მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (29.10 – 05.11)

61871501bd0b4
ეგნატე შამუგია
08.11.21 08:00
1047
განსხვავებით ოქტომბრის ბოლო კვირისა, ნოემბრის პირველი სავაჭრო კვირა ლარის გაცვლითი კურსისთვის შედარებით უკეთესი აღმოჩნდა. გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.159 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.156-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.09%-იანი გაუფასურებაა, რაც წინა კვირას 0.68%-ით იყო გაუფასურებული. გასულ თვეს კი ლარის ნომინალური კურსი, დოლართან მიმართებით, 0.20%-ით გაუფასურდა, მაგრამ წლიურ ჭრილში გამყარებულია. კერძოდ, პირველი იანვრიდან დღემდე, ლარი 4.07%-ითაა გამყარებული. მართალია ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის წლისა დასაწყისიდან გამყარებულია, მაგრამ ამით ძირითად სავაჭრო პარტნიორებში გამორჩეული არ არის, რადგან სომხური დრამი 3-ჯერ, ხოლო უკრაინული გრივნა თითქმის 2-ჯერ უფრო მეტითაა გამყარებული, ვიდრე ლარი.
 
იანვრიდან დღემდე, სომხეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 12.29%-ით გამყარდა, რაც ოქტომბერშიც ყველაზე მეტით, 1.96%-ით იყო გამყარებული. ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას კი დრამის გამყარებამ 0.46% შეადგინა, რაც ოქტომბრის ბოლო კვირას მცირედით, 0.18%-ით იყო გაუფასურებული. გასული კვირა უკრაინული ვალუტისთვისაც პოზიტიური იყო, რადგან გრივნის ნომინალური გაცვლითი კურსი, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით, 0.74%-ით გამყარდა. წლის დასაწყისიდან დღემდე გრივნის გაცვლითი კურსი 7.91%-ითაა გამყარებული. გარდა სომხური დრამი და უკრაინული გრივნისა, ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას ჩინურია იუანი (0.11%) და იაპონური იენიც (0.12%) გამყარდა. დანარჩენი შერჩეული ვალუტები კი გაუფასურდა.

გასულ კვირა ყველაზე მეტით ბრიტანული სტერლინგი გაუფასურდა. ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას სტერლინგის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 1.45%-ითაა გაუფასურებული, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 1.30%-ია. ბრიტანული ვალუტის შემდეგ მაღალი გაუფასურების ნიშნულით საქართველოს ორი მეზობელი და ამავდროულად უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების - რუსეთის და თურქეთის ეროვნული ვალუტები გამოირჩევა. გასულ კვირას რუსული რუბლი 1.29%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა კი - 1.12%-ით. წინ კვირას რუბლი 0.43%-ით იყო გაუფასურებული. წლიურ ჭრილში კი, პირიქით, 3.07%-ითაა გამყარებული. ასეთივეს ვერ ვიტყვით თურქული ლირის შემთხვევაში, რადგან წლის დასაწყისიდან დღემდე, შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით, 30.56%-ითაა გაუფასურებული. ამდენად, თურქეთის ეროვნული ვალუტა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და ეს მისთვის ახალი არ არის, რადგან გასულ წელსაც მკვეთრი გაუფასურებით გამოირჩეოდა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 29.10 – 05.11 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მიმდინარე წელს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენცია სულ 9-ჯერ განხორციელდა, სადაც ყველა ინტერვენცია ბაზარზე დოლარის გაყიდვა იყო. აღნიშნულს, სხვა თანაბარ პირობებში, გაცვლითი კურსის გამყარებაზე დადებითი გავლენა აქვს. თუმცა, ინტერვენციების ძირითადი ნაწილი წლის პირველ ნახევარს უკავშირდება. ეროვნული ბანკის მიერ ბაზარზე ინტერვენცია ოქტომბერში არ ყოფილა. ბოლო, რიგით მეათე სავალუტო აუქციონი 30 სექტემბერს, სხვა პერიოდებთან შედარებით დიდი მოცულობის, 60.0 მლნ აშშ დოლარის გაყიდვით დასრულდა. როგორც აღვნიშნეთ, წლის მეორე ნახევარში სებ გაცილებით უფრო პასიური იყო, ვიდრე პირველი ნახევარი ან გასული წლის ბოლოს. ჯამში 9 ინტერვენციიდან 7 იანვარ-აპრილში განხორციელდა, სადაც სულ 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. საერთო ჯამში, 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე, ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე სულ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 01.11 – 05.11-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ნოემბრის პირველი კვირა ლარისთვის, წინა პერიოდთან შედარებით, არამხოლოდ ნაკლები გაუფასურებით, არამედ ნაკლები მერყეობითაც გამოირჩეოდა. თუკი ოქტომბრის ბოლო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი მერყეობა 0.28% იყო, გასულ კვირას ეროვნული ვალუტის ყოველდღიური ნომინალური კურსი საშუალოსთან მიმართებით მხოლოდ 0.08%-ით იხრებოდა, რაც ჩინური იუანის 0.06%-იანი მერყეობის შემდეგ, ყველაზე მეტად სტაბილური ვალუტის სტატუსია. არასტაბილურობის კუთხით კი ძირითადად სამეზობლოს ვალუტები გამოირჩეოდა. ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას 0.46%-იანი გაუფასურების ფონზე, სომხური დრამი ყველაზე მაღალი ნიშნულით, 1.85%-ით მერყეობდა, რაც ბოლო ორ სავაჭრო დღეს უკავშირდება. კერძოდ, ჯერ მკვეთრ გაუფასურებას და კვირის ბოლო უფრო მკვეთრ გამყარებას. დრამის შემდეგ, ყოველდღიური კურსის საშუალოსთან მიმართ მაღალი გადახრით თურქული ლირა ხასიათდება. გასულ კვირას ლირის მერყეობა 0.75%-ს აღწევდა, რაც 0.44% -იყო. ამავე პერიოდში მაღალი, 0.81%-იანი მერყეობით რუსული რუბლი გამოირჩეოდა, მაგრამ გასულ კვირას რუბლის ყოველდღიური კურსი საშუალოსთან მიმართებით უფრო ნაკლებით, 0.31%-ით იხრებოდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 29.10/05.11 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ოქტომბრის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართ გაუფასურდა. გამონაკლისი რუსული რუბლი იყო, რადგან ამ პერიოდში ლარის საშუალო შეწონილი კურსი რუბლთან 0.11%-ით იყო გამყარებული. დანარჩენ 9 შერჩეულ ვალუტასთან მიმართ გაუფასურების ნიშნული საშუალოდ 0.65%-ს შეადგენდა. თუმცა, მდგომარეობა ნაწილობრივ შეიცვალა, რადგან ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარის შეწონილი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ათი ვალუტიდან ექვსთან მიმართებით, საშუალოდ 0.28%-ით გაუფასურდა. მათ შორის, ყველზე მეტით, 0.71%-ით უკრაინულ გრივნასთან. აღნიშნულ ვალუტასთან ლარი წლის დასაწყისიდანაც, სომხური დრამის შემდეგ, ყველაზე მაღალი ნიშნულით, 4.81%-ითაა გაუფასურებული. ამავე პერიოდში, ლარის შეწონილი კურსის დრამთან მიმართ გაუფასურება 6.07%-ია. ლარი სომხური ვალუტასთან გასულ კვირასაც გაუფასურდა. კერძოდ, ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას დრამი ლართან მიმართებით 0.68%-ითაა გამყარებული.

გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ოთხ ვალუტასთან მიმართ გამყარდა. ყველზე მაღალი ნიშნულით, 2.45% ბრიტანულ სტერლინგთანაა გამყარებული, რომელიც თავის მხრივ, დოლართან მიმართებით, ნოემბრის პირველ კვირას ყველაზე მეტით, 1.45%-ით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის ბრიტანულ ვალუტასთან 5.18%-ითაა გამყარებული. ამავე პერიოდში, გაცილებით მეტით საერთო ევროპულ ვალუტასთან. დღევანდელი მდგომარეობით ლარის საშუალო შეწონილი კურსი ევროსთან მიმართ 9.30%-ით უფრო მყარია, ვიდრე წლის დასაწყისში. გასულ კვირას კი ლარი ამ უკანასკნელთან 0.92%-ით გამყარდა. უფრო მეტით რუბლთან და ლირასთან მიმართებით. ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას რუსული რუბლი ლართან მიმართებით 1.20%-ითაა გაუფასურებული, ხოლო თურქული ლირა კი - 0.97%-ით. სწორედ, თურქული ლირაა ის ვალუტა, რომელთან მიმართებითაც ლარი ყველაზე მეტით, 25.94%-ითაა გამყარებული. აღსანიშნავია, რომ ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ლირასთან მიმართ გამყარებას და თავად ლირის დოლართან მიმართ გაუფასურებას იმპორტის ზრდაზე დადებითი გავლენა გააჩნია, რადგან თურქეთი საქართველოსთვის 17.7%-იანი წილით ნომერ პირველი საიმპორტო ქვეყანაა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. გასულ კვირას, შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით, ლარის ნომინალური კურსის ცვლილება ეფექტურ კურსზეც აისახა. თუკი, ოქტომბრის ბოლო სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსი 0.56%-ით გაუფასურებული იყო, ეს მაჩვენებელი ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას 0.45%-ითაა გამყარებული. გასულ კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 119.2-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.33%-ს შეადგენდა. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით უცვლელ პოზიციას ასახავს, რადგან ოქტომბრის ბოლოსაც ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა 0.33% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის ზრდაზე.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 4.93%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 2.44% იყო. საბოლოოდ, გასულ კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის, როგორც წინა პერიოდთან, ასევე წლიურ ჭრილში გამყარების უფრო მაღალი ნიშნული, ამავე პერიოდის იმპორტზე ზრდის კუთხით იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან საქონელი და მომსახურების იმპორტიორი ქვეყნების ვალუტები გაუფასურებულია და მათთვის საქართველოდან იმპორტი უფრო ძვირი.