მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის ზედიზედ ოთხკვირიანი გაუფასურება - სავალუტო მიმოხილვა (26.08 – 02.09)

63135f8542de5
ეგნატე შამუგია
05.09.22 08:30
3352
ჯერ კიდევ აგვისტოს მეორე კვირიდან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ტენდენცია მკვეთრი გაუფასურებისკენ შეიცვალა. აგვისტო-სექტემბრის საზიარო სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.884 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.848-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 1.25%-იანი გაუფასურებაა, რაც მიმდინარე წლის 34-ე სავაჭრო კვირას 1.99%-ით იყო გამყარებული. აღნიშნული მაჩვენებლით, აგვისტოს მეოთხე სავაჭრო კვირას ლარი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით გაუფასურებული იყო. ამდენად, ლარი ზედიზედ ოთხკვირიანი მკვეთრი გამყარება, უკვე მეოთხე კვირაა მკვეთრი გაუფასურებით შეიცვალა. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 6.62%-ითაა გამყარებული. ივნისში ლარი ნომინალური გაცვლითი კურსი 7.08%-ით გამყარდა, ხოლო ივლისში გამყარებამ 4.08% შეადგინა. აგვისტოში ლარის კურსი 6.22%-ითაა გაუფასურებული.
 
თუმცა, აგვისტო-სექტემბრის საზიარო სავაჭრო კვირას ლარი გამონაკლისი არ ყოფილია, რადგან სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტები გაუფასურებულია, გარდა სომხური დრამისა. მართალია დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით გამყარდა, მაგრამ აღნიშნული მხოლოდ 0.06%-ია. წლის დასაწყისიდან დღემდე, სომხური ვალუტა 16.11%-ითაა გამყარებული, ხოლო ამ პერიოდში ყველაზე მაღალი, 18.21%-იანი გამყარებით რუსული რუბლი გამოირჩევა, რომელიც ომის დაწყებიდან დღემდეც 27.60%-ითაა გამყარებული. გასულ კვირას კი რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 0.72%-ითაა გაუფასურებული.

აგვისტო-სექტემბრის საზიარო სავაჭრო კვირას, შერჩეულ ვალუტებს შორის, ყველზე მეტით, 2.04%-ით ბრიტანული სტერლინგი გაუფასურდა, რომელიც აგვისტოს მეოთხე კვირას 0.72%-ით იყო გაუფასურებული. ბრიტანული ვალუტა წლის დასაწყისიდან დღემდეც, 17.13%-ითაა გაუფასურებული. სტერლინგის შემდეგ, მაღალი გაუფასურებით იაპონური ვალუტა გამოირჩევა. გასულ კვირას იენის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 1.86%-ით გაუფასურდა. რაც შეეხება ევროს, აგვისტო-სექტემბრის საზიარო სავაჭრო კვირას ევროს ნომინალური გაცვლითი კურსი 0.12%-ითაა გაუფასურებული, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 13.50%-ია.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 26.08 – 02.09 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ასეთი ინტერვენცია ორი იყო. ჯერ კიდევ ორშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით 10.0 მლნ დოლარი იყიდა, ხოლო პარასკევს ორჯერ უფრო მეტი - 20.0 მლნ დოლარი. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირის ოთხშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. უკვე მომდევნო კვირას ტრადიციული სავალუტო აუქციონების გზით სებ-ის ინტერვენციების მიმართულება შეიცვალა და ბაზარზე 20.0 მლნ დოლარი გასაყიდად გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 8.3 მლნ დოლარი გაიყიდა. მორიგი ასეთი ინტერვენცია სებ-ის მიერ 31 აგვისტოს განხორციელდა, სადაც ამჯერად გაორმაგებული მოცულობით, ბაზარზე 40.0 მლნ დოლარი გაიტანა, სადაც 32.3 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. გარდა ამისა, ცენტრალური ბანკის ბაზარზე აქტიურად ერევე Bmatch-ს საშუალებით, მაგრამ აღნიშნულზე ინფორმაცია პროაქტიულად და სრულყოფილად ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

ფიგურა 2: 29.08 – 02.09-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ომის დაწყებიდან მოყოლებული რუბლის მაღალი მერყეობა ტრადიციად იყო ქცეული. თუმცა, აგვისტოში რუბლი შედარებით სტაბილური იყო, ვიდრე წინა პერიოდის მერყეობა. აღნიშნული გასულ კვირასაც გაგრძელდა, რადგან აგვისტო-სექტემბრის საზიარო სავაჭრო კვირის მანძილზე რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.86%-ით იხრებოდა. აღნიშნული წინა პერიოდებთან შედარებით სტაბილურობას ასახავს, მაგრამ უშუალოდ შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მაღალი ნიშნულია.

