მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლეგის“ ქართული წარმოების ფილები ექსპორტზე გავიდა - გეგმები

63cfbf755cb0e
ვიქტორია მღებრიშვილი
30.01.23 09:00
1359
„ლეგიმ“ ბეტონის მოსაპირკეთებელი ფილები ექსპორტზე სომხეთში გაიტანა. კომპანიის მიერ საქართველოში წარმოებული ფილები ექსპორტზე პირველად გასული წლის ოქტომბერში გავიდა.

„ლეგის“ განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორმა სერგო ლექვინაძემ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას კომპანიის საექსპორტო მიმართულების განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბეტონის ნაკეთობების ლოგისტიკის სიძვირის გამო პროდუქციის შორ მანძილებზე რეალიზება ვერ ხერხდება.

„ლეგი“ ბეტონის ნაკეთობებს აწარმოებს, რაც საკმაოდ ძვირია, შესაბამისად, მისი ტრანსპორტირება ძვირი ჯდება, ამიტომ საექსპორტოდ შორეული ქვეყნის მიმართულებით ექსპორტის განხორციელება საკმაოდ პრობლემატური იყო. რამდენიმე წლის უკან ჩვენ ტენდერის გზით საქართველო-სომხეთის საზღვარზე არსებული ტერმინალი მოვაწყვეთ, რის შემდეგაც ჩვენი პროდუქციით სომხური კომპანიები დაინტერესდნენ და გასულ წელს ოქტომბრიდან სომხეთში ექსპორტი დავიწყეთ. ვფიქრობ, მიმდინარე წელი ექსპორტის განვითარების კუთხით უფრო მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა ლექვინაძემ.

კითხვაზე - გაყიდვებში რა წილი შეიძლება ექსპორტმა დაიკავოს, კომპანიის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ეს რეალიზების 10% იყოს.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირი ჯდება, ამიტომ ექსპორტს ჩვენს წარმოებაში დიდი წილი არ ექნება, თუმცა ვფიქრობთ, თუ გაყიდვების 10% ექსპორტზე მიიმართება, ეს ჩვენთვის ძალიან კარგი მოცულობები იქნება. გვინდა, „ლეგის“ მიერ წარმოებული ქართული პროდუქტი მეზობელ ქვეყნებშიც იყოს წარმოდგენილი“, - აღნიშნა სერგო ლექვინაძემ.

ცნობისთვის: ბეტონის ნაკეთობათა საწარმო „ლეგი“ ადგილობრივ ბაზარს მოსაპირკეთებელ ფილებსა და სამშენებლო ბლოკებს 2011 წლიდან სთავაზობს და ისეთ მსხვილ პროექტებში მონაწილებს, როგორიცაა ბათუმის ბულვარი , ბოტანიკური ბაღი , ფოთისა და ბათუმის ტერმინალი, სომხეთის საბაჟო გამშვები პუნქტი და სხვა. დღეისთვის კომპანია თბილისსა და ქობულეთში 2 ქარხანას მართავს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ ევროა და ჯამში 150-ზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნის. მიმდინარე წლიდან კი კომპანია უკრაინული ინვესტიციით ქუთაისში ახალი ქარხნის მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რაც კომპანიის წარმადობას 30-40%-ით გაზრდის.