მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლეგის“ შეთავაზება ქალაქის თვითმმართველობებს - „გზების დაგება საგზაო ფილებით“

63d3c091d5c1a
ვიქტორია მღებრიშვილი
27.01.23 18:32
1330
ბეტონის ნაკეთობების მათ შორის ტროტუარის მოსაპირკეთებელი, საგზაო და ინდუსტრიული ფილების მწარმოებელი კომპანია „ლეგი“ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქის თვითმმართველობებს გზების დაგებას საგზაო ფილებით სთავაზობს.

„ლეგის“ განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი სერგო ლექვინაძე BM.GE-სთან ამბობს, რომ ამ შეთავაზებას კომპანია სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი შეხვედრებისას ადგილობრივ თვითმართველობებს წარუდგენს და ინტერესი მათი მხრიდან არის.

„იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ქალაქსა და რაიონში მოძველებული საკანალიზაციო სისტემები და წყალგაყვანილობაა, რომელიც მიწის ქვეშ არის განთავსებული, სახელმწიფოს არაცენტრალურ, დამხმარე გზებზე ბეტონის და ასფალტის დაგების ნაცვლად, ჩვენი ფილების დაგებას ვთავაზობთ. ამ შემთხვევაში მიწისქვეშ არსებული მილების დაზიანებისას, ისინი მარტივად გამოიცვლება და სახელმწიფოს დამატებითი ხარჯი არ ექნება, რადგან შესაძლებელია ფილების ამოღება და დაზიანებული ადგილის შეკეთება და ფილების ისევ ჩალაგება.

მაგალითად თბილისის ერთ-ერთ უბანში, რამდენიმე წლის წინ, ძალიან ლამაზი სკვერი გავაკეთეთ, 6 თვეში იქ მილი დაზიანდა და მთელი უბანი დაიტბორა. ეს მილები ამოიყარა, რა დროსაც ბორდიურები დაზიანდა, მაგრამ ყველა ფილა დაუზიანებლად ისევ დააგეს“, - ამბობს სერგო ლექვინაძე.

კომპანიის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი ამბობს, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის ფილებით მოპირკეთება ნაკლებ ხარჯთან იქნება დაკავშირებული და უფრო პრაქტიკულია. ამ მიმართულებით „ლეგიმ“ ახალი პროდუქტები შექმნა, რომელიც უფრო იაფია ძველებურ ქვებთან შედარებით.

„ჩვენ ახლა დავამზადეთ ახალი პროდუქტი გრანიტის ქვისგან - ბრუშატკა, რომელიც ძველებულ იერს აძლევს გზას. თუ ძველებური სტილის ქვების ფერი აქამდე შეზღუდული იყო, ჩვენ ბაზარს ყველა ფერის ქვას ვთავაზობთ, მისი თვითღირებულება კი 25 ლარის ფარგლებშია, ამ ქვების ფორმა, აქამდე არსებული ქვების ანალოგიურია, თუმცა სიმტკიცე და მდგრადობა უფრო მეტია“, - ამბობს ლექვინაძე და დასძენს, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ძალიან ბევრი ისტორიული უბანია და ძველებურ სტილში ქუჩების მოპირკეთება ტრენდულია.