მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ხუციშვილი აზარტული თამაშების ბიზნესის კრიტიკას არ იზიარებს - მინისტრის პასუხი

61a4944e0504f
შოთა ტყეშელაშვილი
29.11.21 13:12
816
აზარტული თამაშების უფლება საქართველოს 1 მილიონ მოქალაქეს აეკრძალება, მათ შორის არიან 25 წლამდე პირები, ასევე საჯარო მოხელეები და სოცდაუცველები. პარალელურად, იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამირება, 60-65%-ით იზრდება საგადასახადო დაბეგვრის ბაზა ონლაინ-აზარტული თამაშების მიმართულებით. იკრძალება აზარტული თამაშების სატელევიზიო და გარე რეკლამირება.

ცვლილება 1 კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაანონსა, რასაც აზარტული თამაშების სექტორისგან კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. BMG-სთან საუბარში საქართველოს აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი მამულაიშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი ცვლილებები ინდუსტრიას 20 წლით უკან დააბრუნებდა.

დღეს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის გაურკვეველია, რატომ მიიჩნევს სექტორი, რომ დაანონსებული ცვლილებები მათ 20 წლით უკან დახევს. ამასთან, ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში საკითხზე დაინტერესებულ პირებთან დისკუსია შედგება.

“უახლოეს პერიოდში დაიწყება განხილვები, როორც დაინტერესებულ პირებთან, ასევე საქართველოს პარლამენტშიც.

მე არ ვიცი, რატომ ამბობს სექტორი, რომ ამ რეგულაციით 20 წლით უკან დავბრუნდებით, თუ ახლა რეგულირების მასშტაბს შევხედავთ, ეს ბიზნესი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არის რეგულირებული და თან საკმაოდ მკაცრად. ვერ გავიზიარებ პათოსს, რომ სათამაშო ბიზნესის რეგულირება რაიმე სახის სურპრიზი უნდა იყოს ვინმესთვის. მეორე ნაწილი, რომელიც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, არის განსხვავებული პრაქტიკები, არის 21-წლიანი ზღვრები, არის 23-წლიანი ზღვრებიც, არის 25-წლიანი ზღვარიც, ზოგან საერთოდ აკრძალულია ანუ ამ მიმართულებით საკმაოდ განსხვავებული პრაქტიკებია.

ხმელეთის თუ ონლაინ-თამაშების მიმართულებით იქნება ერთიანი ზღვარი და 25 წლამდე პირებს აეკრძალებათ თამაში. ჩვენ მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ზღვარი იყოს 25 წელი. არგუმენტებს მოვისმენთ, თუმცა ეს არის ის გადაწყვეტილება, რაც ამ ეტაპისთვის არის მიღებული.

რაც შეეხება საგადასახადო დაბეგვრის ბაზას, ის წარმოდგენილია და შემუშავებულია მხოლოდ ონლაინ-აზარტული თამაშების ოპერატორებისთვის.

ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია სათამაშო ბიზნესის ოპერატორისთვის, რომელთაც ეკრძალებათ ამ სერვისის მიწოდება ამ პირებზე და თუკი ოპერატორი დაარღვევს რეგულაციას, მაშინ გათვალისიწნებული იქნება სწორედ მათთვის შესაბამისი თანხობრივი სანქციები.

შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება და წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებული იქნება, რომ შესაძლებელია დაასახელო, ვინ არის კონკრეტული გადაცემის სპონსორი ან კონკრეტული გუნდის სპონსორი ან სპორტული ღონისძიების სპონსორი, სადაც ლოგოს განთავსება აიკრძალება,” - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

ეს დაგეგმილი რეგულაციების სრული პაკეტი არაა, რადგან ასევე იგეგმება ერთი პირიდან მეორეზე, სათამაშო საიტის სისტემის გამოყენებით თანხის გადარიცხვის აკრძალვაც. ამასთანავე, დაგეგმილ ცვლილებს შორისაა უცხოურ სათამაში ვებგვერდებზე თანხის გადარიცხვის აკრძალვა, რაც კომერციული ბანკებისთვის და საგადახდო პროვაიდერებისთვის კონკრეტულ ანგარიშებზე თანხის გადარიცხვის აკრძალვით განხორციელდება. 

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ცვლილებები იქნება შემუშავებული იმგვარად, რომ მათ გამო სახელმწიფოსთვის გადახდილი გადასახადების მოცულობა არ შემცირდეს, რადგანაც ონლაინ-აზარტული თამაშების მიმართულებით გადასახადები 60-65%-ით იზრდება.