მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (30.07 – 06.08)

610fc50448123
ეგნატე შამუგია
09.08.21 11:00
1412
გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.100 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.110-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.32%-იანი გამყარებაა. აღსანიშნავია, რომ დოლართან მიმართებით, ლარის გაცვლითი კურსი წინა კვირას 0.85%-ით იყო გაუფასურებული, რაც წინა რამდენიმე კვირის მანძილზე მყარდებოდა. ამდენად, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ზედიზედ ოთხკვირიანი მკვეთრი გამყარება, წინა კვირას გაუფასურებით შეიცვალა, მაგრამ გასულ კვირას მანამდე არსებულ ტენდენციას დაუბრუნდა. მთლიანად ივლისის მანძილზე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.44%-ით გამყარდა, რაც ივნისში 2.77% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 5.86%-ითაა გამყარებული, რაც სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მაღალია.
 
გასულ კვირას გარდა ლარისა, შერჩეული ვალუტებიდან ყველა გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მეტით საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნის - თურქეთის ეროვნული ვალუტა. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას თურქული ლირა, დოლართან მიმართებით, 2.10%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 1.16%-ით იყო გამყარებული. ლირა არამხოლოდ მიმდინარე პერიოდში, არამედ წლის დასაწყისიდან დღემდე, შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით, 16.01%-ითაა გაუფასურებული. თურქეთის ეროვნული ვალუტის შემდეგ, ყველაზე მეტით იაპონური იენია გაუფასურებული. კერძოდ, წლის დასაწყისიდან დღემდე, იენის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 6.83%-ითაა გაუფასურებული. რაც შეეხება გასულ კვირას, აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას იაპონური ვალუტა 0.48%-ით გაუფასურდა, რაც ივლისის ბოლო სავაჭრო კვირას 0.75%-ით იყო გამყარებული. გასულ კვირას ლირის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულით სომხური დრამი გაუფასურდა. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.35%-ით გაუფასურდა, რაც ივლისის ბოლო სავაჭრო კვირას 0.40%-ით იყო გაუფასურებულია. ამდენად, სომხეთის ეროვნული ვალუტა ზედიზედ მეორე კვირაა უფასურდება, მაგრამ ამის მიუხედავად, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის შემდეგ, ყველაზე მეტით, 5.66%-ითაა გამყარებული. ამ პერიოდში, საქართველოს კიდევ ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - რუსეთის ეროვნული ვალუტა 1.08%-ითაა გამყარებული, რაც გასულ კვირას მცირედით, 0.08%-ით გაუფასურდა. წინა კვირას კი, რუსული რუბლი 1.00%-ით იყო გამყარებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 30.07 – 06.08 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ იანვარ - მარტში სულ ოთხი ინტერვენცია განახორციელა, რითაც ბაზარზე 160.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც შედარებით თავშეკავებული პოლიტიკა იყო. ეს კი აპრილში შეიცვალა, რადგან 15-დღიან ინტერვალში ზედიზედ ორი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. კერძოდ, აპრილის დასაწყისში ბაზარზე გასაყიდად 40.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 27.5 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა და მეორე კი - აპრილის მეორე კვირის ხუთშაბათს, კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 25.4 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. სებ-მა ბოლო ინტერვენცია აპრილის მეორე კვირას, 30.0 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განახორციელა. აღნიშნული პერიოდის შემდეგ სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ ყოფილა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე, ექვსი ინტერვენციით 242.9 მლნ აშშ დოლარია გაყიდული, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 02.08 – 06.08-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

წინა ორი კვირისგან განსხვავებით, ლარის ნომინალური ყოველდღიური გაცვლითი კურსი აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას შედარებით სტაბილური იყო. კერძოდ, გასულ კვირას საშუალოსთან მიმართებით კურსის ყოველდღიური ნიშნული 0.22%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირებში 0.49% და 0.44%-ებით მერყეობდა. გასული კვირის მაჩვენებელი კი, გამყარების ფონზე, ლარის კურსის მკვეთრ სტაბილურობას მიუთითებს. გასულ კვირას ლარი შედარებით სტაბილური იყო, მაგრამ განსაკუთრებით მაღალი არასტაბილურობით თურქული ლირა გამოირჩეოდა. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას, 2.10%-იანი გაუფასურების ფონზე, ლირის ყოველდღიური ნომინალური კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.27%-ით იხრებოდა. ეს კი სავაჭრო კვირის პირველივე დღიდან, კვირის მანძილზე ნომინალური კურსის ყოველდღიური მკვეთრი გაუფასურების შედეგია. ლირა არც ივლისის ბოლო სავაჭრო კვირას იყო სტაბილური. მიუხედავად იმისა, რომ წინა კვირას ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი, შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით, 1.16%-ით გამყარდა, მერყეობა 0.66%-ს შეადგენდა.

