მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლელომ" კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით წინადადებები წარმოადგინა

5e68e3079855a
BM.GE
11.03.20 17:08
647
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრებმა ლაშა ბაქრაძემ, გიგლა მიქაუტაძემ და ვატო სურგულაძემ ბრიფინგი გამართეს კორონავირუსის გავრცელების რისკების შემცირებისა და ვირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური რისკების შესახებ.

ლაშა ბაქრაძემ ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი ისე, როგორც არასდროს, რადგან ეს არის სერიოზული გამოწვევა.

,,პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ გაგაცნობთ ჩვენს წინადადებებს კორონოვირუსის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. ეს არ არის ვიწრო პარტიული საკითხი, ეს არის ზეპარტიული, საზოგადო საკითხი. ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი ისე, როგორც არასდროს, რადგან ეს არის სერიოზული გამოწვევა. ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ ავადმყოფობის პრევენციისათვის. ვითხოვთ, უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდონ, თუ რა ნაბიჯები იგეგმება”, - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

ვატო სურგულაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია მოხდეს თვითიზოლაციის კონტროლის მექანიზმების გამკაცრება და ვირუსის გავრცელების რისკების შემცირება. ამისთვის აუცილებელია, მთავრობამ გამოსცეს სამართლებრივი აქტი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოში ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებას საჯარო სექტორის, საზოგადოებისა და კერძო სექტორის მონაწილეობით.

სურგულაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის ყველაზე დიდ რისკს დაავადების გავრცელება წარმოადგენს.

ამისათვის საჭიროა, თვითიზოლაციის კონტროლის მექანიზმების გამკაცრება, დასჯის მექანიზმებზე მსჯელობა, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინის გამოცხადება, სასწავლო დაწესებულებების დახურვა, „ერთი საავადმყოფოს“ პრინციპის გამოყენება, როცა ინფიცირებული პაციენტი იზოლირებული იქნება, ხოლო დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტები განთავსდებიან ცალკე დაწესებულებაში.

ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო მზად უნდა იყოს ქალაქების კარანტინისთვის, რომ რამდენიმე ქვეყნის ცუდი მაგალითი არ განმეორდეს.

გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია, მთავრობამ შეიმუშაოს გრძელვადიანი ანტიკრიზისული გეგმა.
,,სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს მთავრობა უნდა მოემზადოს ყველაზე ცუდი სცენარისთვის და შეიმუშაოს გრძელვადიანი ანტიკრიზისული გეგმა. კერძოდ, შექმნას 1 მილიარდ ლარიანი სტაბილურობის ფონდი, რომელიც გამოყენებული იქნება კრიზისის სიმწვავის მიხედვით. ეროვნულ ბანკთან და პარლამენტთან უნდა განიხილოს რეფინანსირების გრძელვადიანი სესხების შემოღების საკითხი, როგორც ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების დროებითი ინსტრუმენტი. ტურისტული ბიზნესისთვის აუცილებელია გადავადდეს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადახდა და შემუშავდეს მათი მიმდინარე საბანკო ვალდებულებების ახალი გრაფიკი.

შესაბამისად, მთავრობამ სასწრაფოდ უნდა წარმოადგინოს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პროგრამა და დაიწყოს მოლაპარაკება კრედიტორებთან სახელმწიფო საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე, როგორც ფორსმაჟორული ღონისძიება.

ყველა ასეთი ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, რომელსაც ყველაზე მეტად შეეხება შესაძლო კრიზისი. მთავრობამ უნდა იმოქმედოს ეფექტურად იმისთვის, რომ ამ ვითარებაში კომპანიები გადარჩნენ და არ გაიზარდოს უმუშევრობა’’ - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.
NS