მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: ლარს რეზერვის მეტი დოზა სჭირდება

5f6b5cdd08649
თელარა გელანტია
23.09.20 19:33
1863
„თუ ავადმყოფს ძალიან ძლიერი ტკივილები აქვს, მას ტკივილგამაყუჩებელს უკეთებენ... ეროვნული ბანკიც ასე უნდა მოიქცეს - ძლიერი ტკივილის გასაყუჩებლად მეტი რეზერვი უნდა გაყიდოს“, - ასე ფიქრობს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი.

Bm.ge-ის რეპლიკას - „როცა ავადმყოფის მდგომარეობა მძიმეა, ტკივილგამაყუჩებლით შეიძლება მას ვუმკურნალოთ?!“, ბიზნესმენმა ასე უპასუხა:

„თუ მძიმედაა პაციენტი, მითუმეტეს წამლის მეტი დოზა სჭირდება; როცა ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ადამიანებს ღრმა ძილში უშვებენ ხოლმე და ისე აძინებენ, რომ ძილში იკურნება. ასეთი რამე გვჭირს ახლა ჩვენ. გასაგებია, რომ გლობალურადაა პრობლემა, პანდემია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკას არ აზიანებს, ამიტომ სებ-ს შეუძლია მეტი რეზერვი გაყიდოს და შექმნილ ვითარებაში თუნდაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ამ ხარჯვას გამართლება მოუძებნოს, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე პერსპექტივას ვხედავთ, მაგრამ თუ 5-10 წელი არაფერ სიკეთეს არ ელოდება ქვეყანა, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ რეზერვის გაყიდვას აზრი არ აქვს“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

მთლიანობაში ლაშა პაპაშვილის შეფასებით, დღეს ეკონომიკაში არის შოკი, რომელსაც მოხსნა სჭირდება და მთავარი ინსტრუმენტი ეროვნულ ბანკს გააჩნია.

„სებ-ი ახლა $40-$40 მლნ დოლარს ყიდის; როცა 2 წლის წინ მე ვამბობდი, რომ მეტი რეზერვი უნდა გაეყიდა ეროვნულ ბანკს, მან საერთოდ არაფერი გაყიდა, პირიქით ყიდულობდა დოლარს და ბაზრიდან ამოჰქონდა ვალუტა. ამან შექმნა ფონი, რომ ლარი სუსტია. სამწუხაროდ, ორი წელი ვიძახეთ, რომ ფუნდამენტის ფარგლებში არ დაეშვათ ლარის გაუფასურება, მაგრამ ვერ შევასმინეთ ეროვნულ ბანკს, დღეს კი, ამ სიტუაციაში $40-$40 მილიონის გაყიდვა არაა საკმარისი. რატომ არ ვყიდით მეტს?! ვფიქრობ მეტი დოლარი უნდა გაყიდოს ცენტრალურმ ბანკმა. მას კი ასეთი პოზიცია აქვს - ხომ ხედავთ, მე ვყიდი და არ შველის. დამეთანხმებიან სპეციალისტები, რომ რაც მოთხოვნაა, იმაზე 1 მილიონით მეტი უნდა გაყიდოს, რომ შოკი მოხსნას. ესაა ორჯერ ორი ოთხი. შოკს სჭირდება მოხსნა და ახლა გვაქვს შოკი“, - აცხადებს ბიზნესმენი.

ცნობისთვის:დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის რიგით მეთოთხმეტე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ინტერვენციის მიუხედავად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი 1.04 თეთრით 3.2641 ლარამდე გაუფასურდა. თავის მხრივ, დღესვე ლართან დაკავშირებით განმარტება გააკეთა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მისი თქმით, ლარი მის წონასწორულ კურსზე უფრო მეტად არის გაუფასურებული. ამასთან, მთავარი ბანკირი ამბობს, რომ ამჟამინდელი ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა. „მიუხედავად იმისა, რომ მცურავი კურსის პირობებში შეუძლებელია იმის თქმა, თუ სად არის ამა თუ იმ ვალუტის წონასწორული კურსი, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება”, - ირწმუნება სებ-ის პრეზიდენტი.