მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლექვინაძის თქმით, გახარიასგან ფარმაცევტული სფეროს სიღრმისეული მონიტორინგის დავალება მიიღო

no photo
ვიქტორია მღებრიშვილი
10.12.19 12:18
946

"მე, პირადად მაქვს დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, რომ ფარმაცევტული სფეროს მონიტორინგის პროცესი განხორციელდეს სიღრმისეულად",  - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, როგორც კი, ფარმაციის სფეროს მონიტორინგის პროცესი დასრულდება მომხმარებლის წინაშე დეტალური ანგარიშით წარსდგებიან. ამასთან, ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ კონკურენციის სააგენტო მონიტორინგის პროცესში ევროპულ გამოცდილებას გაიზიარებს.

„მონიტორინგის პროცესი დაწყებულია მიმდინარე წლის დასაწყისიდან. დღეს ჩვენ ვმართავთ შეხვედრას სფეროს წარმომადგენლებთან, ასევე სპეციალისტებთან, ჩამოსული არიან ექსპერტები, პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს კონკურენციის სააგენტო, რათა მათი მხრიდანაც მოხდეს ევროპული გამოცდილების გაზიარება.

დღევანდელ შეხვერაზე გვაქვს ორი მთავარი საკითხი: პირველი - საუბარი იქნება იმაზე, წლის დასაწყისიდან დღემდე სააგენტოს მხრიდან  მონიტორინგის პროცესის რა ჩარჩო გვაქვს გაკეთებული, თუ როგორ არის ფასები განსაზღვრული, თუ როგორ ვთანამშრომლობთ კომპანიებთან და რა ინფრომაციები გვაქვს მიღებული; ასევე, ვისაუბრებთ იმ მეთოდოლოგიურ მიდგომებზე, რომელიც ეყრდნობა ევროპულ გამოცდილებას. განხილვა მიდის სექტორთან ერთად, რადგანაც სექტორთან კონსულტაციები ამ ნაწილში არის აუცილებელი.

მე, პირადად მაქვს დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, რომ ფარმაცევტული სფეროს მონიტორინგის პროცესი განხორციელდეს სიღრმისეულად და როგორც კი სამუშაო დასრულდება, დეტალური ანგარიში იქნას წარმოდგენილი მომხმარებლის წინაშე“, - ამბობს ლექვინაძე.  

როგორც კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ამ შეხვედრას არანაირი კავშირი არ აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაჟღერებულ ფასების რეგულირების საკითხთან.

შეგახსენებთ, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე შეხვედრას მართავს, სადაც მოწვეულნი არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები.