მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გამყარებამ საგარეო ვალი 3.4 მილიარდით შეამცირა - ვისი ვალი აქვს საქართველოს?

638464d66a504
შოთა ტყეშელაშვილი
28.11.22 11:43
8244
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალი 21.3 მილიარდი ლარია. ეს თანხა 2022 წლის იანვართან შედარებით 3.4 მილიარდი ლარით ნაკლებია. საგარეო ვალის შემცირების უმთავრეს მიზეზს ეროვნული ვალუტის გამყარება წარმოადგენს.

იანვარში ერთი დოლარი საშუალოდ 3.06 ლარი ღირდა, რასთან მიმართებითაც კურსი ამჟამად 12%-ით არის გამყარებული. ხოლო ერთი ევროს საშუალო საფასური 3.42 ლარი იყო, რასთან მიმართებითაც კურსი 17%-ით არის გამყარებული. საგარეო ვალის 58% ამჟამად ევროშია დენომინირებული (32% დოლარში), ამიტომაც თავად ევროს გაუფასურებაც საქართველოს ვალის შემცირების ერთ-ერთი წამყვან ფაქტორს წარმოადგენს.

რაც შეეხება ვალის კომპოზიციას დონორებისა და ქვეყნების მიმართ, ამ მხრივ მდგომარეობა უცვლელია - ყველაზე დიდი მოცულობის თანხა საქართველოს კვლავ მსოფლიო ბანკის ჯგუფისადმი მართებს.

საქართველოს საგარეო ვალის სტატისტიკა:

● მსოფლიო ბანკის ჯგუფი - 1.93 მილიარდი დოლარი;
● აზიის განვითარების ბანკი (ADB) - 1.81 მილიარდი დოლარი;
● ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - 807 მილიონი დოლარი;
● საფრანგეთი (AFD) - 633 მილიონი დოლარი;
● გერმანია (KFW) - 582 მილიონი დოლარი;
● ევრობონდი - 500 მილიონი დოლარი;
● სებ-ის ვალი IMF-ის მიმართ - 330 მილიონი დოლარი;
● ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - 220 მილიონი დოლარი;
● მთავრობის ვალი IMF-ის მიმართ - 189 მილიონი დოლარი;
● აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) - 181 მილიონი დოლარი;
● იაპონია - 142 მილიონი დოლარი;
● ევროგაერთიანება (EU) - 132 მილიონი დოლარი;
● სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - 27 მილიონი დოლარი;
● რუსეთი - 25.4 მილიონი დოლარი;
● ავსტრია - 13.8 მილიონი დოლარი;
● ქუვეითი - 11.9 მილიონი დოლარი;
● ამერიკის შეერთებული შტატები - 11.6 მილიონი დოლარი;
● ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) - 8.6 მილიონი დოლარი;
● თურქეთი - 6.3 მილიონი დოლარი;
● ყაზახეთი - 3.5 მილიონი დოლარი;
● აზერბაიჯანი - 3.2 მილიონი დოლარი;
● სომხეთი - 2.9 მილიონი დოლარი;
● ირანი - 2.4 მილიონი დოლარი.

რა არის საგარეო ვალის საპროცენტო განაკვეთები?

საგარეო ვალების საპროცენტო განაკვეთები ორ კატეგორიად იყოფა, საქართველოს საგარეო ვალების 53%-ს წინასწარვე აქვს საპროცენტო განაკვეთი დაფიქსირებული, ხოლო 47% ცვლად განაკვეთიანია და ის ევროპის საბაზრო განაკვეთებზე, LIBOR-სა, EURIBOR-ზე არის მიბმული. მაშინ, როდესაც ეს საბაზრო განაკვეთები იზრდება, ვალის მომსახურების საფასურიც ძვირდება. რამდენიმე კვირის წინ, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ წარსულში საგარეო ვალის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 1.6% იყო, ხოლო 2023 წელს საშუალო განაკვეთი 4-5%-ის ფარგლებში იქნება. ამის მიზეზს კი გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და შედეგად მზარდი საბაზრო საპროცენტო განაკვეთები წარმოადგენენ.