მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორელი რუსებისთვის ვიზის გაცემის აკრძალვას მხარს არ უჭერს

6304cec8a27e1
მარიამ ვარადაშვილი
23.08.22 16:50
1045
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემის აკრძალვას მხარს არ უჭერს. "ყველა რუსს ევროკავშირში შესვლა აუკრძალო კარგი აზრი არ არის"- ამბობს ბორელი და დასძენს, რომ სელექციური მიდგომაა საჭირო.

ამას გარდა, მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ევროკავშირმა სანქციების სხვადასხვა პაკეტში რუს ოლიგარქებს უკვე აუკრძალა საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა, თუმცა მისი თქმით, აკრძალვას ვერ შემოიღებენ, რადგან რუსეთის დატოვება ბევრ მოქალაქეს სურს შექმნილი სიტუაციის გამო.

“300 ათასზე მეტმა რუსმა დატოვა ქვეყანა, რადგან მათ არ სურთ პუტინის მმართველობაში ცხოვრება. ჩვენ ვაპირებთ ამ რუსებს კარი მივუხუროთ? არ ვფიქრობ, რომ კარგი იდეაა”,-აცხადებს ბორელი.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვიზების გაცემის აკრძალვის საკითხს მომავალ კვირაში განიხილავენ. ევროკავშირისგან რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემის შეწყვეტას უკრაინული მხარე ითხოვს.

“მოვუწოდებ ევროკავშირსა და G7-ის სახელმწიფოებს შეწყვიტონ რუსებზე ვიზის გაცემა. პრეზიდენტი ზელენსკი სრულიად მართალია, როცა ამას ითხოვს. რუსების დიდი უმრავლესობა უკრაინაში ომს მხარს უჭერს. მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრის გადაკვეთის უფლება მანამ, სანამ მის პატივისცემას არ ისწავლიან”, - დაწერა 10 აგვისტოს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ტვიტერზე.