მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ახვლედიანი: პრემიერი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება

5e878c5f0aefd
ანნა ლაპიაშვილი
04.04.20 10:34
1608
"პრემიერ-მინისტრი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება“, - ასე პასუხობს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი გიორგი გახარიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც“.

"არ სჭირდება საქართველოს 2 ღრმაწყლოვანი პორტი. რაც უნდა თქვას პრემიერ-მინისტრმა, ის ეწინააღმდეგება თავის თავს. ფაქტია, რომ საქართველოს 2 ღრმაწყლოვანი პორტი არ სჭირდება და ის მოსაზრება, რომ ჯერ ფოთს ავაშენებთ და შემდეგ ანაკლიას, ეს მცდარი მოსაზრებაა. თუ ფოთს გაფართოების ნებართვა მისცეს, ანაკლიასთან დაკავშირებით რანაირი ტენდერიც არ უნდა ჩაატაროს მთავრობამ, ახალი ინვესტორის მოძიება შეუძლებელი ხდება“, - ამბობს ლევან ახვლედიანი.

კონსორციუმის დირექტორის თქმით, ინიციატივა, რომელიც მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინ „საქმიანი დილის“ ეთერში გააჟღერა, ამ საკითხის გადაწყვეტის გზა შეიძლება იყოს, თუმცა მისივე თქმით, ეს პოლიტიკური განცხადება იყო და რეალობაში მისი განხორციელების გზას ვერ ხედავს. ლევან ახვლედიანის თქმით, ამ დროისთვის რაიმე სახის კონსულტაცია ან კომუნიკაცია არც მთავრობასთან და არც APM Terminals-თან კონსორციუმს არ აქვს.

„დაახლოებით, 2 წლის წინ გვქონდა APM Terminals-თან საუბარი, როცა ჩვენ მათ პარტნიორობა შევთავაზეთ, რაზეც მათგან უარი მივიღეთ და მაშინ გვითხრეს, რომ საერთოდ არ სჯეროდათ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროების. დღეს, რა თქმა უნდა, არანაირი ოფიციალური მოლაპარაკებები ამ საკითხზე არ არსებობს“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ცნობისთვის: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ და პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ BMG-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ ქვეყნისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ APM Terminals- ს, რომელიც ფოთის პორტის მმართველი კომპანიაა, შეუძლია თანამონაწილეობა მიიღოს ანაკლიის უფრო მოცულობითი პროექტის მშენებლობაში და არა - ცალკე განახორციელოს პროექტი, რომელიც ქვეყანას მოკლევადაში მოემსახურება.

"პრემიერიც ამბობს, რომ ფოთი ვერ იქნება ანაკლიის ალტერნატივა და სახელმწიფოებრივად რომ ვიმსჯელოთ, თუ არსებობს ინვესტორი, არ სჯობს ამ ინვესტორს შევთავაზოთ, იქნებ ანაკლიაში განახორციელოს ინვესტირება. ეს იქნებოდა სწორი. იქნებოდა კარგი, თუმცა ეს მხოლოდ თეზისია და ამის უკან არაფერი საქმიანი წინადადება არც მათი მხრიდან და არც APM Terminals-ის მხრიდან არ ყოფილა. ეს იდეის დონეზე, როგორც მე, ისე მამუკა (ხაზარაძე) ვთვლით, რომ იქნებოდა კარგი“, - ამბობს ლევან ახვლედიანი.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გენერალური დირექტორი bm.ge-ისთან საუბარში აღნიშნავს, რომ ფოთის პორტის გაფართოებაზე გაცემული ნებართვა ამავე დროს არ იძლევა იმის გარანტიას, რომ პროექტი ფოთში განხორციელდება. მისი თქმით, თუ კომპანია გაცხადებული გეგმის შესრულებას გადაიფიქრებს, მისი ინფორმაციით, სახელმწიფოს ბერკეტი - რამე ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს, არ ექნება.

"მთავრობას ფოთის პორტის განვითარებაში არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. იურიდიულად ეს არის არასწორად პრივატიზებული ობიექტი და შესაბამისად, სახელმწიფოს რაიმე იურიდიული ბერკეტი, რომ რამე ზეგავლენა მოახდინოს მის მფლობელზე, მის განვითარებაზე არ აქვს. ანაკლია იყო მათ შორის ამ პრობლემის გადამჭრელი ფაქტორი, როცა სახელმწიფოსთან იყო კონტრაქტის 52 წლიან აღნაგობაზე შეთანხმება. ამ ხელშეკრულებით, მთავრობას მთელი რიგი უფლებები ჰქონდა გაწერილი კონტროლის მექანიზმისა, თუ როგორ განვითარდებოდა პორტი. ასეთი სტრატეგიული ობიექტებისათვის ეს ბერკეტი უმნიშვნელოვანესია და ეს მას ფოთთან დაკავშირებით სახელმწიფოს არ გააჩნია. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება დავდგეთ ისეთი რეალობის წინაშე, რომ არც ანაკლია აშენედეს, იმიტომ რომ ასეთ მდგომარეობაშია და ვერანაირი იურიდიული ბერკეტით ვერ აიძულებს კომპანიას მშენებლობა განხორციელოს. მაგალითად, კრიზისის ან შემცირებული ტვირთების გამო რომ თქვას კომპანიამ უარი მშენებლოაბზე, ღრმაწყლოვანი პორტი უბრალოდ არ გვექნება“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

შეგახსენებთ: „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ნავსადგურის გაფართოების ნებართვის პირველი საფეხურის – მიწათსარგებლობის ნებართვა მარტის ბოლოს მიიღო. პირველადი ნებართვა კომპანიას შესაძლებლობას აძლევს დაიწყოს მუშაობა შემდეგ საფეხურზე, რაც პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესწავლა და პროექტის დეტალური დოკუმენტაციის შემუშავებაა.