27.სექტემბერი .2019 11:21

ლევან კარანაძე ICAO-ს მეორმოცე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

views 167
უკან

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგით მეორმოცე, საიუბილეო ასამბლეის პირველი პლენარული სესიის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ოთხი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატები (ქუვეითი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საქართველო და კორეის რესპუბლიკა) ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა წარადგინა. ასამბლეამ წარმოდგენილ კანდიდატებს ერთხმად დაუჭირა მხარი.

ICAO-ს ასამბლეა წარმოადგენს ორგანიზაციის სუვერენულ ორგანოს, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ საბჭოს ინიციატივით იკრიბება და სამოქალაქო ავიაციის სფეროში, მომავალი სამი წლის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.

ასამბლეაზე წარმოდგენილია ICAO-ს 193 წევრი სახელმწიფო, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციები და ინდუსტრიის მსხვილი წარმომადგენლები. მიმდინარე საიუბილეო ასამბლეის ფარგლებში, გაიმართება ICAO-ს საბჭოს ახალი წევრების არჩევნები, ასევე დელეგატები განიხილავენ ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის ტექნიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებს.

საქართველოს წარმომადგენელი ICAO-ს ასამბლეის ფარგლებში პირველად იქნა არჩეული. ლევან კარანაძის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე არჩევას, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატების გადმოცემა უძღოდა წინ.

„ICAO-ს ასამბლეა ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის. ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიღწეული მაღალი შედეგებისთვის გადმოგვეცა ორი სერტიფიკატი, ასევე საქართველოს კანდიდატურა მხარდაჭერილი იქნა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. აღნიშნული წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციის სფეროში ჩვენი მიღწევების და დასახული კურსის აღიარებას საერთაშორისო დონეზე", - განაცხადა ლევან კარანაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა