მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლელო" ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას ეხმაურება

5ebd5bb05d851
BM.GE
14.05.20 18:52
1332
პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პრესკონფერენცია გამართეს საერთაშორისო ექსპერტის, პოლინ დევიდის დასკვნასთან დაკავშირებით.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყველა დასკვნა მიუთითებს ერთსა და იმავე ფაქტს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და საქმეში არანაირი დანაშაული არ იკვეთება.

"მე მგონია, რომ უკვე არ დარჩა დედამიწის ზურგზე ქვეყანა, ექსპერტი და ადამიანები, რომლებიც არ არიან ინფორმირებული ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ჯაფარიძის ე.წ. საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ბოლო 2 წელია, მიმდინარეობს ჩვენ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულად. დღეს ჩვენ მოვისმინეთ და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენც დღეს წავიკითხეთ ეს დასკვნა, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ არის მომზადებული. ეს გახლავთ ავსტრალიელი ექსპერტი, რომელიც 30 წელია, ამ სფეროში მოღვაწეობს და ეს არის უკვე მერამდენე დასკვნა იმისა, რომ არათუ ფულის გათეთრებას, არამედ არანაირ დანაშაულს არ ჰქონია და ვერ ექნებოდა ბუნებაში ადგილი 12 წლის წინანდელ საქმეზე. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და მისი პროკურატურის მიერ დასმული მოსამართლეების და საერთოდ, მართლმსაჯულების გაუკუღმართებული სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე ჩვენ წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ყველას, რომ სასწრაფოდ შეწყდეს ეს საქმე.

ჩვენ ვძლიერდებით, ვიზრდებით და ეს იმის დასტურია, რომ მათ ეშინიათ და ამ შედეგს ჩვენ მათ ვაჩვენებთ ოქტომბერში, როცა "ქართულ ოცნებას" გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა და ბოლო 8 წელიწადია, ჩვენი ქვეყანა არის დამუხრუჭებული. საზოგადოება არის პოლარიზებული, მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები. ,,ქართულმა ოცნებამ" იმასაც მიაღწია, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე ხმამაღლა თქვეს ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან ნელა, რა თქმა უნდა, სამართალი ურმით მოძრაობსო, როგორც ქართული ანდაზა გვეუბნება, მაგრამ სამართალი აუცილებლად იზეიმებს და უკვე იზეიმა. მათ ვერ მოახერხეს ჩვენი დისკრედიტაცია ვერანაირად და ვერც მოახერხებდნენ. ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საუკუნის პროექტი - ანაკლიის პროექტი გაჩერებულიყო. და ამის გზად აირჩიეს ჩემი და ბადრი ჯაფარიძის - ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი აქტორების დისკრედიტაცია, რაც მათ არ გამოუვიდათ. მე პირობას ვდებ ქართველი ხალხის წინაშე, რომ ოქტომბერში ჩვენ ,,ქართულ ოცნებას" გავისტუმრებთ და საუკუნის პროექტს დავიწყებთ აუცილებლად, რასაც ანაკლია და ანაკლიის ქალაქი ჰქვია" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პრესკონფერენციაზე ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პანდემიით სარგებლობს ხელისუფლება, ის ცდილობს, თავისი პოლიტიკური დივიდენტების მისაღებად გამოიყენოს და გააგრძელოს რეპრესიები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.

"ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენება. უნდა დასრულდეს ეს იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს ნორმალური განვითარება. ყველაზე დიდი პრობლემა დღეს, რა თქმა უნდა, არის ის, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენ მოვახერხოთ კარგი შედეგების შენარჩუნება, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა არის ის, რომ პანდემიით სარგებლობს ხელისუფლება, ცდილობს, ის თავისი პოლიტიკური დივიდენტების მისაღებად გამოიყენოს და ცდილობს, გააგრძელოს რეპრესიები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს სრულიად დამოუკიდებელმა ცნობილმა ექსპერტმა გააკეთა დასკვნა, სადაც ამხილა პრაქტიკულად ეს 2 წლიანი პროცესი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მიმდინარეობს. ყველა სახელმწიფო ინსტრუმენტის გამოყენება ხდებოდა 2 წლის განმავლობაში ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ რაც მთავარია, დღეს ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც უნდა დავიწყოთ ამ მანკიერი სისტემის ნელ-ნელა გასტუმრება და ჩვენ უნდა ერთხელ და სამუდამოდ მივაღწიოთ ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობას. ეს არის მთავარი მიზანი, ეს არის თავისუფლების ძირითადი წყარო - კანონის უზენაესობა და ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.