მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ხუციშვილი მთავარ გამოწვევებს ასახელებს - ვიდეოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს

6066f73a6c225
ინგა მურუსიძე
02.04.21 15:14
1185

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნება, როგორც მოკლევადიან, ისე საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში. ამის შესახებ საუბარია ვიდეოკომენტარში, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ხუციშვილი მინისტრად გუშინ დაამტკიცა, თუმცა ახალ ფინანსთა მინისტრს მთავრობის სხდომის შემდეგ თავის ხედვებზე არ უსაუბრია და შესაბამისად, არც ჟურნალისტების კითხვებისთვის უპასუხია. 

1.5-წუთიან ვიდეოში ლაშა ხუციშვილი დაწყებული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზეც საუბრობს. 

„საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ ფისკალური დეფიციტი ხასიათდებოდეს შემცირებადი ტრენდით, რაც საშუალებას მოგვცემს, შევამციროთ ის საგარეო ვალი, რომელიც ქვეყანას პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად გაეზარდა. ეს უახლოესი პერიოდის ძირითადი გამოწვევებია.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ტემპი და გაგრძელდეს რეფორმები, რომლებიც ფინანსთა სამინისტროში მუშავდებოდა როგორც - ფისკალური, ასევე საგადასახადო მიმართულებით, მათ შორის საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების კუთხით.  ამ მხრივ ჩვენი მუშაობა ბიზნეს საზოგადოებასთან ერთად, მათი ჩართულობით და თანამონაწილეობით კიდევ უფრო გააქტიურდება “, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ცნობისთვის: ლაშა ხუციშვილი ფინანსთა მინისტრის პოსტზე 1 აპრილს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ივანე მაჭავარიანი შეცვალა.