მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლელო" ბიზნესომბუდსმენად გახარიას კადრის დანიშვნა მიმართულია წინასაარჩევნოდ ბიზნესის მკაცრად გაკონტროლებისკენ

5dca90a922dfb
BM.GE
12.11.19 15:10
1080
საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელოს“ შეფასებით, ბიზნესომბუდსმენად გიორგი გახარიას კადრის დანიშვნა წინასაარჩევნოდ ბიზნესის მკაცრად გაკონტროლებისკენაა მიმართული.

Bm.ge “ლელოს“ შეფასებას უცვლელად გთავაზობთ:

„იმ ფონზე, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ უზრუნველყოფენ ბიზნესის დაცვას უკანონო ჩარევებისა და ზეწოლებისგან, სახელმწიფოს, პრაქტიკულად, მიტაცებული აქვს სასამართლო ხელისუფლება, კიდევ უფრო სუსტად გამოიყურება ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ბიზნესის უფლებების დასაცავად.

დღემდე, ბიზნესომბუდსმენი ყოველთვის იყო პრემიერ-მინისტრის მორჩილი პირი და ვერ მოქმედებდა დამოუკიდებლად. კანონით, ბიზნესომბუდსმენს ერთპიროვნულად არჩევს პრემიერი და ნიშნავს მას თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობით. მეტიც, სწორედ პრემიერს ანიჭებს კანონი ერთპიროვნულ უფლებამოსულებას, ნებისმიერ დროს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თანამდებობიდან გაათავისუფლოს ბიზნესომბუდსმენი. აღნიშნული მოწმობს, რომ ბიზნესომბუდსმენს არ გააჩნია პრემიერისგან დამოუკიდებლობის მინიმალური გარატიებიც კი, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ბიზნესომბუდსმენის როლის განხორციელებას - მიუკერძოებლად და სამართლიანად დაიცვას ბიზნესის ინტერესები სახელმწიფოს შესაძლო უკანონო და თვითნებული მოქმედებებისგან.

საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელო’’ მიიჩნევს, რომ ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი უნდა იყოს რეალური და არა ილუზორული. ამისთვის, სხვა საკითხებთან ერთად, აუცილებელია შეიცვალოს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის წესი. ბიზნესომბუდსმენი განსაზღვრული ვადით უნდა აირჩიოს პარლამენტმა, ხოლო კანდიდატურები პარლამენტს ბიზნეს ასოციაციებმა და სამოქალაქო სექტორმა უნდა წარუდგინონ.

ეს ცვლილებები შექმნის ბიზნესომბუდსმენის ეფექტური და დამოუკიდებელი საქმიანობის რეალურ გარანტიებს, გააუმჯობესებს ბიზნესგარემოს საქართველოში და გაზრდის ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობას.

ამავდროულად ვეხმიანებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხელისუფლება გეგმავს ამ თანამდებობაზე გიორგი გახარიას კადრი, ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსანი დანიშნოს, რაც ვერ გააჩენს საჭირო ნდობას ინსტიტუტისადმი და აღქმული იქნება, როგორც წინასაარჩევნოდ ბიზნესის მკაცრად გაკონტროლებისკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯი“, - ნათქვამია განცხადებაში.