მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილი GOGC-სთვის 200-მილიონიანი სესხის გამოყოფის გადაწყვეტილებას განმარტავს

638de811bccb2
ინგა მურუსიძე
05.12.22 17:07
604
საქართველოს მთავრობა ნავთობისა და გაზის კორპორაციას ₾200 მილიონის სესხს გამოუყოფს. როგორც bm.ge გასულ კვირას წერდა, სავარაუდოდ, საუბარია მოსახლეობისთვის განკუთვნილ სოციალურ გაზზე, რომელსაც მთავრობის გადაწყვეტილებით ნავთობისა და გაზის კორპორაცია 2013 წლიდან საკუთარი ხარჯით ასუბსიდირებს. bm.ge-მ დღეს ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს ჰკითხა.

„ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით გვიწევს მოსახლეობის მხარდაჭერა და სუბსიდირება. ამ შემთხვევაში ეს არის არაპირდაპირ გაცხადებული, არამედ ეს არის სხვადასხვა სახელმწიფო საწარმოების მხარდაჭერის გზით. ეს სხვადასხვა სფეროს ეხება. ჩვენ რომ მართლაც პოპულისტი მთავრობა ვიყოთ, ამაზე მეტი აქცენტები გვექნებოდა და ამას სხვანაირი ფორმით წარმოვაჩენდით ხოლმე. პირიქით, თქვენ[მედია] მიგვითითებთ ხშირ შემთხვევაში, რომ აქ არის ფარული თუ კვაზი სუბსიდირება, მხარდაჭერა მოსახლეობის და გვესმის, რომ მოსახლეობას იმ მდგომარეობაში, როცა ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს, სჭირდება მხარდაჭერა. მთავრობა კი ამას აკეთებს. ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ კორპორაციას დავეხმაროთ, თუმცა ეს იქნება სესხი და კორპორაცია მას გაისტუმრებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება ზოგადად, ნავთობის და გაზის კორპორაციას, როგორც სახელმწიფო საწარმოს, დავითაშვილის თქმით, გრძელვადიანად მთავრობას წარმოუდგენია, რომ სახელმწიფო საწარმოები იქნებიან ჯანსაღ ფინანსურ მდგომარეობაში და ექნებათ კარგი მმართველობა.

„სავალუტო ფონდთან ჩვენი რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფორმად სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებაა გაწერილი, სტრატეგიის დრაფტი უკვე არსებობს, მთავრობა ამას დაამტკიცებს და მომავალ წელს გვექნება ახალი კანონი სახელმწიფო საწარმოების შესახებ, რომელშიც ეს სტრატეგიული მიმართულებები და პრიორიტეტები სრულად იქნება ასახული, რაც გულისხმობს მმართველობის გაუმჯობესებას, კორპორატიზაციას, ფინანსურ სიმყარეს და საბოლოოდ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის“, - განაცხადა დავითაშვილმა.