რუბლის შემდეგ, მაღალი მერყეობით ბრიტანული სტერლინგი გამოირჩევა. აგვისტო-სექტემბრის საზიარო კვირის მანძილზე სტერლინგის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი, საშუალოსთან მიმართებით 0.70%-ით იხრებოდა. აღსანიშნავია, რომ ბრიტანული ვალუტა ამ პერიოდში ყველაზე მეტით, 2.04%-ით გაუფასურდა. ასეთივე სურათია იაპონური იენის შემთხვევაში, რომლის მერყეობა 0.55%-ია, ხოლო გასულ კვირას 1.86%-ითაა გაუფასურებული. აღნიშნული ვალუტების შემდეგ, მერყეობის დონით გამორჩეული ლარი და ევროა. ამ უკანასკნელის მერყეობამ 0.45% შეადგინა, რაც ლარის შემთხვევაში 0.44%-ია. კვირის მანძილზე დაბალი, 0.07%-იანი მერყეობით სომხური დრამი გამოირჩევა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 26.08/02.09(%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. თუკი ბოლო ორი თვის განმავლობაში ლარის კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით უფრო მეტად მყარდებოდა, აგვისტოს მესამე სავაჭრო კვირას შეწონილი ნომინალური კურსი ათივე შერჩეულ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურებულია. ასეთივე სურათი იყო მეოთხე სავაჭრო კვირასაც, სადაც საშუალოდ ლარის ნომინალური შეწონილი კურსი 2.01%-ით გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მკვეთრად, დოლარი, სტერლინგი, აზერბაიჯანული მანათი და იაპონურ იენთან გაუფასურდა. აგვისტო-სექტემბრის საზიარო კვირას მდგომარეობა ოდნავ შეიცვალა, რადგან ამ პერიოდში ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი ათი შერჩეული ვალუტიდან ორთან გამყარდა. დანარჩენ ვალუტებთან მიმართებით, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოდ 1.12%-ით გაუფასურდა.

აგვისტო-სექტემბრის საზიარო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი იაპონურ იენთან 1.23%-ით და ბრიტანულ სტერლინგთან 1.12%-ით გამყარდა. ამ პერიოდში თავად ეს ვალუტები დოლართან მიმართებით ყველაზე მეტით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ბრიტანულ სტერლინგთან 19.73%-ითაა გამყარებული, რაც იაპონური ვალუტის შემთხვევაში 23.09%-ია. ამ პერიოდში ლარი გაცილებით უფრო მეტით თურქულ ლირასთან (31.27%) და უკრაინულ გრივნასთან (30.75%) არის გამყარებული.

რაც შეეხება აგვისტო-სექტემბრის საზიარო სავაჭრო კვირის პერიოდში ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურებას, ამ კუთხით დრამი გამოირჩევა. გასულ კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი დრამთან მიმართებით 1.97%-ით გაუფასურდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე, 11.51%-ია. დრამის შემდეგ, ლარის ნომინალური კურსი მაღალი ნიშნულით კიდევ ერთ მეზობელ და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - აზერბაიჯანის ეროვნულ ვალუტასთანაა გაუფასურებული, რაც 1.51% შეადგენს.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. აგვისტო-სექტემბრის საზიარო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი შერჩეულ ვალუტებიდან უმეტესთან გაუფასურდა. საბოლოოდ, აღნიშნული ინდექსის მკვეთრ გაუფასურებაში აისახა. გასულ კვირას ეფექტური კურსის ინდექსი 1.02%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირას 1.83%-ით იყო. ამდენად, ნომინალური ეფექტური კურსი ზედიზედ მესამე კვირაა უფასურდება. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 15.43%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 27.73%-ია.

აგვისტო-სექტემბრის საზიარო სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 151.2-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.72%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 34-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 1.25% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 28.00%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 30.17% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 35-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გაუფასურება, ამავე პერიოდის იმპორტის კლებაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება ძვირდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას იაფდება.