მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარმა გამყარების ტენდენცია დაკარგა - სავალუტო მიმოხილვა (11.11 – 18.11)

6378b51976b1e
ეგნატე შამუგია
21.11.22 08:00
2913
ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.718 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.709-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.31%-იანი გაუფასურებაა, რაც მიმდინარე წლის 45-ე სავაჭრო კვირას 0.92%-ით იყო გამყარებული. ამდენად, ლარის ზედიზედ სამკვირიანი გამყარების ტენდენცია შეიცვალა. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 12.00%-ითაა გამყარებული. სექტემბერში ლარის კურსი 2.25%-ით იყო გამყარებული, ხოლო ოქტომბერში კი - 3.93%-ით. მიმდინარე თვეს ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 1.51%-ით გამყარებულია.
 
ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან ზოგიერთი გამყარდა, ხოლო ზოგი გაუფასურდა. კვირის მანძილზე, ყველაზე მეტით იაპონური იენია გაუფასურებული. გასულ კვირას იაპონური ვალუტის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 0.85%-ით გაუფასურდა, რაც ჩინური იუანის შემთხვევაში 0.49%-ია. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე, იენი 21.39%-ით არის გაუფასურებული, ხოლო იუანი კი - 12.21%-ით. კიდევ ერთი გაუფასურებული ვალუტა უკრაინული გრივნაა, რომლის გაუფასურებამ 0.48% შეადგინა. წლის დასაწყისიდან დღემდე, უკრაინული ვალუტა, დოლართან მიმართებით 35.36%-ით არის გაუფასურებული. ამ პერიოდში, ყველაზე მაღალი, 41.84%-იანი გაუფასურებით თურქული ლირა გამოირჩევა, რომელიც გასულ კვირასაც 0.23%-ით გაუფასურდა.

რაც შეეხება გამყარებას, ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას ყველაზე მეტით, 0.73%-ით ბრიტანული სტერლინგი გამყარდა, რაც წინა კვირას 3.81% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე, ბრიტანული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 13.12%-ით არის გაუფასურებული. ამ პერიოდში ევროს გაუფასურება 9.09%-ია, რომელიც გასულ კვირას მცირედით, 0.07%-ით გამყარდა. ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას კიდევ ორი გამყარებული ვალუტა რუსული რუბლი და სომხური დრამია. გასულ კვირას რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 0.43%-ით გამყარდა, რაც დრამის შემთხვევაში 0.15%-ია. წლის დასაწყისიდან დღემდე, რუბლი 18.93%-ით, ხოლო დრამი 17.89%-ით არის გამყარებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 11.11 – 18.11 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ასეთი ინტერვენცია ორი იყო. ჯერ კიდევ ორშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით 10.0 მლნ დოლარი იყიდა, ხოლო პარასკევს ორჯერ უფრო მეტი - 20.0 მლნ დოლარი. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირის ოთხშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. უკვე მომდევნო კვირას ტრადიციული სავალუტო აუქციონების გზით სებ-ის ინტერვენციების მიმართულება შეიცვალა და ბაზარზე 20.0 მლნ დოლარი გასაყიდად გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 8.3 მლნ დოლარი გაიყიდა. მორიგი ასეთი ინტერვენცია სებ-ის მიერ 31 აგვისტოს განხორციელდა, სადაც ამჯერად გაორმაგებული მოცულობით, ბაზარზე 40.0 მლნ დოლარი გაიტანა, სადაც 32.3 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ტრადიციული ინსტრუმენტით - აუქციონის საშუალებით სებ-ის ბოლო ინტერვენცია 20 სექტემბერს იყო, როცა ბაზარზე გასაყიდად 20.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 13.6 მლნ დოლარი გაიყიდა.

გარდა ამისა, ცენტრალური ბანკის ბაზარზე აქტიურად ერევე Bmatch-ს საშუალებით, მაგრამ აღნიშნულზე ინფორმაცია პროაქტიულად და სრულყოფილად ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ბოლო მონაცემებით, აგვისტოში სებ-ის მიერ აუქციონის გარეშე წმინდა შესყიდვებმა 63.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ უცნობია ამ პერიოდში რამდენი გაყიდა და რამდენი იყიდა. სექტემბერში ასეთი 42.7 მლნ აშშ დოლარი იყო.

ფიგურა 2: 14.11 – 18.11-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ბრიტანული სტერლინგი კვლავ მაღალი მერყეობით გამოირჩევა. ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას სტერლინგის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.28%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 1.26% იყო. ნოემბრის მესამე კვირას ბრიტანული სტერლინგის მერყეობამ 0.55% შეადგინა, მაგრამ შერჩეულ ვალუტებს შორის ერთ-ერთი მაღალი ნიშნულია.

ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას სტერლინგზე უფრო მაღალი, 0.64%-იანი მერყეობა ჩინურ იუანს ახასიათებდა. ამ პერიოდში რუსული რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.63%-ით იხრებოდა. სხვა დანარჩენის შემთხვევაში მერყეობა გაცილებით უფრო დაბალი იყო. კვირის მანძილზე ყველაზე დაბალი, 0.11%-იანი მერყეობით თურქული ლირა გამოირჩეოდა, ხოლო ამ პერიოდში ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.39%-ით იხრებოდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 11.11/18.11(%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარებული იყო. უკვე მეორე სავაჭრო კვირას მდგომარეობა შეიცვალა. ლარი ხუთ ვალუტასთან გაუფასურდა, ხოლო დანარჩენ ხუთთან კი - გამყარდა. ამ პერიოდში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოდ 0.83% გამყარდა, მაგრამ გაუფასურების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 3.16% იყო. ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი უმეტეს შერჩეულ ვალუტასთან გაუფასურებულია. მათ შორის, ყველაზე მეტით ბრიტანულ სტერლინგთან მიმართებით.

ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას ბრიტანული სტერლინგი შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით გამყარდა, ხოლო ამ პერიოდში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ამ უკანასკნელთან ყველაზე მეტით, 1.62%-ით გაუფასურდა. სტერლინგის შემდეგ, მაღალი 1.09%-იანი გაუფასურებით ლარი ევროსთან მიმართებით გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ორივე ვალუტასთან მიმართებით გამყარებულია. ბრიტანული სტერლინგის შემთხვევაში გამყარების ნიშნული 22.28%-ია, ხოლო ევროსთან კი - 19.37%. ამავე პერიოდში ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ჩინურ იენთან 21.51%-ით არის გამყარებული. ამ უკანასკნელთან მიმართებით ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი გასულ კვირასაც, 0.35%-ით გამყარდა. იენის შემდეგ, 0.34%-იანი გამყარება თურქულ ლირასთან იყო, რომელიც წლის დასაწყისიდან დღემდე 36.85%-ია.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი შერჩეულ ვალუტებიდან ექვსთან გაუფასურდა, ხოლო ოთხთან გამყარდა. თუმცა, გაუფასურების ნიშნული უფრო მაღალი იყო, რაც საბოლოოდ ინდექსი გაუფასურებაში აისახა. გამყარდა. გასულ კვირას აღნიშნული ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 0.20%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას უფრო მეტი, 0.95% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 22.63%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 27.78%-ია.

ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 160.0-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.45%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 45-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.35% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება (გაუფასურება) აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში (მატებაში).

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 30.21%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 32.21% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 46-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გაუფასურება, ამავე პერიოდის იმპორტის კლებაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება ძვირდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას იაფდება.