18.დეკემბერი .2020 23:00

Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს

Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
views 9127
უკან

ქართული კრეატიული სააგენტო Leavingstone-ი ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.

EBRD-ი აღნიშნავს, რომ მათი და ევროკავშირის მხარდაჭერით, საერთაშორისო მრჩეველი დაეხმარა ციფრულ სააგენტო Leavingstone-ს განემტკიცებინა საკუთარი ორგანიზაციული სტრუქტურა და დაეწყო საერთაშორისო გაფართოების პროცესი.

Leavingstone-ი 2010 წელს დაარსდა. საქმიანობის 10-წლიანი პერიოდის განმავლობაში კომპანიამ ქართული ციფრული მარკეტინგის განვითარებას შეუწყო ხელი და გახდა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდოს - “კანის ლომის” მფლობელი.

EBRD-ის ინფორმაციით, მათი მხარდაჭერით, კომპანიის მიერ უცხოეთში გამართული შეხვედრების შედეგად, კომპანიის საერთაშორისო კლიენტების რაოდენობა 2-დან 10-მდე გაიზარდა. შედეგად, Leavingstone-ის კლიენტები გახდნენ Siemens-ი; Deutsche Telekom-ი; Netflix-ი და სხვები.

“ამ კონტრაქტებმა კომპანიის შემოსავლების ზრდა უზრუნველყო”- აღნიშნავს EBRD.

“წავედით ბერლინში, რადგან გვინდოდა გავცნობოდით და საფუძველი ჩაგვეყარა შესაძლო სამომავლო ბიზნესისთვის გერმანელ კლიენტებთან. ახლა უკვე ვმუშაობთ პირველ პროექტებზე, რათა ოფისი გავხსნათ ბერლინში, ”- ამბობს ერეკლე ზურმუხტაშვილი, კომპანიის CEO.

მისი თქმით, ეს იქნება ახალი, საინტერესო და რთული მოგზაურობის დასაწყისი, რომლის შედეგადაც კომპანია ზრდას და განვითარებას უკვე საერთაშორისო დონეზე გააგრძელებს.