18.ნოემბერი .2019 15:40

ლაშა პაპაშვილი - გამოსავალი შეიძლება ვადამდელი არჩევნები იყოს

views 513
უკან

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი BMG-ისთან საუბარში ამბობს, რომ მისი აზრით, ხელისუფლება ვალდებულია, პოლიტიკური ვითარების მკვეთრი პოლარიზება არ დაუშვას და ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადადგას. პაპაშვილის თქმით, არსებულ სიტუაციაში ერთ-ერთი გამოსავალი შესაძლოა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც იყოს. ამასთანავე, პაპაშვილი ამბობს, რომ ის იურიდიულ ასპექტზე ვერ ისაუბრებს, თუმცა კარგი იქნება თუ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივა მეორე მოსმენითაც დადგება.

“როგორც ყოველთვის, ორივე მხარეს სიმშვიდისკენ ვურჩევ, სიმშვიდეს სხვა ალტერნატივა არ აქვს, მე ვერ ვურჩევ დაძაბულობის ზრდისკენ. რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკაზე ცუდად მოქმედებს. არასტაბილური გარემო აფრთხობს ისედაც შემცირებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და შიდა ინვესტიციებს.

პოლიტიკური პროცესია, შეიძლება ერთი შეხედვით ადვილია ცვლილება, მაგრამ არ არის ადვილი. უფრო მეტად იურიდიულ ჭრილში.

მაჟორიტარებს შორის ბიზნესის წარმომადგენლებს ვიცნობ, კახა ოქრიაშვილს და ვიცი, რომ ის პირველი დღიდანვე წინააღმდეგი იყო ცვლილების. სხვების შესახებ ვერ გეტყვით, არ ვიცნობ კარგად პოლიტიკოს ბიზნესმენებს. როგორც ცნობილია, კახა ოქრიაშვილი გამოცხადებიდანვე არ იყო ამის მომხრე.

მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ არსებობს ამის ხელმეორედ დაყენების [პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება] საშუალება. მე არ ვიცი იურიდიული პროცედურა როგორი არის.

ბრიტანეთში არის ამჟამად ვადამდელი არჩევნები, ესეც არის გამოსავალი, როდესაც კრიზისია. სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ მხარეებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს. რომ არ იყოს პოლარიზება მოქალაქეების, პოლიტიკოსების, საზოგადოების. ეს არის უმთავრესი ვალდებულება სახელმწიფოსი. ამ მხრივ გამოსავალი უნდა იპოვონ, რომ დაწყნარდეს სიტუაცია.

დიდ ბრიტანეთში, 60-მილიონიან ერში არის ვადამდელი არჩევნები. საქართველოსაც ხომ ჰქონდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების პრაქტიკა. სიტუაციიდან გამოსვლისთვის, ესეც შეიძლება რომ იყოს გამოყენებული.

მე შევაჯამებ და ვიტყვი, რომ მთავრობის უპირველესი ვალდებულებაა, რომ ამგვარი პოლარიზება არ მოხდეს", - ამბობს ლაშა პაპაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობა პიკეტირებული აქვთ. შესაბამისად, დღეს 12:00 საათზე ჩანიშნული რეგიონული თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა ვერ ჩატარდა. 15:00 საათზე კი, პარლამენტის ბიურო იყო დაგეგმილი, რომელიც ჯერჯერობით ვერ დაიწყო.

საპროტესტო აქციები იმ საკონსტიტუციო პროექტის ჩაგდებამ გამოიწვია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებს. ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ 40 დეპუტატმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა; მათგან 36 პარლამენტარი უშუალოდ პროექტის ინიციატორი იყო, მაგრამ პოზიცია შეიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა