12.სექტემბერი .2019 18:45

“ლელო” დაფუძნდა, მოძრაობის შემქმნელების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბიოგრაფია

views 482
უკან

მამუკა ხაზარაძემ დღეს ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ლელო" დააფუძნა. პრეზენტაცია ოკუპირებული აფხაზეთიდან 4 კილომეტრში, ანაკლიაში, ზღვის სანაპიროზე გაიმართა.

პრეზენტაციაზე მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, მისი განახლების მნიშვნელობაზე და საქართველოს მოქალაქეებისთვის დადებითი დღის წესრიგის შექმნის აუცილებლობაზე. ბიზნესიდან პოლიტიკაში მიმავალმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული უძრაობა და უიმედობა სწრაფი განვითარებით უნდა შეიცვალოს, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ახალმა მოძრაობამ საზოგადოებაში "ახალი ტალღის შემოტანა" უნდა შეძლოს.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბიოგრაფია:

მამუკა ხაზარაძის მიერ 1992 წელს დაფუძნებეული "თიბისი" დღეს საქართველოს უმსხვილესი ბანკია. მისი აქტივები 15.5 მილიარდ ლარს აჭარბებს. "თიბისის" ჯგუფი დღეს ერთ-ერთია იმ ქართულ კომპანიათა შორის, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

მამუკა ხაზარაძემ 1988 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი ინჟინერის სპეციალობით დაამთავრა, 1998-2000 წლებში კი ის ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში სწავლობდა.

1988-1990წწ. იყო საპროექტო ტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი, 1992 წელს კი მან "თიბისი ბანკი" დააფუძნდა. 1992 წლიდან 2019 წლის მარტამდე, მამუკა ხაზარაძე "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ამ თანამდებობის დატოვება მას საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების გამო მოუწია.

1995 წელს მამუკა ხაზარაძემ საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპაია დააფუძნდა. მას კომპანია ბორჯომის პრეზიდენტის პოზიცია 1995-2004 წლებში ეკავა. 1997-2007 წლებში მამუკა ხაზარაძეს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის პოსტი ეკავა. 2007 წელს მამუკა ხაზარაძემ ლისის ტბის განვითარების კომპანია დააფუძნა.

2016 წელს საქართველოს მთავრობამ მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულად გამოაცხადა, რის შედეგადაც კომპანიამ შავი ზღვის სანაპიროზე ახალი პორტის მშენებლობის ლიცენზია მიიღო.

2018 წელს მამუკა ხაზარაძისა და მისი ბიზნესპარტნიორის, ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ პროკურატურამ ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება დაიწყო. საქმე 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს შეეხება. 2018 წელსვე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "თიბისი" ამ ტრანზაქციების ფარგლებში სებ-ის მოთხოვნების დარღვევისთვის ერთი მილიონი ლარით დააჯარიმა. 2019 წლის 24 ივლისს პროკურატურამ მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.

2019 წლის 6 სექტემბრამდე, მამუა ხაზარაძე "ანაკლია ჰოლდინგის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. 

ბადრი ჯაფარიძის ბიოგრაფია:

განათლება

ბადრი ჯაფარიძეს დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაულტეტი.1982-1985 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი, 1985 წლიდან კი თსუ-ს შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი.

1990-1991 წლებში ბადრი ჯაფარიძე საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი იყო. პარლამენტის ვებგვერდის მიხედვით, ის ონის რაიონის მაჟორიტარი იყო. 

1992 წელს ის დაინიშნა თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ხოლო 1993 წელს - თიბისი ბანკის ვიცე პრეზიდენტად.

1995 წელს ბადრი ჯაფარიძე IDS Borjomi Beverages Co.N.V.-ის საქართველოს ფილიალის - ეი დი ეს ბორჯომი საქართველოს ვიცე პრეზიდენტი, ის ამ კომპანიის თანადამფუძნებელი გახდა, 2004-2010 წლებში ის ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო.

1995 წელს ჯაფარიძე თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა, 1996 წელს კი ამავე საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა, აღნიშნული თანამდებობა მას 2019 წლამდე ეკავა, სანამ სებ-ის ვიცეპრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე მას და მამუკა ხაზარაძეს დაავებული თანამდებობების დატოვება არ მოუწიათ.

ბადრი ჯაფარიძემ 2001 წელს გაიარა აღმასრულებელთათვის განკუთვნილი კურსი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში.

2004 წელს ბადრი ჯაფარიძე საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის თანადამფუძნებელი და მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა.

2006 წელს ბადრი ჯაფარიძე აირჩიეს ევროპა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, მოგვიანებით კი ის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა. 2008 წელს ის აირჩიეს გეოპლანტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.

ბადრი ჯაფარიძე 2019 წლის 6 სექტემბრამდე "ანაკლია ჰოლდინგის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა