მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: სუსტი ლარის პოლიტიკამ არ გაამართლა და ასე გაგრძელება დაუშვებელია

5fb37d46269d6
თელარა გელანტია
17.11.20 15:36
998
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ლარის კურსის სტაბილურობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პოლიტიკას ისევ აკრიტიკებს. როგორც მან გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა, „სებ-ის ინტერვენციები მოჩვენებითია”.

„ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების გაყიდვების პოლიტიკა რომ არაეფექტურია, ამას ადასტურებს მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა, რომელიც დღეს მძიმე სიტუაციაშია”, - ამბობს ბიზნესმენი.

“რედიქს ჯგუფის“ მფლობელს მიაჩნია, რომ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა „პანდემიის პერიოდი მაინც შედარებით მყარი ლარით გადავიაროთ”.

„ბოლო 2 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის და ეკონომიკური ბლოკის მინისტრების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ კურსთან მიმართებაში მათი პოლიტიკა აბსოლუტურად კოლაფსშია. სუსტი ლარის პოლიტიკამ არ გაამართლა და დაუშვებელია ამის ასე გაგრძელება; ყველა ღონე უნდა იხმაროს ხელისუფლებამ, მათ შორის უნდა ხარჯონ რეზერვები, რომ პანდემიის პერიოდი მაინც შედარებით მყარი ლარით გადავიაროთ.

სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის ინტერვენციები მოჩვენებითია, ერთი ხელიდან გამოდის ლარი ბაზარზე ანუ იბეჭდება მეტი ლარი და მისი სტერილიზაცია არ ხდება ანუ ადეკვატური დოლარი არ იყიდება; ეს მოჩვენებითია. არ ვიცი რატომ უშვებს ამას მთავრობა, მაგრამ ეროვნული ბანკი რომ შეცდომაშია, ეს ფაქტია, და ეს ეტყობა ბიზნესებს, იმიტომ რომ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია მცირე და საშუალო ბიზნესი“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

ცნობისთვის: 2020 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესარბილებლად 22 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $747.2 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. 16 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. დოლართან კურსის ცვლილებამ 0.53 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.3004 ლარი გახდა. ევროსთან კი ეროვნული ვალუტა 1.29 თეთრით გაუფასურდა. შედეგად ერთი ევრო ამჟამად 3.9090 ლარი ღირს.