მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარმა პოზიცია დაკარგა, ლირა კვლავ მკვეთრად გაუფასურდა - კვირის სავალუტო მიმოხილვა (26.11 – 03.12)

61ac97c30e12b
ეგნატე შამუგია
06.12.21 08:00
1089
ზედიზედ ოთხკვირიანი გამყარების შემდეგ, ლარმა პოზიციები დაკარგა. ნოემბერ-დეკემბრის გასაყარ სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.109 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.087-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.70%-იანი გაუფასურებაა, რაც წინა კვირას 0.56%-ით იყო გამყარებული. ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას ლარი ნომინალური გაცვლითი კურსი 1.30%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა. ამდენად, გასულ თვეს ლარის ნომინალური გაცვლით კურსი, დოლართა მიმართებით, 1.27%-ით გამყარდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე, უფრო მეტით, 5.60%-იანი გამყარებით გამოირჩევა.
 
გასული ორი კვირის მანძილზე ლარი მისი გამყარების ნიშნულის გამო გამორჩეული იყო სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის, მაგრამ გასულ კვირას ასეთი რუსული რუბლია. გაუფასურების კუთხით კი კვლავ თურქული ლირა. ამ უკანასკნელის მკვეთრი გაუფასურება კი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის „მონეტარულ ექსპერიმენტს“ - მაღალი ინფლაციის ფონზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებისკენ ცენტრალური ბანკის წნეხს და ამ უკანასკნელის მიერ პოლიტიკის მკვეთრ შემსუბუქებას უკავშირდება. გასულ კვირას ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 11.64%-ით გაუფასურდა, რაც ნოემბრის მეოთხე კვირას 7.79%-ით იყო გაუფასურებული და მესამე კვირას კი - 12.89%-ით. ამდენად, ნოემბერში თურქეთის ეროვნული ვალუტა 41.228%-ით გაუფასურდა. თუმცა, თურქული ვალუტა მხოლოდ გასული თვლის მკვეთრი გაუფასურებით არ გამოირჩევა, რადგან ეს უკანასკნელი წინა თვეებშიც უფასურდებოდა. მაგალითად, ოქტომბერში ლირის გაუფასურებამ 8.45% შეადგინა. წლის დასაწყისიდან დღემდე, თურქეთის ეროვნული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 85.11%-ითაა გაუფასურებული. ამავე პერიოდში სომხეთის ეროვნული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 5.74%-ით გამყარებულია, მაგრამ გასულ თვეს დრამი 2.10%-ით იყო გაუფასურებული. გასულ კვირა, ლირის შემდეგ ყველაზე მეტით, 1.53%-ით სომხური დრამია გაუფასურებული. დრამი წინა კვირასაც 1.67%-ით იყო გაუფასურებული.

ნოემბერ-დეკემბრის საზიარო კვირას, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან სულ სამი გამყარდა. მათ შორის, რუსული რუბლი, რომლის გამყარების ნიშნული 2.49%-ია, რაც ნაწილობრივ კვირის ბოლოსკენ ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება, რადგან რუსეთში უცხოური ვალუტის ნაკადების ძირითადი წყარო სწორედ ნავთობია. ნოემბრის მეოთხე სავაჭრო კვირას რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 2.78%-ით იყო გაუფასურებული, ხოლო მთელი თვის მანძილზე კი - 3.62%-ით. წლის დასაწყისიდან დღემდე რუბლის ნომინალური კურსი მცირედით, 0.40%-ითაა გამყარებული. ამ პერიოდში მსოფლიოს ნომერ პირველი ექსპორტიორი ქვეყნის - ჩინეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 2.38%-ითაა გამყარებული, რაც გასულ კვირას რუბლის შემდეგ 0.33%-ით გამყარდა. ამავე პერიოდში, მესამე გამყარებული ვალუტა იაპონური იენია, რომლის გამყარების ნიშნული 0.06%-ია. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, იაპონური ვალუტის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 9.80%-ითაა გაუფასურებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 26.11 – 03.12 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მიმდინარე წელს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენცია სულ 9-ჯერ განხორციელდა, სადაც ყველა ინტერვენცია ბაზარზე დოლარის გაყიდვა იყო. აღნიშნულს, სხვა თანაბარ პირობებში, გაცვლითი კურსის გამყარებაზე დადებითი გავლენა აქვს. თუმცა, ინტერვენციების ძირითადი ნაწილი წლის პირველ ნახევარს უკავშირდება. ეროვნული ბანკის მიერ ბაზარზე ინტერვენცია ოქტომბერში არ ყოფილა. ბოლო, რიგით მეათე სავალუტო აუქციონი 30 სექტემბერს, სხვა პერიოდებთან შედარებით დიდი მოცულობის, 60.0 მლნ აშშ დოლარის გაყიდვით დასრულდა. როგორც აღვნიშნეთ, წლის მეორე ნახევარში სებ გაცილებით უფრო პასიური იყო, ვიდრე პირველი ნახევარი ან გასული წლის ბოლოს. ჯამში 9 ინტერვენციიდან 7 იანვარ-აპრილში განხორციელდა, სადაც სულ 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. საერთო ჯამში, 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე, ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე სულ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 29.11 – 03.12-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ნოემბერ-დეკემბრის საზიარო სავაჭრო კვირას ლარი ნომინალური გაცვლითი კურსი გაუფასურებასთან ერთად გაცილებით მეტად მერყევი იყო. გასულ კვირას ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.67%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 0.23%-ს შეადგენდა. ამდენად, გასულ კვირას ლარის უფრო მეტად არასტაბილურია არამხოლოდ წინა პერიოდთან მიმართებით, არამედ შერჩეულ ვალუტებთანაც. თურქული ლირის შემდეგ, ლარი ნოემბერ-დეკემბრის საზიარო კვირის ყველაზე მერყევი ვალუტაა. გასულ კვირას, 11.64%-იანი გაუფასურების ფონზე ლირის ნომინალური კურსი 2.85%-ით მერყეობდა. ეს მაჩვენებელი შედარებით სტაბილურია, რადგან ნოემბრის მეოთხე კვირას ლირის მერყეობა 4.28% იყო, ხოლო მესამე სავაჭრო კვირა კი - 4.76%. სტაბილურობის კუთხით კი ბრიტანული სტერლინგი და ჩინური იუანი გამოირჩევა. კერძოდ, გასულ კვირას, დოლართან მიმართებით, სტერლინგის ყოველდღიურ ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მხოლოდ 0.11%-ით იხრებოდა, ხოლო ჩინური ვალუტის მერყეობა 0.14%-ს შეადგენდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 26.11/03.12 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ნოემბერ-დეკემბრის საზიარო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის პოზიციები სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ სხვა ვალუტებთან მიმართებით დაკარგა. თუმცა გამონაკლისი თურქული ლირა და სომხური დრამი აღმოჩნდა. წინა პერიოდისა მსგავსად, ლირის მასშტაბური გაუფასურების პირობებში ლარი ამ უკანასკნელთან მიმართებით მკვეთრად მყარდება. გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი თურქულ ვალუტასთან 10.33%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 8.55%-ით იყო გამყარებული, ხოლო ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას ეს ნიშნული 11.94%-ს შეადგენდა. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით სწორედ ლირასთან, 47.92%-ითაა გამყარებული. ამავე პერიოდში ლარის საშუალო შეწონილი კურსი სომხურ დრამთან 1.08-ით გაუფასურებულია, მაგრამ ლარი გასულ კვირას დრამთან 0.70%-ით გამყარებული იყო.

გასულ კვირას ლარი საშუალო შეწონილი კურსი დანარჩენ ვალუტებთან მიმართებით გაუფასურებულია. კვირის განმავლობაში ლარის ნომინალური კურსი საშუალოდ 1.14%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას საშუალოდ 2.70%-ით იყო გამყარებული. ნოემბერ-დეკემბრის გასაყარზე ლარი ყველაზე მეტით, 3.25%-ით რუსულ რუბლთან გაუფასურდა, რომელიც, თავის მხრივ, დოლართან მიმართებით, კვირის განმავლობაში ყველაზე მეტით, 2.49%-ით იყო გამყარებული. ნოემბრის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარი რუბლთან მიმართებით, პირიქით, 3.20%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე რუსულ ვალუტასთან ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი 3.49%-ითაა გამყარებული. ამ პერიოდში ლარი სომხური ვალუტის გარდა ყველასთან მიმართებით გამყარებულია. თურქული ლირის შემდეგ, ყველაზე მაღალი გამყარების ნიშნული იაპონურ იენთან 13.35%-ია. გასულ კვირას კი იაპონურ ვალუტასთან ლარი 1.49%-ით გაუფასურდა. ნოემბერ-დეკემბრის საზიარო სავაჭრო კვირას ლარის შეწონილი კურსი ევროსთან მიმართებით 1.07%-ითაა გაუფასურებული, მაგრამ წლიურ ჭრილში ლარი ამ უკანასკნელთან 12.26%-ითაა გამყარებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. გასულ კვირას ლარი შერჩეული ვალუტებიდან უმეტესთან მიმართებით გაუფასურდა, მაგრამ ნომერ პირველი ექსპორტიორი ქვეყნის - თურქეთის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით მკვეთრად გამყარდა. ამდენად, გასულ კვირას ლარი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი არა თუ გაუფასურდა, პირიქით, გამყარდა. კერძოდ, ნოემბერ-დეკემბრის საზიარო კვირას ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.91%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირასაც 4.55% იყო. გასულ კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 129.7-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.36%-ს შეადგენდა. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით მკვეთრ სტაბილურობას ასახავს, რადგან ნოემბრის მეოთხე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა 1.18% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის შემცირებაზე.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 16.78%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 14.38% იყო. საბოლოოდ, გასულ კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის, როგორც წინა პერიოდთან, ასევე წლიურ ჭრილში გამყარების უფრო მაღალი ნიშნული, ამავე პერიოდის იმპორტზე ზრდის კუთხით იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან საქონელი და მომსახურების იმპორტიორი ქვეყნების ვალუტები გაუფასურებულია და მათთვის საქართველოდან იმპორტი უფრო ძვირი.