10.ნოემბერი .2020 15:48

„ლელო“ ე.წ. კომენდანტის საათს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

„ლელო“ ე.წ. კომენდანტის საათს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
views 324
უკან

პარტია "ლელო“ ე.წ. კომენდანტის საათს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს - პარტიაში აცხადებენ, რომ გადაადგილების უფლების შეზღუდვით გაყალბებულ არჩევნებს ფარავენ. საქმე იმაშია, რომ 9 ნოემბერს ღამის 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე საქართველოს მთავრობის დადგენილებით კომენდანტის საათი ამოქმედდა. რომელიც მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების უფლებას უკრძალავს.

აღნიშნულ თემაზე “ლელო” ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ რეგულაცია არის ცალსახად არაკონსტიტუციური, რის გამოც პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და სარჩელთან ერთად აყენებენ შუამდგომლობას, რომ სასამართლომ შეაჩეროს კომენდანტის საათის მოქმედება

“ლელო” ერთ-ერთი ლიდერის თორნიკე ართქმელაძის თქმით, რეგულაცია არაკონსტიტუციურია რადგან პანდემიის დროს ადამიანებს გადაადგილების უფლება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს და პრეზიდენტის დეკრეტის გაცემის საფუძველზე ეზღუდებათ, რეგულაცია კი რომელიც კონკრეტულ საათებში მოქალაქეების გადაადგილების უფლებას კრძალავს არცერთს არ ითვალისწინებს.

“კანონი რომლის საფუძველზეც აღნიშნული რეგულაციაა მიღებული, მთავრობას არ აძლევს უფლებას შეზღუდოს პირების გადაადგილება, ასევე არ აძლევს უფლებას შეზღუდოს ადამიანების შეკრება და მანიფესტაცია. აღნიშნული რეგულაცია არის არაპროპორციული და არ ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. სარჩელთან ერთად ვითხოვთ, რომ შეჩერდეს კომენდანტის საათი. საკონსტიტუციო სასამართლოს კი მივმართავთ, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში დაასრულოს პროცესი და მიიღოს გადაწყვეტილება. საქართველოს მთავრობამ და უხეშად დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუცია,” - განაცხადა ართქმელაძემ.

“კომენდანტის საათის გამოცხადება მიმართულია იმ ხალხის ხმების ჩასახშობად, ვინც აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას”, - ამის შესახებ ბრიფინგზე “ლელო” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანა გალდავამ ისაუბრა.

“ეპიდემია ღამის ათი საათის შემდეგ ნამდვილად არ აქტიურდება, ეს პირდაპირ მიმართულია იმ ადამიანების ხმების ჩახშობისკენ, რომლებიც აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს. მოსახლეობას მოპარეს ხმები და მისი დაბრუნების უფლებასაც ართმევენ. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და დავიცავთ ხალხის ხმას,” - განაცხადა გალდავამ.

“ლელო” დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან სამუშიას თქმით, მთავრობამ საქართველოს კონსტიტუციას გვერდი აუარა და ამ ფორმით მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.

“სამწუხაროდ საქართველოს კონსტიტუციაზე წინ ბიძინა ივანიშვილის ნება დგას, სწორედ ივანიშვილის გამო მიიღეს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება. კოვიდ პანდემიას მხოლოდ მოკავშირედ იყენებენ. ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, მაგრამ წინა გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ყველამ კარგად ვიცით, რომ სასამართლო არის ზეწოლის ქვეშ. სწორედ ივანიშვილის ნების გატარებაა, სასამართლოზე ზეწოლა, მისივე ნების გატარებაა, ადამიანების თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა. მთავრობა საერთოდ გავიდა სამართლებრივი სივრციდან და უარყოფენ საქართველოს კონსტიტუციას. საქართველოს მოსახლეობა ქვეყანაში, კონსტიტუციის ფარგლებში, ხმის და თავისუფლად, როგორც გადაადგილების ისე ცხოვრების უფლებას დაიბრუნებს,” - აღნიშნა სამუშიამ.
(NS)