გასულ კვირას სტაბილურობის მხრივ, საქართველოს ორი უმსხვილესი - რუსეთი და ჩინეთის ეროვნული ვალუტები გამოირჩეოდა. აგვისტოს პირველი სავაჭრო კვირის მანძილზე რუბლის მერყეობამ 0.13% შეადგინა, რაც წინა კვირას 0.41% იყო. ამავე პერიოდში, ჩინური იუანის მერყეობა 0.35%-ს აღწევდა, რაც გასულ კვირას 0.14%-იან ნიშნულზე იყო. თავის მხრივ, ჩინური ვალუტა 0.21%-ით გაუფასურდა, ხოლო რუსული რუბლი კი - 0.08%-ით.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 30.07/06.08 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით ივნისის თვეში ცვალებადი ტენდენციით ხასიათდებოდა. ამ თვის პირველ სავაჭრო კვირას საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გამყარებული იყო, როცა მეორე სავაჭრო კვირას სურათი რადიკალურად განსხვავდებოდა, რადგან ლარის გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართ გაუფასურდა. თუმცა, ივნის-ივლისში ხუთი კვირის მანძილზე ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი გარდა ორი ვალუტისა, ყველასთან მიმართებით მყარდებოდა. ივლისის მეორე სავაჭრო კვირა ლარი მხოლოდ იაპონურ იენთან, 0.93%-ით იყო გაუფასურებული. ივლისის მესამე სავაჭრო კვირას კი ლარი მხოლოდ თურქულ ლირასთან მიმართებით, 0.97%-ით იყო გაუფასურებული. ივლისის მეოთხე კვირას კი, ლარის საშუალო შეწონილი კურსი დრამთან და რუბლთან მიმართებით გაუფასურდა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში გაუფასურების ნიშნული მხოლოდ 0.01% იყო. ამავე პერიოდში ლარის გაცვლითი კურსი დრამთან 1.68%-ით იყო გაუფასურებული. თავად დრამი კი, დოლართან მიმართებით, შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით, 2.14%-ით გამყარდა.

ივლისის ბოლო კვირას მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, რადგან ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა. ამ პერიოდში ყველაზე მეტით ბრიტანულ სტერლინგთან, ხოლო ყველაზე ნაკლებით სომხურ დრამთან იყო გაუფასურებული. კერძოდ, წინა კვირას ლარი დრამთან მიმართებით 0.04%-ით გაუფასურდა. ამ პერიოდში ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სტერლინგთან მიმართებით 2.55%-ით იყო გამყარებული, მაგრამ ივლისის ბოლო კვირას ყველაზე მეტით, ბრიტანულ ვალუტასთან მიმართებით 2.53%-ით გაუფასურდა. ეს ტენდენცია კი გასულ კვირას შეიცვალა და წინა პერიოდის დაუბრუნდა. თუკი, ივლისის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართებით გაუფასურებული იყო, გასულ კვირას ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარებულია. ყველაზე მეტით თურქულ ლირა და სომხურ დრამთან მიმართებით. გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი კურსი ლირასთან მიმართებით 2.88%-ით გამყარდა, ხოლო თავად ლირა, დოლართან მიმართებით, 2.10%-ით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, ლარი ლირასთან მიმართებით, ყველაზე მეტით, 18.03%-ითაა გამყარებული. ამავე პერიოდში, დრამთან მიმართებით 0.22%-ითაა გაუფასურებული, მაგრამ გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურის, სომხურ ვალუტასთან მიმართებით, 2.04%-ით გამყარდა. გარდა ლირა და დრამისა, ლარის ნომინალური შეწონილი კურსი მაღალი ნიშნულით ორი უმსხვილესი ეკონომიკის - ბრიტანეთის და ევროზონის ვალუტებთან მიმართებითაც გამყარებულია. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ლარი სტერლინგთან მიმართებით 1.26%-ით გამყარდა, ხოლო ევროსთან კი - 1.54%-იანი გამყარებაა. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე, ლირის შემდეგ, ყველაზე მეტით ლარის სწორედ ევროსთან, 9.03%-ითაა გამყარებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. გასულ კვირას, შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით, ლარის ნომინალური კურსის ტენდენციის ცვლილება ეფექტურ კურსზეც აისახა. თუკი, ივლისის ბოლო სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსი 1.51%-ით გაუფასურდა, ეს მაჩვენებელი გასულ კვირას 1.51%-ით გამყარდა. ეს კი, წინა კვირას, ზედიზედ რვაკვირიანი გამყარების ტენდენციის მკვეთრი დაბრუნებაა.

გასულ სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 119.1-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.50%-ს შეადგენდა. ეს კი, ეფექტური ნომინალური კურსის მკვეთრი გამყარების ფონზე, წინა პერიოდთან შედარებით მკვეთრ სტაბილურობას მიუთითებს, რადგან ივლისის ბოლო სავაჭრო კვირას მერყეობა 0.91%-ს შეადგენდა. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 1.10%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 1.74% იყო გამყარებული. საბოლოოდ, გასულ კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება, ამ პერიოდში იმპორტის ზრდაზე დადებითად აისახება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით.