მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილი: რთული კლიმატური პირობების გამო, ყურძნის გადამუშავებაში ჩამორჩენაა

5d8344291f58f
ელენე გოგბერაშვილი
19.09.19 13:09
1083
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიას რთველის მიმდინარეობის შედეგები გააცნო. მინისტრი ამბობს, რომ ამ დროისთვის დაახლოებით 80 000 ტონა ყურძენია გადამუშავებული, თუმცა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება გასული წლის მონაცემებს. მიზეზად დავითაშვილი რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ყურძნის ხარისხის პრობლემას ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მათი პროგნოზით, წელს გადამუშავებული ყურძნის მოცულობა გასული წლის მონაცემებს დაუახლოვდება.

"ჩვენ მივეცით სახელმწიფო კომპანია "აკურას" პირდაპირი შესყიდვების განხორციელების უფლება. ის ჩაიბარებს ხშირ შემთხვევაში დაზიანებულ ყურძენს, ისეთ პროდუქტს, რომელიც კერძო სექტორისთვის ამ ეტაპზე არ იყოს საინტერესო. ჩაბარების პრობლემა ჩვენს ფერმერებს არ ექნებათ. შესაბამისად, ვნებათაღელვა, რომელიც რთველის მიმდინარეობის პირველ დღეებში იყო, გადაივლის.

დღეს უკვე ინტენსიურ ფაზაშია რთველი. ამ მომენტში გადამუშავებულია 80 000 ტონა ყურძენზე მეტი. აქედან ძირითადი ნაწილი დაახლოებით 50 ათას ტონამდე გადამუშავებულია რქაწითელი, 20 ათას ტონაზე მეტი გადამუშავებულია საფერავი, დანარჩენი – სხვა ჯიშები", - აცხადებს დავითაშვილი.

რაც შეეხება ფასებს, ყურძნის ღირებულება ჯიშების მიხედვით, 70 თეთრიდან 2,50 ლარამდე მერყეობს.

"ინდუსტრიულ რქაწითელზე მაღალი ხარისხის რქაწითელი არის 70 თეთრი. აქაც იყო სპეკულაციები, რომ ფასი იქნებოდა ისე მცირე, რომ მევენახეებს არ ექნებოდათ ყურძნის დაბინავების საშუალება ისე, რომ ისინი წავიდოდნენ მხოლოდ ზარალში და ვერ დაფარავდნენ მათ ხარჯებს. ეს ასე არ არის. მინიმალური ფასი არის 70 თეთრი.

მიკროზონების მიხედვით, თეთრ ყურძენზე ფასი არის 80 თეთრიდან 1 ლარამდე. ეს ეხება ძირითადად კახურ მწვანეს, უფრო მეტია ქისის შემთხვევაში. საფერავზე ფასი არის 1,50 თეთრიდან ზემოთ. სტანდარტული საფერავის ფასი არის 1,50 თეთრი, მუკუზნის მიკროზონაში 1,50-2 ლარამდ, ხოლო 2-2,50 ლარამდე არის ქინძმარაულის მიკროზონაში", - აცხადებს მინისტრი.

დავითაშვილის თქმით, გასულ წელს დაახლოებით 250 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. მათი გათვლებით, წლევანდელი მაჩვენებელი სავარაუდოდ, გასული წლის ნიშნულს დაუახლოვდება.

"სამწუხაროდ, რთულმა კლიმატურმა პირობებმა, რომელიც ითვალისწინებდა ზაფხულის პერიოდში გვალვებს და რთველის დროს წვიმებს, გამოიწვია დიდი წნეხი, პრობლემები ხარისხთან დაკავშირებით.

ამან გარკვეული ჩამორჩენა გასულ წელთან შეადრებით მოგვიტანა გადამუშავების კუთხით. შარშან ამ დროს 110 ათასი ტონა იყო გადამუშავებული, რაც დაახლოებით 30 ათასი ტონით მეტია, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შემდეგი კვირის განმავლობაში პროგნოზის მიხედვით, გვაქვს კარგი ამინდები და შემდეგი ორი კვირის განმავლობაში გასული წლის მაჩვენებელს დავეწევით. პროგნოზი არის შარშანდელისმაგვარი. შარშან დაახლოებით 250 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, წელსაც მოვახერხებთ ყურძნის წარმატებით დაბინავებას", - განაცხადა მინისტრმა.