მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლელო" ეროვნული ბანკის არქივებიდან "პროგრეს ბანკის" ტრანზაქციების ამოღებას მოითხოვს

5db0997b73629
თელარა გელანტია
23.10.19 22:16
1286
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ „პროგრესბანკის“ საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებასა და გასაჯაროებას მოითხოვს.

ამის შესახებ მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ მოვისმინეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ „პროგრეს ბანკი“ არის გაუქმებული და მისი დოკუმენტების შემოწმება შეუძლებელია, ეს მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკი ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან და პროკურატურასთან ერთად „თიბისი ბანკის“ არათუ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის, არამედ მთელი 12 წლის საქმიანობის დეტალურ შემოწმებას ატარებს.

ეროვნული ბანკის დამოკიდებულება და მისი განცხადებები ზიანს აყენებს ქართულ საბანკო სისტემას, სახელმწიფო სტრუქტურებს და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს საქმიან სივრცეში. ეს განცხადებები აშკარად ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკი არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი.

სასწრაფოდ მოვითხოვთ „პროგრეს ბანკის“ საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებას და გასაჯაროებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ „პროგრეს ბანკი“ დღეს არ არსებობს და შეუძლებელია მისი შემოწმება“.