მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლეგიმ“ ბიზნესის განვითარებისთვის გასულ წელს €1.3 მლნ-ის ინვესტიცია ჩადო - რა გაკეთდა?

63cfb8b94815f
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.23 09:30
811
ბეტონის ნაკეთობათა მწარმოებელი ქართული კომპანია „ლეგის“ განვითარებისთვის გასულ - 2022 წელს 1.3 მლნ ევროს ინვესტიცია ჩაიდო. როგორც კომპანიის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი სერგო ლექვინაძე BM.GE-სთან განმარტავს, თბილისში არსებული წარმოებასა და სერვისის გაუმჯობესებისთვის კომპანიამ შემოსავლების რეინვესტირება მოახდინა.

მისი ინფორმაციით, დღეს თბილისის ქარხნის წარმადობა დღე-ღამეში 50 000 ცალი 20 სმ-იანი ბლოკია და ეს დაახლოებით 10-ჯერ მეტია, ვიდრე ქვეყანაში ნებისმიერი ქარხნის მიერ წარმოებული ბლოკის მოცულობა. საამქროს ამოქმედებამ კი კომპანიას მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტის შეთავაზების შესაძლებლობა მისცა.

„2022 წელს „ლეგის“ თბილისის ქარხნის ტერიტორიაზე ახალი ქვის სამტვრევი საამქრო დავამატეთ, საიდანაც დიზაინის ელემენტების გამოშვება დავიწყეთ - ფასადის სამშენებლო ბლოკი, ფასადის ფილები და ფასადის აგური, კიბის საფეხურები, კიბის ელემენტები, ღობის სვეტის ქუდები და ღობის შემადგენელი ნაწილები, ანუ ყველაფერი ის, რაც ეზოს მოწესრიგებასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად ჩვენთან უკვე ნებისმიერი სახის მოსაპირკეთებელი მასალის შეძენაა შესაძლებელი“, - აღნიშნა სერგო ლექვინაძემ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას.

„ლეგის“ განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი, საქსტატზე დაყრდნობით ამბობს, რომ 2021 წელს „ლეგი“ ფილების წარმოებით ბაზრის 30-33%-ს, სამშენებლო ბლოკების წარმოებით კი 5-7%-ს ფარავდა, რამეთუ მათი მთავარი საქმიანობა მოსაპირკეთებელი ფილების წარმოებაა. ლექვინაძე ამბობს, რომ 2022 წელს ბაზრის მოცვა უფრო მეტი იქნება და ამის ოფიციალური მონაცემები გაზაფხულისთვის ექნებათ.

გასული წელი „ლეგისთვის“ პროდუქტების დამატებასთან ერთად, მომსახურების სრულყოფითაც გამოირჩეოდა და ჯამურად 2022 წელს კომპანიამ განვითარებისთვის 1.3 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა.

„ლეგის“ კონკურენტულ უპირატესობა ისაა, რომ ჩვენთან მოსვლისას მომხმარებელს სრული მომსახურება, ანუ ყველაფერი ერთ სივრცეში ხვდება - ყველაფერი რაც დაკავშირებულია ინდივიდუალურ ან მრავალსართულიანი სახლის მშენებლობასთან, მისი ეზოს მოწესრიგებასთან, ღობის, დიზაინის ჩართვასთან. ამასთან, მომხმარებელს პროდუქტის შეძენის შემდეგ სამუშაოების განხორციელების სერვისსაც ვთავაზობთ, რაც გამოცდილ ბრიგადებს გულისხმობს, რომლებსაც ფილის დაგებისა და სამშენებლო სამუშაოების შესრულება შეუძლიათ. ამას სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, რადგან ფილების დაგება მხოლოდ აწყობით არ ხდება.

სერვისის ნაწილში, 2022 წელს დიზაინერის მომსახურება დავამატეთ, რომელიც უფასოა. ნებისმიერ კლიენტს შეუძლია მოვიდეს და მიიღოს ეს სერვისი, რაც დიზაინერის მიერ ეზოს ნახვას, ფილებით მოწყობის დიზაინის ელექტრონული ვერსიის შექმნას და მომხმარებლისთვის შეთავაზებას გულისხმობს. დასტურის შემდეგ ჩვენ ფილებსა და ბრიგადას ეზოს შესაბამისი დიზაინით მოსაწყობად ვაგზავნით", - აღნიშნა „ლეგის“ განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორმა.

ლექვინაძე აღნიშნავს, რომ დღეს მოთხოვნის 70% კორპორატიულ შეკვეთებზე, ხოლო ინდივიდუალურზე 30% მოდის. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ფიზიკური პირებისგან ძალიან დიდი მოთხოვნა წამოვიდა.

"მომხმარებელს ძალიან ბევრი სახეობისა და ფერის ფილას და ბლოკს ვთავაზობთ. საჭიროა მხოლოდ დამკვეთების ფანტაზია და სურვილები და ჩვენ მათ პროდუქტთან ერთად მომსახურებასაც გავუწევთ.

მინდა აღვნიშნო, რომ "ლეგის" წარმოებაში ნედლეული სრულად ქართულია. რამდენიმე წელია კომპანიამ კარიერი შეიძინა, საიდანაც ბალასტით მომარაგება ხდება, ამასთან წარმოებაში ადგილობრივი წარმოების ცემენტს ვიყენებთ და თუ ფერზეა საუბარი, პიგმენტები გერმანიიდან და პოლონეთიდან შემოგვაქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად "ლეგის" პროდუქტი სრულად ადგილობრივი ნედლეულით იწარმოება და ქართული პროდუქტია“, - ამბობს ლექვინაძე.

ცნობისთვის: „ლეგის“ მიმდინარე წლიდან წარმოების ზრდა აქვს დაგეგმილი. ქარხნის ახალ პროექტს კომპანია ქუთაისში განახორციელებს, რისთვისაც 5-6 მლნ ევროს ინვესტიციას ჩადებს. ადგილზე მოეწყობა შოუ-რუმიც, რომელიც ქარხნის ამოქმედებამდე გაიხსნება.