მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სიღარიბის აღქმა მმართველი პარტიის მხარდამჭერებშიც უარესდება - NDI-ის კვლევა

61f254380ea4e
ვიქტორია მღებრიშვილი
27.01.22 12:15
1227
საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგების მიხედვით, რომელსაც NDI აქვეყნებს, საქართველოში სიღარიბის აღქმა მმართველი პარტიის მხარდამჭერებშიც უარესდება.

2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარებული გამოკითხვით ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა 51% ფიქრობს, რომ 10 წლის განმავლობაში სიღარიბესთან მიმართებით მდგომარეობა გაუარესდა, 29% თვლის, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა და მხოლოდ 19% ამბობს, რომ გაუმჯობესდა.

ოპოზიციის მხარდამჭერებში სიღარიბის აღქმა 88%-ია, ხოლო იმ გამოკითხულებში, რომლებსაც პარტია არ დაუსახელებიათ, 81%-ია.

კრიმინალის აღქმის ნაწილში "ქართული ოცნების" მხარდაჭერთა 31% თვლის, რომ მდგომარეობა გაუარესდა; 38%-ის აზრით, არ გაუარესებულა, 23% მიიჩნევს, რომ გაუმჯობესდა და 8%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. ოპოზიციის მხარდამჭრების 83% კი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესებულია, 10% თვლის, რომ არ გაუარესებულა; 2% - გაუმჯობესდა; ხოლო 5%-ს პასუხი არ აქვს; უპარტიო გამოკითხულთა 64%-ც ამბობს, რომ ამ მხრივ მდგომარეობა გაუარესდა, 21%-ის აზრით, არ გაუარესებულა, ხოლო 6% მიიჩნევს, რომ გაუმჯობესდა.

ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან მიმართებით "ქართული ოცნების" მხარდაჭერთა უმრავლესობა - 57% თვლის, რომ მდგომარეობა არ გაუარესებულა, 31% - გაუარესდა; 23% კი მიიჩნევს, რომ გაუმჯობესდა.

განათლების სფეროში მდგომარეობის გაუმჯობესებაზე თავის აზრს "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა 39% აფიქსირებს, 21% ამბობს, რომ არ შეცვლილა, 32% ამბობს, რომ გაუარესდა და 8%-მა არ იცის რა უპასუხოს;

ოპოზიციის მხარდამჭერთა უმრავლესობა - 64% თვლის, რომ ბოლო 10 წელში განათლებაში მდგომარეობა გაუარესდა, 18%-ის აზრით, არ გაუარესებულა და 12% ამბობს, რომ გაუმჯობესდა. უპარტიო გამოკითხულთა 55%-იც მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით მდგომარეობა გაუარესებულია.

“ეკონომიკური სიდუხჭირე მოქალაქეებისთვის კვლავაც მთავარი გამოწვევაა და სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების ძალისხმევა. მოსახლეობის პრიორიტეტები მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს. მოსახლეობა უკვე წლებია ეკონომიკური პრობლემების შესახებ საუბრობს. პოლიტიკოსებისადმი გაჩენილი ნიჰილიზმის ფონზე, პოლიტიკურმა ლიდერებმა დროულად უნდა იმოქმედონ, რათა მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარება და საზოგადოებაში ნდობის ამაღლება შეძლონ“, - აცხადებს NDI საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი.

ცნობისთვის: კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ.