მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარმა წელი სტაბილურობით დაიწყო - სავალუტო მიმოხილვა (31.12 – 07.01)

61da9cc8ed520
ეგნატე შამუგია
10.01.22 09:00
4050
ლარისთვის ახალი წელი მცირედი გაუფასურებით, მაგრამ მკვეთრი სტაბილურობით დაიწყო. წლის პირველ სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.090 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.089-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.03%-იანი გაუფასურებაა, რაც გასული წლის ბოლო სავაჭრო კვირას 0.49%-ით იყო გაუფასურებული. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ნომინალური გაცვლითი კურსი ბოლო ორი კვირაა უფასურდება, რომელიც გასული წლის ბოლოს ხშირად მყარდებოდა. შედეგად, 2021 წლის ნოემბერში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.27%-ით გამყარდა, რაც დეკემბერში 2.09%-ია. მთლიანი წლის მანძილზე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 6.19%-ით გამყარდა.
 
მიმდინარე წლის პირველ სავაჭრო კვირას არამხოლოდ ლარი, არამედ სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული სხვა ვალუტებიც გაუფასურდა. გარდა ბრიტანული სტერლინგისა, შერჩეული ყველა ვალუტა გასულ კვირას გაუფასურებულია. მათ შორის, ყველაზე მეტით კვლავ თურქული ლირა გაუფასურდა. კერძოდ, წლის პირველ კვირას ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 4.25%-ით გაუფასურდა, რაც 2021 წლის ბოლო სავაჭრო კვირას გაცილებით მეტით, 25.05%-ით იყო გაუფასურებული. საერთო ჯამში 2021 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით, 78.81%-ით თურქული ლირაა გაუფასურებული. ლირა წინა წლებშიც უფასურდებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდის მკვეთრი და მასშტაბური გაუფასურებები ძირითადად მაღალი ინფლაციური პროცესების ფონზე მონეტარული პოლიტიკის მკვეთრ შემსუბუქებას უკავშირდება. სწორედ პოლიტიკის განაკვეთის შემცირების დროს ახასიათებდა ლირის ნომინალური გაცვლით კურსის დღიური ორნიშნა გაუფასურების მაჩვენებელი.

თურქული ლირის შემდეგ ყველაზე მეტით უკრაინული გრივნა, სომხური დრამი და რუსული რუბლი გაუფასურდა. მიმდინარე წელი უკრაინული ვალუტისთვის 0.76%-იანი გაუფასურებით დაიწყო, რაც გასულ წელს 3.71%-ით იყო გაუფასურებული. 2021 წლის მანძილზე შერჩეულ ვალუტებს შორის დრამი ყველაზე მეტით, 7.96%-ით გამყარდა, მაგრამ მიმდინარე წლის პირველი სავაჭრო კვირა 0.73%-ით გაუფასურდა. გასულ კვირას დრამთან შედარებით ნაკლებით, 0.59% რუსული რუბლი გაუფასურდა, რომელიც 2021 წლის ბოლო კვირას უფრო მეტით, 2.10%-ით იყო გაუფასურებული. წლიურ ჭრილში კი რუბლისთვის გასული წელი ნეგატიური აღმოჩნდა, რადგან რუსეთის ეროვნული ვალუტა 1.55%-ით იყო გაუფასურებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 31.12 – 07.01ს (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე სავალუტო ინტერვენცია არ განუხორციელებია. გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 03.01 – 07.01-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მიმდინარე წელი მერყეობის კუთხით ლარისთვის საკმაოდ პოზიტიური დასაწყისი იყო, რადგან იანვრის პირველ სავაჭრო კვირას ნომინალური გაცვლითი კურსის ყოველდღიური მაჩვენებელი კვირის საშუალოსთან მიმართებით საშუალოდ 0.09%-ი იხრებოდა. ამით კი ლარი გასულ კვირას უდავოდ გამორჩეული იყო, რადგან სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული სხვა ვალუტების მერყეობა გაცილებით მაღალია. მაგალითად, მკვეთრი გაუფასურების ფონზე ყველაზე მეტად არასტაბილური თურქული ლირა იყო. 2022 წლის პირველ სავაჭრო კვირას ლირის მერყეობა 2.34%-ს შეადგენს. გარდა ლირისა, მაღალი მერყეობა ახასიათებდა რუსულ რუბლს. სავაჭრო კვირის მანძილზე რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.02%-ით იხრებოდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 31.12/07.01 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

იანვრის პირველ სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი შერჩეული ვალუტებიდან უმეტესთან მიმართებით გამყარდა. გასულ კვირას ლარის კურსი მხოლოდ ბრიტანულ სტერლინგთან და აზერბაიჯანულ მანათთან გაუფასურდა. ამ უკანასკნელთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მცირე, 0.11% შეადგინა. გასულ წელს კი ლარის საშუალო შეწონილი კურსი მანათთან 5.53%-ით იყო გამყარებული. ამავე პერიოდში ლარი ბრიტანულ ვალუტასთან მიმართებითაც 6.86%-ით გამყარებულია, მაგრამ მიმდინარე წლის პირველ კვირას ლარის გაცვლითი კურსი სტერლინგთან მიმართებით 0.22% -ით გაუფასურდა. იანვრის პირველ სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი სხვა ვალუტებთან საშუალოდ 0.95%-ით გამყარდა. მათ შორის, ყველაზე მეტით, 2.60%-ით ლარი თურქულ ლირასთან მიმართებითაა გამყარებული, რომელიც გასულ კვირას დოლართან ყველაზე მეტით 4.25%-ით იყო გაუფასურებული. 2021 წელს ლარის საშუალო შეწონილი გაცვლით კურსი ყველაზე მეტით, 45.92%-ით სწორედ თურქულ ვალუტასთან მიმართებით გამყარდა. ლირის შემდეგ კი მაღალი გამყარების ნიშნული ევროსთან მიმართებით, 12.91% იყო. გასულ კვირას კი ლარის კურსი ევროსთან მცირედით 0.11%-ით გამყარდა. წლის პირველ სავაჭრო კვირას თურქული ლირის შემდეგ ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მაღალი ნიშნულით, 1.50%-ით რუსულ რუბლთან გამყარდა. ამდენად, ამ მხრივ წლის დასაწყისი ლარისთვის პოზიტიური აღმოჩნდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. წლის პირველ სავაჭრო კვირას, შერჩეული ვალუტებიდან, ლარი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - თურქეთის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით ყველაზე მეტით, 2.60%-ით გამყარდა. ასევე, კიდევ ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორის - რუსეთის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით ლარი 1.50%-ითაა გამყარებული. ეს კი ნომინალური ეფექტური კურსის ნიშნულში მკაფიოდ აისახა, რადგან ეფექტური კურსის ფორმირებაში ლირის წილი 17.5%-ია, ხოლო რუბლის კი - 14.6%. ამდენად, იანვრის პირველ სავაჭრო კვირას ლარი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიც მკვეთრად გამყარდა. კერძოდ, გასულ კვირას ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.53%-ითაა გამყარებული, რაც 2021 წლის ბოლო სავაჭრო კვირასაც 2.15%-ით იყო გამყარებული. გასულ კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 131.6-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.44%-ს შეადგენდა. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას ასახავს, რადგან 2021 წლის დეკემბრის ბოლო სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა 0.78% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის ზრდაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 20.31%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 16.19% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის პირველ სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდის კუთხით იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან საქონელი და მომსახურების იმპორტიორი ქვეყნების ვალუტები გამყარებულია და მათთვის საქართველოდან იმპორტი უფრო ძვირია.