაც გასულ თვეს 2.10% იყო. ამ პერიოდში, სომხური დრამი 0.05%-ითაა გაუფასურებული, მაგრამ წლის დასაწყისიდან დღემდე დრამის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.37%-იანი გამყარებაა. გასულ კვირას სომხური დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.13%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 0.03%-ით იყო გაუფასურებული. ივნისის პირველ სავაჭრო კვირას, წინა კვირის 0.27%-იანი გაუფასურების შემდეგ, უკრაინული გრივნაც გამყარდა. გასულ კვირას გრივნის გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 0.97%-ით გამყარდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 3.87%-ითაა გამყარებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 28.05 – 04.06 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ იანვარ - მარტში სულ ოთხი ინტერვენცია განახორციელა, რითაც ბაზარზე 160.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც შედარებით თავშეკავებული პოლიტიკა იყო. ეს კი აპრილში შეიცვალა, რადგან 15-დღიან ინტერვალში ზედიზედ ორი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. კერძოდ, აპრილის დასაწყისში ბაზარზე გასაყიდად 40.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 27.5 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა და მეორე კი - აპრილის მეორე კვირის ხუთშაბათს, კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 25.4 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. სებ-მა ბოლო ინტერვენცია აპრილის მეორე კვირას, 30.0 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განახორციელა. აღნიშნული პერიოდის შემდეგ სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ ყოფილა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე, ექვსი ინტერვენციით 242.9 მლნ აშშ დოლარია გაყიდული, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 31.05 - 04.06-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

როგორც აღვნიშნეთ, გასულ კვირას ყველაზე მეტით ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა, რომლებიც გამყარების ფონზე ყველაზე მაღალი მერყეობით გამოირჩეოდა. ივნისის პირველ სავაჭრო კვირას ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.98%-ით იხრებოდა, ხოლო თურქული ლირის მერყეობამ 1.87% შეადგინა. ამ პერიოდში ყველაზე დაბალი მერყეობით სომხური დრამი გამოირჩეოდა. ივნისის პირველ სავაჭრო კვირას დრამის 0.13%-იანი გამყარების ფონზე, ყოველდღიური კურსის მერყეობა 0.08% იყო. გარდა დრამისა, დაბალი მერყეობა ახასიათებდა იუანს და სტერლინგი. გასულ კვირას 0.65%-იანი გაუფასურების პირობებში ჩინეთის ეროვნული ვალუტა 0.26%-ით მერყეობდა, ხოლო ბრიტანული სტერლინგი, 0.20%-იანი გაუფასურების ფონზე 0.27%-ით მერყეობდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 28.05/04.06 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილების ტენდენცია არამხოლოდ დოლართან არამედ, სხვა შერჩეულ ვალუტებთან მიმართებითაც შეიცვალა. თუკი მარტ-აპრილში ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით უფასურდებოდა, მდგომარეობა მაისიდან შეცვლილია და ბოლო ოთხი კვირა ყველას ვალუტასთან მიმართებით გამყარდა. ივნისის პირველ სავაჭრო კვირას კი გამყარების ნიშნულები საკმაოდ მაღალ ნიშნულებზე დაფიქსირდა.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას დოლართან მიმართებით, შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით, 3.39%-ით დოლართან მიმართებით თურქული ლირა გამყარდა, ამ პერიოდში, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ლირასთან მიმართებით ყველაზე მეტით, 7.35%-ითაა გამყარებული. ლირის შემდეგ, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით ჩინურ იუანთან მიმართებითაა გამყარებული. კერძოდ, ივნისის პირველ სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი კურსი ჩინურ ვალუტასთან მიმართებით 6.73%-ით გამყარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მდგომარეობთ ჩინეთი საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო პარტნიორია, რომელიც მთლიან ექსპორტში 16.6%-ს იკავებს. თავის მხრივ, საექსპორტო ქვეყნის ვალუტასთან მიმართებით ეროვნული ვალუტის გამყარება, ამ ქვეყანაში ექსპორტის ზრდაზე, სხვა თანაბარ პირობებში, უარყოფითად აისახება. საქართველოს რიგით მეორე საექსპორტო ქვეყნის - რუსეთის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი შედარებით ნაკლებით გამყარდა. კერძოდ, ივნისის პირველ სავაჭრო კვირას რუბლთან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი 5.69%-ითაა გამყარებული, ხოლო კვირის მანძილზე ყველაზე დაბალი ნიშნულით კი უკრაინულ გრივნასთან მიმართებით გამყარდა. ივნისის პირველ სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი გრივნასთან მიმართებით 5.26%-ით გამყარდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. გასულ კვირას, მსგავსად წინა პერიოდისა, ლარის ნომინალური ეფექტური კურსი გამყარდა. კერძოდ, ივნისის პირველ სავაჭრო კვირას ეფექტური კურსი 6.82%-ითაა გამყარებული.

გასულ სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 115.6-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 2.71%-ს შეადგენდა. ეს კი, მასშტაბური გამყარების ფონზე, წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას მიუთითებს. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 2.49%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 2.00% იყო. საბოლოოდ, გასულ კვირას, წინა პერიოდთან შედარებით, ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება, ამ პერიოდში იმპორტის ზრდაზე დადებითად აისახება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. ასეთი ტენდენცია კი, მაისის დასაწყისიდანაა დამახასიათებელი.