მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნება

5e819470ca9c0
თელარა გელანტია
30.03.20 10:37
979
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი პურის მწარმოებელი მსხვილი კომპანიების - შპს ,,პურის“ (იფქლი დიღომი) და „იფქლის“ საწარმოო სიმძლავრეებს და არსებული მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ.

„დღევანდელ რთულ ვითარებაში, მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პურის ინდუსტრიის შეუფერხებელი ფუნქციონირება და პურზე ფასის შენარჩუნებაა. ამ კუთხით ჩვენ უწყვეტ მონიტორინგს ვახორციელებთ. ასევე, აქტიური შეხვედრები გვაქვს მწარმოებლებთან, ფქვილისა და სხვა ინგრედიენტების იმპორტიორებთან, რათა წარმოებას პრობლემები არ შეექმნას. დღეისათვის მარაგები საკმარისზე მეტია, წარმოების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პროდუქციის მიწოდების უწყვეტად განხორციელებისთვის, პურის მწარმოებელი საწარმოები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

შპს „პური“, დღიურად, 14 სახეობის 120 000 ცალ პურს აწარმოებს. საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა, დაახლოებით, 300 ადამიანის შეადგენს.

კომპანია „იფქლი" 37 სახეობის პურის წარმოებას ახორციელებს. ქარხნის წარმადობა დღეში 180 000 ცალი პურია. კომპანიაში, დაახლოებით, 450 ადამიანია დასაქმებული.

„საწარმოები აღჭურვილია ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით. მაქსიმალურად არის დაცული დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, თანამშრომელთა ტრანსპორტირებას კომპანიები თავად უზრუნველყოფენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ: საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახორციელებს.