14.ოქტომბერი .2019 18:41

ლევან ახვლედიანი: ანაკლიაში ადგილზე სამუშაოები პრაქტიკულად შეწყვეტილია

views 480
უკან

ანაკლიის განვითარების აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ანაკლიის პორტის პროექტის მიმდინარეობის შესახებ განმარტება გააკეთა. ახვლედიანი ამბობს, რომ კონსორციუმმა კონტი ჯგუფის ჩამნაცვლებლად მთავრობას სამი კანდიდატი წარუდგინა, რომელთაგან ორი Meridan Capital Limited-ი და ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ია. ლევან ახვლედიანის თქმით, მესამე კანდიდატი ამერიკული ფონდია, რომლის სახელსაც ის ამ ეტაპზე საჯაროდ ვერ დაასახელებს.

კონსორციუმის დირექტორი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ბურთი მთავრობის მხარესაა, შესაბამისად, კონსორციუმის წინადადებაზე პასუხი სწორედ ხელისუფლებამ უნდა გასცეს.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა ხდება ამჟამად უშუალოდ ანაკლიის ტერიტორიაზე, ლევან ახვლედიანმა უპასუხა, რომ ანაკლიაში ამჟამად სამუშაოები პრაქტიკულად შეზღუდულია. კონსორციუმი ასევე აცხადებს, რომ ადგილზე არსებული მტვერის პრობლემას, რაც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის, ორი თვის ვადაში მოუძებნიან გადაწყვეტას.

“[ანაკლიაში] არ მიმდინარეობს სამუშაოები. ჩვენ ვიცით, რომ არის კონკრეტული პრობლემა მტვერთან დაკავშირებით. კონკრეტული პრობლემა წარმოიქმნება იმ 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშის გამო, რაც იქ არის განთავსებული. ახლა მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება, რომ აღმოვფხვრათ ეს პრობლემა, რომ მოსახლეობას არ ჰქონდეს ამასთან დაკავშირებული პრობლემები. დაახლოებით, ორი თვე დასჭირდება ამ პრობლემის მოგვარებას.

ადგილზე სამუშაოები პრაქტიკულად შეწყვეტილია, მიწის დაჯდომის სამუშაოები დამთავრდა.

ქვიშის პრობლემა შეიქმნა იმიტომ, რომ ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ მიწის დაჯდომისთანავე დავიწყებდით სამშენებლო სამუშაოებს, მშენებელობის დაწყება ერთ-ერთი გამოსავალია, რომ ეს პრობლემა მოიხსნას, რადგან მასზე ზემოდან ბეტონის საფარი იქნებოდა დაგებული,” - განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით განცხადება კონსორციუმის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემაც გააკეთა. ხაზარაძის განცხადებით, სახელმწოფო დღეს ამ პროექტის წარმატებით დაინტერესებული არაა. 

„ბოლო შეხვედრა ბანკებთან სახელმწიფოს წარმომადგენლებს ჰქონდათ რამდენიმე თვის წინათ, მას შემდეგ არანაირი ინტერაქცია, არანაირი კითხვა, არანაირი გამოსავლის ძებნა სახელმწიფოს მხრიდან, თუ რას ფიქრობენ ბანკები, არ იყო… მსგავსი პროექტები ასე არ კეთდება. წელიწადში ორჯერ რომ შეხვდები ბანკებს და ისიც ბანკების სურვილით და მერე დაჯდები და ელოდები კაბინეტში, რა შეიძლება მოხდეს, ასეთი პროექტები ამ რეჟიმში არ კეთდება. 

მთელი პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო და მისი სტრუქტურები არ არიან დაინტერესებულები თემის ფორსირებით დასაკითხების სწრაფად გადაწყვეტით. რა არის ამის მიზეზი, მოსახლეობა და ჩვენი მოქალაქეები შევიტყობთ, მეც მაინტერესებს, ყველაფერს ფარდა აეხდება“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა