11.აგვისტო .2020 14:17

“ლელოს“ გუნდს დეპუტატი ლევან კობერიძე შეუერთდა

views 382
უკან

“ლელო“ გუნდს ახალი წევრი ჰყავს. პოლიტიკურ გაერთიანებას დამოუკიდებელი დეპუტატი - ლევან კობერიძე შეუერთდა, რომელიც დღეს ბრიფინგზე „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელო“ ფართოვდება ერთ-ერთი მთავარი მიზნისთვის, რომელიც ქვეყნის განვითარებას ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სხვა მიმართულებებით ეხება.

„ლელო“ იზრდება მთელი საქართველოს მასშტაბით და მას უერთდებიან გამორჩეული ლიდერები. ამ წლების განმავლობაში ისინი ამტკიცებენ, რომ არიან სამართლიანები და უკომპრომისოები, სწორედ ასეთია ლევან კობერიძე. მინდა, მას ვუსურვო წარმატება და ყველა იმ იდეის განხორციელება, რომელიც აღელვებს თითოეულ ჩვენგანს. ჩვენ გვინდა, ეს ქვეყანა იყოს წარმატებული, სამართლიანი და მივაღწიოთ ყოველდღიური გამარჯვების სერიას - ეკონომიკაში, მედიცინაში და სხვა სფეროებში,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


„დღეს ქვეყანას სჭირდება ახალი ალტერნატიული ცენტრი რათა ქვეყანაში დავასრულოთ ორპოლუსიანობა,“ - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა და „ლელოს“ წევრმა ლევან კობერიძემ ბრიფინგის დროს განაცხადა.

„იმისათვის, რომ ეს ცენტრი იყოს რაც შეიძლება წარმატებული, ისევ ჩვენი მოქალაქეებისთვის უნდა დავდგეთ ერთად. ეს ალტერნატივა უნდა იყოს „ლელოსთან“ ერთად. მე დიდხანს ვაკვირდებოდი ამ გუნდს და აღმოვაჩინე, რომ გვაქვს საერთო ღირებულებები. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, ეს არის ჩვენი ვალდებულება და ყველას აქვე მოვუწოდებ, ყველა იმ პოლიტიკურ ძალას თუ ინდივიდუალურ პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეს, ვისაც უნდა, რომ ქვეყანაში იყოს სიახლე, იყოს ალტერნატიული ძლიერი პოლიტიკური ცენტრი, ჩვენ გავაძლიეროთ ერთმანეთი, ვითანამშრომლოთ და ჩვენ ასე მივაღწევთ წარმატებას - იმ ორპოლუსიანობის დამარცხებას, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ყველანი ვლაპარაკობთ. მე ვიძლევი იმის პირობას, რომ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებ ამ გუნდში,“- აცხადებს კობერიძე.

„ლელო“ ახალი გუნდის წევრის შემოერთებას პოლიტიკური გაერთიანების გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძეც ეხმაურება და იმ საერთო ღირებულებებზე საუბრობს, რომელიც პარტიასა და ლევან კობერიძეს აქვს.

„კმაყოფილი ვარ, რომ ლევან კობერიძე დღეს ჩვენს რიგებშია და ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულება, რაც გვინდა გავუზიაროთ ჩვენს მოსახლეობას - ხედვები, რომლებიც ყალიბდება ერთმანეთთან მსჯელობაში , ხედვები, რომლებიც ეხება საქართველოში ყველა სფეროს მოდერნიზაციას, ყველა სფეროში რეფორმას. ლევანს აქვს ძალიან საინტერესო შეხედულებები, რომლებიც ბევრ რამეში ჩვენსას ემთხვევა. ჩვენ გავაგრძელებთ იმაზე შრომას, რომ მოსახლეობას გავაცნოთ ჩვენი გეგმები და ის მოსაზრებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას,“- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პოლიტიკურ გაერთიანებას „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი - ლევან სამუშია შეუერთდა.