05.ივნისი .2020 22:32

ლარის გამყარების ტენდენცია კარგია, თუმცა, ეიფორიაში ნუ ჩავვარდებით – ალექსანდრე რატიშვილი

views 2056
უკან

ჩემი ნება რომ იყოს, 2.5–ზე მეტი არც უნდა იყოს ლარის კურსი, – ამის შესახებ „საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე რატიშვილმა გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ლარის კურსის გამყარების ტენდენცია ერთადერთი რამით არის გამოწვეული და ეს არის დოლარზე მოთხოვნის შემცირება.

„რატომ არის შემცირებული მოთხოვნა? იმიტომ რომ უაღრესად შემცირებულია ეკონომიკური აქტივობა. და მეორე - მოსახლეობის შემსყიდველუნარიანობაც შემცირებულია, იმიტომ რომ არანაირი ფული ხალხს აღარ დარჩა, არათუ დოლარის შესასყიდად, არამედ საერთოდ მარაგის გასაკეთებლად“, – აღნიშნა ალექსანდრე რატიშვილმა.

მისივე თქმით, ეროვნული ვალუტის გამყარება ბუნებრივია კარგი ტენდენციაა, თუმცა, არანაირ ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ.

„არაფერს ეს არ ნიშნავს, თუ ამან არ მიიღო გრძელვადიანი სტაბილური პროცესის სახე. ის რომ ლარი 2.96–ია ჩვენთვის არანაირი შეღავათი არ არის. 3.2 და 3.6–ზეც რომ ავიდა ეს იყო კატასტროფა და გამოწვეული იყო კოვიდ-სიტუაციით და ახლა 2.96 არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს კარგ კურსად. ტენდენცია კარგია, მაგრამ კურსი ისევ და ისევ ყოვლად დამაზიანებელი, მიუღებელი და ბიზნესსაქმიანობის დაგეგმვისათვის გაუგებარია“, – დასძინა „საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარდა. კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან მიმართებით 2.79 თეთრი შეადგინა, შედეგად ლარი ბოლო 2.5 თვის მაქსიმალურ ნიშნულამდე გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულებამ 2.9562 ლარი შეადგინა.

ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 0.54 თეთრით გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი ევრო 3.3476 ლარი ღირს.