მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ახვლედიანი: თუ მთავრობა შეწყვეტს ხელშეკრულებას, დავიწყებთ იურიდიულ დავას

5da5b6d45e9ca
შოთა ტყეშელაშვილი
15.10.19 16:11
1776
“თუ მთავრობა შეწყვეტს ხელშეკრულებას, მოგვიწევს იურიდიულ დავაში შესვლა,”- განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

კონსორციუმის აღმასრულებელმა და ბორდის წევრებმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებას უპასუხეს. ლევან ახვლედიანის განცხადებით, სახელმწიფო გასული თვეების განმავლობაში პროექტის საბოტაჟირებით იყო დაკავებული.

ლევან ახვლედიანისა და ანაკლიის კონსორციუმის ბორდის წევრების განცხადება:



"მოგიწვიეთ, რათა გაგაცნოთ მიმდინარე სტატუსი ჩვენი პროექტის თუ სად ვდგავართ და რამ განაპირობა ჩვენი დღევანდელი პრესკონფერენცია. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს საქართველოსთვის, რეგიონისთვის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. არაერთი განცხადება გაკეთებულა ჩვენი დასავლელი პარტნიორების, მათი მაღალჩინოსნების მიერ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ჩვენი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე. ამის გათვალისწინებით,  მთავრობას ჩემი აზრით და ჩვენი აზრით, ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის და ყველანაირი მხარდაჭერა უნდა გამოეცხადებინა პროექტისთვის, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო. სამწუხაროდ, რეალობა არის სრულიად საპირისპირო. მთავრობამ, იმის მაგივრად რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა, პრაქტიკულად საბოტაჟირება მოახდინა ამ პროექტის ბოლო რამდენიმე თვისა და კვირის განმავლობაში. 

მე მინდა მოგიყვეთ ორი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ. ბოლო 6 კვირის განმავლობაში, ჩვენ სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად იმ ურთულეს ვითარებაში, რაშიც გვიწევდა მუშაობა და კარგად არის ცნობილი, თუ რამ განაპირობა, ასეთი ვითარება... ჩვენ ამ პირობებში შევძელით და მოვიძიეთ ორი ახალი ინვესტორი, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით. ეს იყო ერთის მხრივ, ყაზახურ ჰონგ-კონგური ჯგუფი და ერთი - ამერკული მსხვილი საინვესტიციო ჯგუფი. პირველ ინვესტორს - ყაზახურ-ჰონგკონგურ ჯგუფს, მთავრობამ გაცნობისას, პირველ შეხვედრაზე პრაქტიკულად პირდაპირ დაუფიქსირა, რომ ისინი არ მიესალმებოდნენ მათ ინვესტიციას, რომ ისინი არ იყვნენ დასავლელი, ამერიკული წარმოშობის ინვესტორები. ამან საკმაოდ დიდი შეშფოთება გამოიწვია ჩვენშიც და ამ ინვესტორშიც. ირონიულია ის, რომ ეს ინვესტორები ითხოვდნენ ღია მხარდაჭერას მთავრობისგან ამ პროექტში, რათა  მიეღოთ მონაწილეობა. ამის მაგივრად ყაზახურ ფონდს ეთქვა, რომ ისინი რადგან არ იყვნენ ამერიკელები, არ მიესალმებოდა მთავრობა მათ მონაწილეობას. 


ჩვენ მოვიყვანეთ ასევე ამერიკული ფონდი, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით. მან მოითხოვა წერილობითი განცხადება მთავრობისგან, რომ ისინი მიესალმებოდნენ მათ მონაწილეობას. ჩვენ ამ წერილის მომზადებას დაგვპირდა მთავრობა, რომ გაუგზავნიდა აღნიშნულ წერილს ამერიკულ ფონდს, მაგრამ ეს წერილი ადრესატთან არ მისულა. ერთის მხრივ, ყაზახურ ინვესტორს ეუბნებიან, რომ თქვენ რადგან ამერიკული წარმოშობის არ ხართ, თქვენ მონაწილეობას ვერ მივესალმებით, მოვიყვანეთ ამერიკული ინვესტორი და კიდევ ერთხელ ვიტყვი,  ის ელემენტარული მინიმუმი, რაც წერილის გაგზავნაში მდგომარეობს, ესეც კი არ გააკეთა მთავრობამ. 

 

საბოტაჟის დამატებითი ფაქტები ძალიან ბევრი იყო და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ამ ფაქტების შესახებ. რაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ დაწყებულ სამართლებრივ დევნას, ასევე ფოთის პორტში გაცემულ მშენებლობის ნებართვას, რაც მაისში გაიცა, რამაც ძალიან დააზიანა ჩვენი ინვესტორების განწყობა და დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა მთავრობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

 

კულუარებში, ფორმალურ თუ არაფორმალურ შეხვედრებში, არაერთხელ ჩვენ სტეიკჰოლდერებთან, დაინტერესებულ პირებთან მთავრობამ დააფიქსირა, რომ თურმე ანაკლია არ არის რენტაბელური და კომერციულად გამართლებული. საჯაროდ იყო განსხვავებული განცხადებები გაკეთებული, თუმცა პირისპირ შეხვედრებში ხდებოდა აბსოლუტურად საწინააღმდეგო. ამ ურთულეს პირობებში, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ და ჩვენმა ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ კიდევ ერთხელ შევძელით, რომ მოგვეძია და მობილიზება გაგვეკეთებინა ინვესტორების, რომლებიც დღესაც კი მზად არიან, რომ ინვესტიცია განახორციელონ ამ პროექტში. მინიმალური რამეა მთავრობის მხრიდან გასაკეთებელი, რაც ამას უზრუნველყიფდა. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ თუ არ წარვადგენთ დოკუმენტებს, მაშინ მთავრობას აქვს უფლება, ხვალ გაწყვიტოს შეთანხმება. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ რომ, 4 წელიწადი გავატარე ამ პროექტის ასე ვთქვათ მართვაში, თუ ეს ასე მოხდება, არცერთი მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორი ამ პროექტს აღარ გაეკარება. ამიტომ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მიღებული იქნება გონივრული ზომები.

ასევე, დღეს კიდევ ერთი რამ ითქვა 12:00-ზე გამართულ ბრიფინგზე, რომ თურმე ჩვენ ვავალდებულებთ მთავრობას კონფიდენციალობის მუხლის დაცვას. კონფიდენციალობით შეზღუდული ვართ ორივე მხარე. ხუთშაბათს რა წერილიც გავაგზავნეთ, ეს წერილი იყო იურისტების მიერ დაწერილი, ჩვენ ამ წერილის შინაარსს ჯერ ვერ გავასაჯაროებთ, ჩვენ არ დავარღვევთ ხელშეკრულების მუხლს და არ ვიქნებით ამ ნაბიჯის გადამდგმელები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ზუსტად არის აღწერილი თუ რა ნაბიჯები და რა ქმედებები არის საჭირო, იმისათვის, რომ პროექტი წინ წავწიოთ. ამიტომ არ ვეთანხმებით ჩვენ ამ განცხადებას,"- განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს კაპიტალის $120 მილიონით შევსებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან $400 მილიონის სესხის გაცემის შესახებ წინასწარი თანხმობის წარსადგენად ვადა დღის ბოლომდე მისცა. აღნიშნული ვადა, სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის დადებულ ხელშეკრულებაშიც არის ასახული. 

კონსორციუმის მიერ შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს მთავრობა 16 ოქტომბრიდან კონსორციუმთან დადებული შეთანხმების შეწყვეტის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.