მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლიბერთი“ უნივერსალური ბანკი ხდება - ვასილ ხოდელი

613b174d75b4f
ვიქტორია მღებრიშვილი
10.09.21 13:41
2096
„ლიბერთი ბანკმა“ 9 სექტემბერს საზოგადოებას განვითარების ახალი სტრატეგია წარუდგინა, რომლის სლოგანია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“.

სტრატეგია 4 ძირითადი მიმართულებისგან შედგება: • მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების შექმნა; • უმაღლესი დონის მომსახურების დანერგვა;  • ახალი სეგმენტებისთვის საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის, აგრო ბიზნესის განვითარების შეთავაზება; • ბანკის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ძლიერი, მდგრადი და ღია კორპორატიული კულტურის დანერგვას.

„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი „საქმიან დილაში“ ბანკის ახალ სტრატეგიაზე დეტალურად საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათთვის საბანკო პროდუქტების გამრავალფეროვნება, ბიზნესზე ორიენტირებულობა და მომსახურების ხარისხის წინ წამოწევა მთავარია.

„ჩვენი გზავნილია, რომ „ლიბერთი“ უნივერსალური ბანკი ხდება. ის ჩამოყალიბდება ბანკად, რომელიც აქტიური არამხოლოდ საცალო სეგმენტში, არამედ ბიზნეს მიმართულებითაც უნდა იყოს. ეს უნდა იყოს ბანკი, რომელიც ადამიანებს, მათ ოჯახებსა და ბიზნესებს ცხოვრებას გაუუმჯობესებს. პრინციპები, რომელსაც დავეყრდნობით ის არის, რომ მომსახურება მომხმარებელზე უნდა იყოს ორიენტირებული და მათ რაც სჭირდებათ იმის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რა შესთავაზოს.

მომსახურების ხარისხის წამოწევა ჩვენთვის პრიორიტეტულია. ამ მხრივ სხვადასხვა სეგმენტში უნდა გავაქტიურდეთ, განსაკუთრებით ბიზნესის მიმართულებით და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ავაშენოთ მდგრადი, ღია კორპორატიული კულტურა“, - განმარტავს ბანკის გენერალური დირექტორი.

მისი ინფორმაციით, ეს პროცესი დაახლოებით 1.5 წლის წინ დაიწყო. „ლიბერთი ბანკის“ 5-წლიანი სტრატეგიის ფორმალიზება 2021 წლის დასაწყისში მოხდა. კითხვაზე, რას უნდა ელოდოს მომხმარებელი ბანკის მიერ შემუშავებული ახალი სტრატეგიის შედეგად, ვასილ ხოდელი პასუხობს:„ახალი გუნდი, ახალი ფიქრი, ახალი პროდუქტები - შესაბამისად, მომხმარებელი უნდა ელოდოს რომ მათი თვალით დანახული პროდუქტების შეთავაზება მოხდება; სერვისის ხარისხი უნდა ამაღლდეს და ეს უნდა იყოს მარტივი, იმიტომ რომ ბანკებს რთული ენით საუბარს გვსაყვედურობენ... ეს უნდა იყოს მარტივი და გასაგები; ამასთან მომსახურება და პროდუქტები იქნება ხელმისაწვდომი, რადგან „ლიბერთის“ საქართველოში ბანკებს შორის ყველაზე დიდი ქსელი აქვს და რაც მთავარია, მზრუნველი - ეს ცალკე ნაწილია“.

ვასილ ხოდელი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნილი პროდუქტების მნიშვნელობასაც აღნიშნავს.

„ჩვენს სტრატეგიაში მცირე და საშუალო ბიზნესი ის ნაწილია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საშუალო ფენას ქმნის. ეს ის მიმართულებაა, სადაც აქტიური ვიქნებით. ამასთან განსაკუთრებით გავაქტიურდებით, წარმოების ნაწილში, რომელიც ვთვლით, რომ საკმაოდ საინტერესო და მნიშნელოვანია; ლიბერთი, ბოლო პერიოდში დაანონსებული ყველა პროგრამის წევრია; ამასთან აგრო სფერო ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება“, - ამბობს ბანკის გენერალური დირექტორი და დასძენს, რომ ბანკის ფილიალების განშლადობა მათ ამ სეგმენთტან ურთიერთობას გაამარტივებს და საბანკო პროდუქტებს კერძო სექტორისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

„ლიბერთი ბანკს“ ქვეყანაში ყველაზე დიდი დაფარვა აქვს. ეს ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობაა. იმ წერტილებში, სადაც ადრე ბანკი კონკრეტულ ნიშებში იყო წარმოდგენილი და ე.წ. ტრანზაქციული ბანკინგით იყო დაკავებული, დღეს, ჩვენ უკვე ბიზნესის მხარდაჭერას და დაფინანსებას, ამ წერტილებში სადაც ეს სერვისი წარმოდგენილი არ იყო, როგორც სერვისის კომპონენტს ჩავრთავთ“, - ამბობს ვასილ ხოდელი.

კითხვაზე, მოხდება თუ არა ბანკინგის მომსახურების ჩანაცვლება ახალი მიმართულებებით, „ლიბერთი ბანკის“ დირექტორი აღნიშნავს, რომ ბანკში ტრანსფორმაციის პროექტია დაწყებული.

„შექმნილია საკმაოდ დიდი ტრანსფორმაციის გუნდი, რომელსაც გაწერილი პროგრამა გააჩნია, რაც ბანკის უნივერსალიზაციას მოიაზრებს. თუ ჩვენი თანამშრომლები დღეს „ტრანზაქციული ბანკინგით“ არიან დაკავებულები, ხვალ უკვე გაყიდიან სხვადასხვა პროდუქტებს და ტრანზაქციული ნაწილი მათ ცხოვრებაში უფრო ნაკლები მდგენელი იქნება. შესაბამისად, ვცდილობთ დავალაგოთ სისტემა, რომელიც ჩვენს მომხმარებელთან ურთიერთობისთვის მეტ დროს დაგვიტოვებს და ჩვენს თანამშრომელს უფრო უნივერსალურს გახდის“, - განმარტავს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი და დასძენს რომ, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები „ლიბერთი ბანკი“ მომხმარებლის, მათ შორის უფროსი თაობის წარმომადგენლების ერთგული დარჩება.