23.აგვისტო .2019 12:00

ლევან დავითაშვილი: ყველაფერი კეთდება, რომ არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს

views 153
უკან

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2019 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა.

"წლიდან წლამდე, რთველის მასშტაბი იზრდება. შარშან რეკორდული მოსავალი გვქონდა და წელს, კიდევ უფრო მეტს ველოდებით. პარალელურად, გაზრდილია როგორც გამოწვევები საორგანიზაციო კუთხით, ასევე სამინისტროს გამოცდილება და შესაძლებლობებიც.

გასულ წელს, რთველის პროცესში ჩართული იყო 200-ზე მეტი კომპანია, რომელიც ორგანიზებულად იბარებდა ყურძენს. ჩვენ ველოდებით, რომ მიმდინარე წელს კიდევ უფრო მეტი ოპერატორი, კომპანია ჩაერთვება რთველში. ეს ნიშნავს, რომ ღვინის ინდუსტრია ერთიანად ვითარდება, ასევე იზრდება ღვინის ექსპორტიც. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა, 2019 წლის რთველმა წარმატებით ჩაიაროს და ისევე როგორ როგოც წინა წლებში, არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ყურძნის კრეფა, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება. კახეთის დანარჩენი მუნიციპალიტეტები რთველის პროცესში ეტაპობრივად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე ჩაერთვებიან.

ღვინის მწარმოებელ კომპანიებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ როგორც საკოორდინაციო შტაბში, ისე ონლაინ-რეჟიმში.

ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პროცესში ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფისა და მოსავლის აღრიცხვიანობის კუთხითაა ჩართული. საკოორდინაციო შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა