მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ახვლედიანი: ანაკლიაზე იურიდიული დავის დაწყება, პროექტს გაურკვეველი ვადით გააჩერებს

5db94d97a2026
თელარა გელანტია
30.10.19 12:43
896
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის შეფასებით, ანაკლიის პორტი საქართველოს მომავლის პროექტია.

ამის შესახებ ახვლედიანმა პარლამენტში საჯარო ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან დეპუტატების წინაშე პორტის პროექტის პოტენციალზე, არსებულ ვითარებასა და გამოსავლის გზებზე ვრცელი პრეზენტაცია გამართა.

კონსორციუმის გენერალური დირექტორის თქმით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, მთავრობასთან აზრიანი მოლაპარაკებები, ჯერჯერობით, ვერ შედგა.

ამასთან, ლევან ახვლედიანს მიაჩნია, რომ პროექტი საერთაშორისო, იურიდიულ დავაში არ უნდა გადაიზარდოს.

„არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ სამწუხაროდ, აქამდე ვერ მოვახერხეთ მთავრობის აზრიან მოლაპარაკებებში ჩართვა რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ისევ მთავრობასთან ერთად, რადგან სხვანაირად არ გამოვა, დავსხდებით და მოვილაპარაკებთ, რადგან ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პროექტი შედგეს.

არ უნდა დაუშვას არცერთმა მხარემ, რომ ეს პროექტი საერთაშორისო, იურიდიულ დავაში გადაიზარდოს. ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტი გაჩერდება გაურკვეველი ვადით და ქვეყნის საინვესტიციო გარემო უაღრესად დაზიანდება.

ჩვენ - ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ამ პროექტის წარმატებით დასრულებისთვის, რადგან ეს სტრატეგიული და ჩვენი ქვეყნის მომავლის პროექტია“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.