მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა გზირიშვილი: კვლევებით დასტურდება, რომ ქვეყანაში ფინანსური განათლების დონე არც ისე სახარბიელოა

5f5f359b7fd1c
ლიკა გურაბანიძე
14.09.20 13:24
1429

როგორ მივიღოთ ფინანსური განათლება სებ-ის ახალი პლატფორმიდან? - ამის შესახებ “საქმიან დილაში” ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა ისაუბრა. გზირიშვილის თქმით, ონლაინ პლატფორმა - FinEdu.gov.ge კიდევ ერთი დამხმარე საშუალებაა იმისათვის, რომ საზოგადოების ფინანსური განათლების დონის ამაღლება მოხდეს.

“ფინანსური განათლება ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტია. სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ქვეყანაში ფინანსური განათლების დონე არც თუ ისე სახარბიელოა. ამ პლატფორმის შექმნაც ერთ-ერთი მორიგი ნაბიჯია იმისკენ, რომ მოსახლეობის ფინანსური განათლების დონე ავამაღლოთ. ბუნებრივია, ამ დრომდე ინტერნეტ სივრცეში გარკვეული მასალები არსებობდა, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი იყო ისეთი პლატფორმა შექმნილიყო, სადაც ფინანსური განათლების მიმართულებით არსებული სხვადასხვა ტიპის მასალა თავს ერთად მოიყრიდა. ყველა მასალა, რომელიც პლატფორმაზე განთავსდა, მიუკერძოებელი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებზე გათვლილია", - აღნიშნა გზირიშვილმა.

გზირიშვილის თქმითვე, სებ-ი მზადაა, იმ ორგანიზაციასთან თუ სახელმწიფო სტრუქტურასთან თანამშრომლობისთვის, რომელიც ფინანსური განათლების გავრცელებით არის დაინტერესებული.

“ამ პლატფორმაზე ინფორმაცია, განთავსებულია არის არა მხოლოდ ფინანსური მომსახურების მომხმარებილისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც ფინანსური განათლების გავრცელებით არიან დაინტერესებულები. მაგალითად, ისეთი ინფორმაციები, როგორიც არის ტრენინგ მოდულები, სახელმძღვანელოები და ბროშურები. ნებისმიერი მასალა, რომელიც ამ პლატფორმაზეა განთავსებული, არის უფასო, ჩამოტვირთვადი და შესაძლებელია, სწავლების პროცესში იქნას გამოყენებული.

ეს პლატფორმა იმის ერთ-ერთი მაგალითია, რომ არა მარტო თეორიული მასალა, არამედ სხვადასხვა ტიპის მედია მასალებიც გავავრცელოთ. გარდა ამ გვერდისა, FB გვერდიც შევქმენით, სადაც მასალები განთავსდება და ვეცდებით, რომ ეს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებზე იყოს გათვლილი", - განმარტა ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა.