30.ოქტომბერი .2019 14:20

ლევან ახვლედიანი - "კონტი ჯგუფს" სურვილი ჰქონდა, ყოფილიყო ანაკლიის გენერალური კონსტრუქტორი

ლევან ახვლედიანი -
views 991
უკან

პარლამენტში მიმდიბარე სხდომაზე "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ "კონტი ჯგუფს" თავდაპირველად ჰქონდა სურვილი თავად გამხდარიყო პორტის სამშენებლო სამუშაოების ძირითადი კონტრაქტორი კომპანია. ახვლედიანის თქმით, ეს სურვილი რეალობად არაერთი ფაქტორის გამო ვერ იქცეოდა, რის შემდეგაც "კონტი ჯგუფის" ინტერესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ შემცირდა. 

"მათ თავის დროზე ჰქონდათ გარკვეული ინტერესი, რომ ყოფილიყვნენ გენერალური კონტრაქტორი; რომ ყოფილიყო ერთდროულად აქციონერიც და მშენებელიც. ამაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს არ გამოვიდოდა გარკვეული სტანდარტების და მიზეზების გამო. ალბათ შემდეგ დაკარგეს ის ინტერესი ამ პროექტის მიმართ. ასევე იყო ფაქტორები, რომელთა დასახელებაც არ მინდა", - ამბობს ლევან ახვლედიანი. 

ამასთანავე, ლევან ახვლედიანი "კონტი ჯგუფის" მიერ კონსორციუმის დატოვების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ საჯაროდ ვერ ისაუბრებს იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც, "კონტიმ" კონსორციუმიდან გასვლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ახვლედიანის თქმით, "კონტი" დროებით რჩება აქციონერთა რიგებში, თუმცა კომპანია კონსორციუმის დატოვების სურვილს კვლავ ინარჩუნებს. 

"რაც შეეხება “კონტის”, მათი თავდაპირველი გასვლის მიზეზები, ჩვენ ძალიან გვიჭირს საჯაროდ საუბარი, რადგან ეს არის კერძო მოლაპარაკების საგანი, მე ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ "კონტი ჯგუფთან" მოლაპარაკების შედეგად, მათ გადაწყვიტეს გასვლა პროექტიდან. ამაზე ზაფხულში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას მათი აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებით, რომლის ფორმალობებიც უნდა დასრულებულიყო 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს. ეს ფორმალობები გაიწელა, ვერ მოხერხდა ამ დროში მთავრობის ნებართვის აღება “კონტის” წილების გამოსყიდვასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ “კონტი ჯგუფს”, რომ გაგვეგრძელებინა ეს ვადა. მათ გადაწყვიტეს, რომ ეს ვადა არ გაეგრძელებინათ და დარჩენილიყვნენ აქციონერებად. მათ გამოთქვეს ასევე სურვილი, რომ დატოვონ ეს პროექტი, მაგრამ დღეს დღის წესრიგში არ დგას რაიმე ტრანზაქცია ან თუნდაც საუბარი მათი აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებით. ამიტომ ისინი რჩებიან აქციონერებად, თუმცა ინარჩუნებენ გასვლის სურვილს", - ამბობს ლევან ახვლედიანი. 

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საერთაშორისო კონკურსის შედეგად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის გენერალურ კონსრტუქტორად ფრანგული სამშენებლო კომპანია Eiffage დაასახელა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მთავრობას შესათანხმებლად ფრანგული კომპანია Eiffage-ის, შვეიცარიულ კომპანია ABB-სა და ქართული კომპანია Caucasus Road Project-ისგან შემდგარი სამშენებლო კონსორციუმი წარუდგინა. 





მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა