მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გამყარების რაიმე ტრენდს ვერ ვხედავ - ლევან სურგულაძე

6197be5b7c783
მარიამ ვარადაშვილი
21.11.21 17:30
2127
19 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.83 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1120 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა 3.16 თეთრით გამყარდა ევროსთან მიმართებითაც და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5169 ლარია; 4.65-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 4.1769 ლარი გახდა. ლარი ასეთი მყარი ბოლოს სექტემბერში იყო. აღსანიშნია, რომ ბოლო ერთ თვეში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 2.24 თეთრით, ევროსთან კი 11.52 თეთრით გამყარდა.

რა შეიძლება იყოს ლარის გამყარების მიზეზი იმ ფონზე, როდესაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში, ფაქტობრივად, პოლიტიკური კრიზისია და წინა პერიოდებისგან განსხვავებით, საპროტესტო აქციებს და მიმდინარე პროცესებს ლარს კურსზე ნეგატიური გავლენა არ აქვს - ამ კითხვით bm.ge-მ ლევან სურგულაძეს მიმართა. ფინანსისტის შეფასებით, „ეს ლარის მოკლევადიანი ცვლილებაა და ამ შემთხვევაში გამყარების ტრენდზე ვერ ვისაუბრებთ“.

„დოლართან მიმართებით ლარის არსებითი გამყარება არ შემიმჩნევია; ამჯერად რამდენიმე თეთრით არის გამყარებული. ლარზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, თუმცა გამყარებისთვის ასეთი არსებითი ფაქტორი არ შემიმჩნევია, ამდენად, ვერ გეტყვით რომელია არსებითი ფაქტორი იმისა, რომ ლარი რამდენიმე თეთრით გამყარდა ანუ ეს ტრენდი არ არის, ამას მე ვერ ვხედავ”, - აცხადებს სურგულაძე.

Bm.ge-მ ფინანსისტს ასევე ჰკითხა, შეიძლება თუ არა ლარის კურსის მოკლევადიანი გამყარება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახდის გადახდის პერიოდით აიხსნას, რადგან მოქალაქეებს საბიუჯეტო გადასახადი 15 ნოემბრამდე უნდა ჩაერიცხათ ხაზინის ანგარიშზე. საქმე ის არის, რომ bm.ge-სთან ინტერვიუში ლარის კურსის გამყარების ერთ-ერთ ფაქტორად სწორედ ეს დაასახელა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა. ამ არგუმენტს ლევან სურგულაძეც იზიარებს, თუმცა ლარის გამყარებას ევროსთან და დოლართან მიმართებით მაინც ვოლატილობას უკავშირებს.

<სავალუტო ბაზრის ვოლატილობა არის დერეფანი, რომლის საზღვრებშიც ხდება სავალუტო წყვილის ფასის მოძრაობა>

„შესაძლოა, ლარის გამყარების მიზეზი ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის დედლაინიც ყოფილიყო. 15 ნოემბერს ნამდვილად იყო ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა, თუმცა ამ გადასახადს იხდიან მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალიც 40 ათას ლარზე მეტია. ასეთი ოჯახების რაოდენობა კი ქვეყანაში ძალიან დიდი არ არის. ამდენად, ეს ფაქტორი ნამდვილად არის, მაგრამ მაინც დროებითია. ვიმეორებ, ლარის გამყარების რაიმე ტრენდს ვერ ვხედავ, ამიტომ, ვფიქრობ, ეს დღიური ან ყოველკვირეული ვოლატილობის შედეგია", - ამბობს ლევან სურგულაძე.