მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ახვლედიანი: "ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე ინვესტორია დაინტერესებული"

5ee0f3abf02f7
ინგა მურუსიძე
10.06.20 22:20
1927
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ CEO-ს, ლევან ახვლედიანის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით რამდენიმე წამყვანი ინვესტორია დაინტერესებული.

როგორც ახვლედიანმა bm.ge-ს განუცხადა, არიან დაინტერსებული ინვესტორები, რომლებიც ანაკლიის პორტის პროექტს არბიტრაჟსაც ააცილებენ, კონსორციუმის აქციონერების ინტერესებსაც დააკმაყოფილებენ და პროექტიც განხორციელდება.

„ჩვენ მზად ვართ შევიტანოთ დავა არბიტრაჟში, მაგრამ ეს აზარალებს პროექტს, მის იმიჯს და მგონი ზუსტად ეს უნდა მთავრობას, რომ სხვა გზა არ დაგვიტოვოს და დავა წამოვიწყოთ არბიტრაჟში. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ვენებს ვიჭრით და ყველაზე მაგარი ინვესტორები ვართ მსოფლიოში - ამაზე არ არის საუბარი, ლაპარაკია იმაზე, რომ ყველაზე მოკლე გზა ამ პროექტის განსახორციელებლად, მოგწონს თუ არ მოგწონს, გადის ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე. ორი მიზეზის გამო არ დავუწყეთ დავა - ერთი იყო კოვიდის გამო დაწყებული კრიზისი და გვინდა ქვეყანამ პანდემია გადააგოროს, რომ ასეთი კრიზისის დროს ნეგატიური როლი არ ვითამაშოთ, ხოლო მეორე მიზეზი არის, რომ ჩვენდა გასაკვირად ისევ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ხელშეწყობით არის რამდენიმე დაინტერესებული ინვესტორი, რომელიც გველაპარაკება და აინტერესებთ, იქნებ დაგვეხმარონ არბიტრაჟის თავიდან აცილებაში. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ინტერესი გამოხატონ და თუ მთავრობაც გამოხატავს ინტერესს, გამოჩნდება დაინტერესებული, წამყვანი ინვესტორი, რომელიც ჩვენი აქციონერების ინტერესებსაც დააკმაყოფილებს და ხელს შეუწყობს, რომ  პროცესები არბიტრაჟს იყოს არიდებული, და პროექტი წარმატებით განხორციელდეს“, - განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, არბიტრაჟში შეტანას უნდა ორი წუთი, მაგრამ კონსორციუმს არ სურს ქვეყნის ინტერესები დააზარალოს.

„იაპონიის მთავრობამ გამოყო 250 ათას დოლარადე გრანტი, რომელიც აითვისა ორმა უძლიერესმა იაპონურმა კომპანიამ. ჩვენ დაგვჭირდა უზარმაზარი ძალისხმევა, რომ ეს გრანტი მოგვეპოვებინა და ამ ორ იაპონურ კომპანიას შეესწავლა ანაკლიის პორტში პროცესი. დღეს აღარავინ ლაპარაკობს ამ ნამუშევრის გამოყენებაზე და უნდათ, ყველაფერი წყალში ჩაყარონ. დამოკიდებულება არის ცხადი, მაგრამ ისმის კითხვა - რატომ?“, - ამბობს ახვლედიანი.

მან ასევე ისაუბრა სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ახალ დებულებაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ დაამტკიცა.

„ჩვენი გადმოსახედიდან ეს არაფერს ნიშნავს. მთავარია ვისაუბროთ, თუ რა ხდება ამ პროექტის გარშემო. პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა იმ არათანმიმდევრულობას, რასაც მთავრობა აკეთებს, თუნდაც ბოლო განცხადებით, რომელიც ქალბატონმა თურნავამ გააკეთა. სულ საუბარია იმაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანი პროექტია, ხოლო მეორეს მხრივ, ქმედება არის აბსოლუტურად საპირისპირო, ითქვა, რომ ტენდერი უნდა გადაიდოს მომავალი წლისთვის, ეს კი ადასტურებს ამ მთავრობის დამოკიდებულებას პროექტისადმი. ეს პროექტი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან კოვიდის მიერ გამოწვეული კრიზისი შეგვეხება ყველას, მათ შორის საქართველოსაც. დღეს მიმდინარე ინდუსტრიული გადანაწილებაში, რელოკაციაში, რომელიც ხდება მსოფლიოში, საქართველომ უნდა გამოიჩინოს თავი. ერთადერთი ყველაზე სწორი პლატფორმა ამ მულტინაციონალური კომპანიებისთვის არის ანაკლია და თავისუფალი ეკონომიკური ზონა ამ პორტის უკან. ამ პროექტს შეუძლია ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა გრძელვადიან პერსპექტივაში. ხდება ამ პროექტის დეპრიორიტეტიზაცია“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის აშენების მიზნით ახალი ტენდერი, სავარაუდოდ, 2021 წლის გაზაფხულზე გამოცხადდება.