მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლაზიკა კაპიტალი": იქნება საუბარი სესხების რესტრუქტურიზაციაზე

5e7386b19c238
ვიქტორია მღებრიშვილი
19.03.20 22:00
1649
ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ჩვენი მომხმარებლებისთვის შეღავათების გაწევა, - ამის შესახებ BM.GE-ის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ გენერალურმა დირექტორმა ბესიკ შენგელიამ განუცხადა.

მისი თქმით, მისი მართვის ქვეშ მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კორონავირუსის გავრცელებამდეც უკეთებდა შეღავათებს თავის მსესხებლებს. დღეს არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე კი „ლაზიკა კაპიტალი“ სესხების რესტრუქტურიზაციას მსესხებლების მიმართვის საფუძველზე, ინდივიდუალურად გააკეთებს.

„ბანკების მხრიდან სასესხო შეღავათების გაკეთებამ ერთგვარი პიარის სახე მიიღო. ჩვენ შემთხვევაში იგულისხმებოდა და მუდმივად იგულისხმება, რომ ჩვენ გარკვეულ შეღავათებს ვუკეთებთ ჩვენს მომხმარებლებს მსგავს სიტუაციებში. კორონამდეც იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც მსესხებელს ექმნებოდა გადახდისუნარიანობის პრობლემა და ჩვენ ჩვეულებრივად ვთავაზობდით რესტრუქტურიზაციას.

გადავწყვიტეთ, რომ იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი მსგავსი მოთხოვნით მოგვმართავს, გავუკეთოთ ერთთვიანი, ორთვიანი ან სამთვიანი შეღავათი სესხების რესტრუქტურიზაციის კუთხით, გააჩნია ვის როგორ აწყობს. ჩვენ თავი შევიკავეთ მასიური შეთავაზებისგან, იმიტომ, რომ არ გვინდოდა პანიკის გამოწვევა, ხდება ხოლმე ისეც, რომ ზოგს აქვს დანაზოგი და მასიური შეთავაზება, რომ გაგვეკეთებინა, შესაძლოა პანიკის საფუძველზე მოემართათ ჩვენთვის.

ჩვენ არ გვაქვს ამის რესურსი და მთავრობის მხრიდან არც არაფერი გაჟღერებულა რომ დაგვეხმარებიან, მეორე მხრივ შექმნილი სიტუაციის ფონზე, უცხოელების ვიზიტებიც გაუქმებულია და ფინანსური რესურსი ქვეყანაში არ შემოდის, ასეთ "ცაიტ ნოტურ" მდგომარეობაში ვართ. უბრალოდ ჩვენ მისიას ვასრულებთ და ვალდებულები ვართ დავეხმაროთ მსესხებლებს, მეორე მხრივ არ გვინდა შევაჩეროთ სესხის გაცემები.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები აპირებენ შეაჩერონ გაცემები და ჩვენ ბოლომდე გვინდა ჩვენს მისიას ვემსახუროთ და ამ რთულ პერიოდში არ შევზღუდოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მოსახლებისთვის... და ვიყოთ კრიზისული მდგომარეობისთვისაც მზად“, - განაცხადა ბესიკ შენგელიამ.

ცნობისთვის, დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მომხმარებლისთვის შეღავათების გაკეთებაზე მუშაობენ.